logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: ბრალს ვდებ! კაცი მოკლეს და მკვლელები არჩევნებისთვის ემზადებიან!
- +

5 ივლისი. 2016. 13:36


2016 წლის 29 ივნისს პარიზში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, 46 წლის სულხან მოლაშვილი... ამ თორმეტი წლის წინათ, კერძოდ, 2004 წლის 24 აპრილს, როცა სააკაშვილის სადომაზოხისტურმა რეჟიმმა მოლაშვილი დააპატიმრა, სულხანი 34 წლის საღსალამათი, ვეფხვივით ვაჟკაცი იყო; ნაცისტურმა სექტამ მას C ჰეპატიტიც დამართა, დენიც მიუერთა, ზურგიც ამოშანთა და შვილებიც არ ანახვა!


სტატისტიკოსებმა გამოთვალეს - სულხან მოლაშვილს ციხეში 1365 დღე სასტიკად აწამებდნენ!

 

სულხანი ციხეში მოკლეს, ხოლო ცხონებულ ირინა ენუქიძეს - სანდრო გირგვლიანის დედას - გარეთ მოუთავეს ხელი. ერთხელ, პლეხანოვზე, სადაც, თურმე, ნაცები დღემდე „ტუსოვკებს" აწყობენ, ფინჯანი ყავა დაულევია სულგანათლებულს და მას შემდეგ უკან და უკან წასულა მისი ჯანმრთელობა...


- რაც იქ ყავა დავლიე და ნამცხვარი შევჭამე, იმის შემდეგ ძალა მეცლებაო! - უთქვამს ერთი თვის თავზე ირინა დეიდას, რომელიც ოთარაანთ ქვრივივით დააკვდა ერთადერთი შვილის ნაადრევად შეწყვეტილ სიცოცხლეს!


სულხან მოლაშვილს გულ-ღვიძლსაც უწამლავდნენ და სხეულსაც უშანთავდნენ... როგორც თვითონაც არაერთგზის უთქვამს, ციხეში მის წამებაში პირადად მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია და ზურაბ ადეიშვილი.


„დათა თუთაშხიას" ცნობილ პერსონაჟს ასტიონას შეეშალა და დათას მაგივრად ყაჩაღები მოწამლა თიყვა ძაძუას დუქანში! სააკაშვილის ასტიონებს - ბოკერიას, ადეიშვილს, ბაჩო ახალაიასა და სხვებს არაფერი შეშლიათ და ყაენის დავალება პირნათლად შეასრულეს - სულხან მოლაშვილს ციხეშივე გამოუყვანეს წირვა!

 

უდიადეს სულძაღლსა და აფერისტს - ედუარდ შევარდნაძეს, ცხადია, შეეძლო, ისევე წარმატებით დაეცვა და შეენარჩუნებინა სულხანის სიცოცხლე, როგორც თავისი მილიარდები და აურაცხელი ქონება დაიცვა, მაგრამ ვის ანაღვლებდა სხვისი ბედი? სააკაშვილსაც ეს უნდოდა და მოლაშვილს ჯერ სახლში მიუვარდა დორბლმორეული ქოფაკივით, აქაოდა, ამ შენობაში ორმოცდაათი ოჯახი უნდა შევასახლოო, ხოლო შემდეგ დედალ-მამალი ასტიონები მიუქსია ციხეში გამომწყვდეულ პატიმარს და მოხდა ის, რის გამოც ათწლიანი სამარცხვინო და მტანჯველი ლოდინის შემდეგ, 2014 წლის 30 სექტემბერს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, როგორც იქნა, წამების მსხვერპლად აღიარა და ბეჭედი დასვა - 1365-დღიანი ჯოჯოხეთი, რომელიც სულხან მოლაშვილმა ციხეში გამოიარა, „პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დადგმული და პოლიტიკურად მოტივირებული შურისძიება" იყოო!

 

ევროსასამართლოს ვერდიქტით, სააკაშვილის კვაზიფაშისტურმა ხროვამ სულხან მოლაშვილი აწამა, პოლიტიკურად შეავიწროვა, სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია!


ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, სააკაშვილის კულტურის მინისტრს, ძველ მხედრიონელსა და ექვსი ძმა თორაძეების ამოხოცვაში მხილებულ ნიკა რურუას ეყო სინდი-ნამუსი, სოციალურ ქსელში დაეწერა - სულხან მოლაშვილი პოლიტიკოსი არ ყოფილა და ამდენად, პოლიტიკური პატიმარი ვერ იქნებოდა... არც იმის მჯერა, რომ აწამეს, ასეთი რამ არ მსმენიაო!

 

ეჰ, ბატონო ნიკა, ლაჟვარდისფერ სიცოცხლესთან ერთად ყველას გვიღიმის სიკვდილი, რომლის გზაც ერთმა გენიოსმა „ვარდისფერ გზას" შეადარა.


სულხან მოლაშვილისთვის „ვარდისფერ", ანუ სიკვდილის გზად თქვენს მიერ მოწყობილი თუ ჩაწყობილი „ვარდების რევოლუცია" იქცა! ვერ მოინელა სააკაშვილმა ის ამბავი, რომ მოლაშვილის კონტროლის პალატამ სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და იუსტიციის მინისტრობის დროს საკრებულოშიც და იუსტიციის სამინისტროშიც უამრავი დარღვევა და ფინანსური გარღვევა აღმოაჩინა.


სააკაშვილმა თავისი სკოლის ამხანაგები არ დაინდო, ვინც ბავშვობაში უკანალში ჭიტლაყი ამოსცხო და თავში წაუთაქა, ათასგვარი შეთითხნილი ბრალდებით ყველას ციხეში სული ამოხადა და სულხან მოლაშვილს ამას აპატიებდა?!

 

1898 წლის 13 იანვარს ცნობილ ფრანგულ გაზეთ „ორორში" გამოქვეყნდა დიდი ფრანგი მწერლის ემილ ზოლას გახმაურებული წერილი „ბრალს ვდებ!", რომელმაც არამარტო საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.


ლიტერატურის მეისტორიეებმა და კრიტიკოსებმა კარგად უწყიან ამ წერილის შესახებ და ამიტომაც მის პრეისტორიაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ... მხოლოდ მოკლედ ვიტყვი - ამ წერილით ემილ ზოლამ დაიცვა საფრანგეთის გენშტაბის არტილერიის კაპიტანი, ებრაული წარმოშობის ალფრედ დრეიფუსი, რომელსაც აბსოლუტურად უსამართლოდ გერმანიის სასარგებლოდ შპიონაჟში დასდეს ბრალი და საფრანგეთის გვიანაში „ეშმაკის კუნძულზე" სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

 

უფალმა მომიტევოს მკრეხელობისთვის, მაგრამ ემილ ფრანსუა ზოლას მსგავსად გავბედავ და მეც ვიტყვი - „ბრალს ვდებ!"

 

ბრალს ვდებ ნაძირალა კოტე კუბლაშვილს იმის გამო, რომ მან, როგორც „პალაჩმა" მოსამართლემ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავიდანვე დამნაშავედ შერაცხა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე!


ბრალს ვდებ ნაცისტურ ხროვას, რომელმაც სულხან მოლაშვილის ტანჯვა-წამებას კვერი დაუკრა და სააკაშვილს ნებისმიერი სიბილწე „გაუპრავა"!


ბრალს ვდებ მიხეილ სააკაშვილს, რადგან სულხან მოლაშვილი იყო პირადად მისი პატიმარი და როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაამოწმა, რაც ციხეში სულხანს დააწიეს, ეს იყო „სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული შურისძიება!"


ბრალს ვდებ გიგა ბოკერიასა და ზურაბ ადეიშვილს, რადგან, როგორც ცხონებული სულხანი ირწმუნებოდა, პირადად მათ აწამეს მოლაშვილი!


ბრალს ვდებ კოჰაბიტაციის ავტორებს, რადგან მათ „ქართული ოცნება" სულხან მოლაშვილის მკვლელებსა და მწამებლებზე დააქორწინეს!


ბრალს ვდებ დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც ერთხელაც არ დაუკითხავს სულხან მოლაშვილის წამებაში მხილებული გიგა ბოკერია და ზურაბ ადეიშვილი!


ბრალს ვდებ ქართველ საზოგადოებას, რადგან თავისი პასიურობით, მედღეხვალიობით, „მიშა-მიშას!" ძახილითა და ცრუქაქუნობით მან სააკაშვილის კვაზიფაშისტურ რეჟიმს სულხან მოლაშვილი სიცოცხლეშივე მოაკვლევინა დამნაშავეებს და ავისმქნელებს სამშობლო 9 წელი აქელინა!


საფრანგეთში, კლინიკა „ლა შარიტეში" მკურნალობდა, თურმე, ცხონებული სულხან მოლაშვილი... მითხრეს, ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა ფინანსურად, თორემ იმ კლინიკაში ჩვეულებრივი მოკვდავი შესვლასაც ვერ გაბედავს, ძალიან ძვირი ღირს წამლობაო...

 

ასეთია ჩვენი ბედი და მწარე ალიყური საქართველოს ცხოვრებისა - კაცი მოკლეს და მკვლელები არჩევნებისთვის ემზადებიან!

 

იმედია, ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის მიერ ნაწამები ხალხის გადასარჩენად მილიონების გადახდა აღარ მოუწევს, რადგან საქართველოს, ერთხელ და სამუდამოდ, თავად მწამებლებისგან გაათავისუფლებს!


თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ მოხდება ის, რაზეც ძველი ბერძენი სწავლული პითაგორა მიანიშნებდა კაცობრიობას ჯერ კიდევ 2500 წლის წინათ - „ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც იარაღის გამოყენება შეუძლია!"


დიტო ჩუბინიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner