logo_geo
eng_logo
პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა
- +

28 დეკემბერი. 2020. 10:02

 

 

საქართველოს პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვ.ზ. -ს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით  წარუდგინა.

 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში,   შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ვ.ზ.-ს და ზ.ს.-ს  ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რა დროსაც  ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზ.ს.-ს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  ასევე ვ.ზ.-ს მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზ.ს.-ს გვერდით მჯდომ ლ.ბ.-ს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა. 

 

ვ.ზ. 26 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ, ბრალდებული ვ.ზ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner