პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ახალი ინიციატივა - დეპუტატი მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის ინიციატივით გამოდის. განცხადებას, რომელსაც დიმიტრი ხუნდაძე აკეთებს გთავაზობთ:
"მსურს დედის დღე მივულოცო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა დედას. დღეს, ისე როგორც არასდროს, განსაკუთრებით გვჭირდება მათი სიმრავლე. გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მრავალშვილიანი ოჯახი. სამწუხაროდ, ქვეყანაში, სადაც დემოგრაფიული პრობლემები მძვინვარებს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განსაზღვრული არ არის. წინა ხელისუფლების პერიოდში მრვალშვილიანად 7-შვილიანი ოჯახი ითვლებოდა და მალე ესეც გააუქმეს. დღეს არ არსებობს ერთი სტანდარტი, მაგალითად, სხვადასხვა სამინისტროს 3-შვილიანი ოჯახები ჰყავთ მიჩნეული მრავალშვილიან ოჯახებად და შესაბამისი პროგრამებიც მათთვის მოქმედებს, მაგრამ თვითმმართველობები გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ და მრავალშვილიანებად 3, 4, 5 ან მეტშვილიან ოჯახებს მიიჩნევენ. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი სტანდარტი, თუ რამდენშვილიანი ოჯახი ითვლება მრავალშვილიანად.
რამდენიმე თვეა ჩემი კომიტეტი მუშაობს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე, გვაფერხებს მხოლოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები, რითაც გვეცოდინება დღევანდელი მონაცემები, თუ რამდენი გვყავს 3,4 და მეტშვილიანი ოჯახები. ამის მიხედვით და სახელმწიფოს ბიუჯეტის გათვალისწინებით, როდესაც მოხდება სრულყოფილი დათვლები, გადაწყდება, თუ რამდენშვილიანი ოჯახი შეიძლება ჩაითვალოს მრავალშვილიან ოჯახად. ამის შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა - 3 თუ 4 შვილიანი ოჯახი? ესეც მხოლოდ მიღებული ინფორმაციის და დათვლების შედეგად დადგინდება. ფაქტია, მრავალშვილიანი ოჯახების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს.
ქვეყანაში, სადაც მძიმე დემოგრაფიული პრობლემებია, მრავალშვილიანი ოჯახისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებული უნდა იყოს. სტატუსის განსაზღვრის შემდეგ ერთად მოვუყრით თავს ყველა იმ ინიციატივას, რაც ამჟამად ხორციელდება სხვადასხვა სფეროში და შევიმუშავებთ დამატებით ინიციატივებს, რომელიც ეტაპობრივად იქნება გაწერილი. უკვე გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა სავარაუდოდ, ზაფხულამდე დასრულდება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა დედას და განსაკუთრებით, მრავალშვილიან დედებს დედის დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და შვილების ბედნიერ მომავალს. სახელმწიფო მათზე ზრუნვას მთავარ პრიორიტეტად აცხადებს", - ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.