შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კითხვაზე, ხომ არ აღმოჩნდა სახელმწიფო უწყებები დაუცველი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებისას, განაცხადა, რომ კიბერდანაშაული ისეთი დანაშაულია, რომელიც ყოველ დღე ფერს იცვლის.
„ჩემი აზრით, ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც ყოველდღე ფერს იცვლის და ჩვენ აუცილებლად ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ, უნდა ვფლობდეთ ინფორმაციასაც და ტექნოლოგიებსაც იმისთვის, რომ აღვკვეთოთ მსგავსი დანაშაული", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, წელიწადში ერთხელ კიბერუსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართოს. მისი თქმით, აღნიშნულ კვირეულს უწყებებისა და კერძო სექტორების წარმომადგენლები დაესწრებიან. მღებრიშვილის თქმით, ეს იქნება კარგი საშუალება ინფორმაციის გაცვლისთვის და მსჯელობისთვის, იმ ძირითად პრიორიტეტებზე რაც ამ გამოწვევის გასამკლავებლად არის აუცილებელი.
„კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა და გამონაკლისი არც საქართველოა. ყოველდღიურად საქართველოში ეს პრობლემა უფრო მეტი სიცხადით დგება ჩვენს წინაშე და ამ გამოვევის წინაშე ვდგებით", - განაცხადა გიორგი მღებერიშვილმა.