„კაპიტალური ხარჯები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მაღალი ხარჯების შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოივანია ამ მიმართულებით გაგრძელდეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მიმართვა.
„ჩვენ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ და ისეთი პროექტები, როგორებიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება, ნიშნავს ეკონომიკური ზრდის მძლავრ სივრცესა და პლატფორმას ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეპოქალური მნიშვნელობის პროექტებთან ერთად, გასულ წლებში ჩვენ დავაფინანსეთ შიდა გზების მშენებლობის პროექტები, მნიშვნელოვანი თანხები მიიმართა წლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისად, ამ კუთხით ხარჯებს ვერ შევზღუდავთ“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მიმდინარე ხარჯებში თანხების შემცირების რესურსებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ვერთ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მიმდინარე ხარჯების მქონე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა, მისი თქმით, ამ კუთხით შესაძლებელია ეფექტურობის გაზრდა.
„მაგალითად, ოპონენტები გვეუბნებიან - „თქვენ თბილად ხართ ჩინოვნიკები, კარგი ხელფასები გაქვთ.“ არადა საჯარო სექტორში დაბალი ხელფასებია და ვერ პასუხობს 21-ე საუკუნის სტანდარტებს და ეფექტური ბიუროკრატიის გამოწვევებს. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ, საინტერესო, მაღალკვალიფიციურ კადრებს საჯარო სექტორში, თუ არ იქნება შესაბამისი ანაზღაურება. არ ვამბობ, რომ არ შეიძლება თანხების დაზოგვა, მაგრამ ეს დანაზოგი ისევ საჯარო სექტორის განვითარებას უნდა მოხმარდეს. გამომდინარე აქედან, ეს ვერ გახდება ჩვენი ფისკალური კონსოლიდაციის წყარო თუმცა, გიდასტურებთ, რომ აუცილებლად გასაკეთებელია. შესაბამისად, დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად აუცილებელია თამამი ნაბიჯები, რაზეც ვისაუბრე და ესაა ფისკალური რისკების სწორად მართვა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და საგადასახადო შემოსავლების ზრდა, სადაც ახალი ტექნოლოგიებსა და და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.