ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილის გარდაცვალება „ნაციონალური მოძრაობის" სინდისზეა.
„ჩემი აზრით, სააკაშვილის რეჟიმს არანაირი ადეკვატური პასუხი არ მიუღია. ვწუხვარ სულხან მოლაშვილის გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, თუმცა სულხან მოლაშვილისთვის სიცოცხლე დასრულდა მაშინ, როდესაც ციხეში მოხვდა. პერიოდი მისი დაკავებიდან გარდაცვალებამდე იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. მომეცა საშუალება, მელაპარაკა იმ პატიმრებთან, რომლებიც ციხეში მასთან ერთად იყვნენ. მათგან ვიცი, როგორ შესვეს მოლაშვილი წამალზე, როგორ აწამებდნენ... პატიმრები მიყვებოდნენ, ჩვენთან სიგარეტი დაჭრილი შემოდიოდა, რომ არაფერი შემოეპარებინათ, მასთან კამერაში კი წამალი განუსაზღვრელი რაოდენობით შედიოდაო. თავიდან გვეგონა, ამას იმიტომ უკეთებდნენ, რომ მისი გატეხა უნდოდათ, მერე მივხვდით, რომ მიზანმიმართულად სიკვდილისკენ მიჰყავდათო... გაანადგურეს, მოსპეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პირადი ჯიბრი ჰქონდათ. სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა. ის პირადად ასახელებდა სამ პირს, ვინც მის წამებას ორგანიზატორობდნენ და ესწრებოდნენ კიდეც, მათ შორის ბოკერიასაც. აგო ვინმემ პასუხი?! ახლა მერაბიშვილი ლამის პოლიტიკურ პატიმრად გამოიყვანონ. პოლიტიკური კონიუნქტურა გასაგებია, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც მორალური კრიტერიუმი?!
სულხან მოლაშვილის გარდაცვალება „ნაციონალური მოძრაობის" სინდისზეა. ისე მოკვდა, სამართალი ვერ იპოვა", - აცხადებს მამუკა არეშიძე.