„2021 წელს ჩვენ გვექნება სრულად განახლებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ ჩვენ დამატებით შევისყიდეთ თანამედროვე შეიარაღების სისტემები ამერიკიდან. ავითვისეთ 30 მილიონ დოლარიანი გრანტი, რომელიც მანამდე 2007 წლიდან მოყოლებული ინახებოდა და როგორც მე ვამბობ გეგმებში, ჩემს ანგარიშშიც ეს ვთქვი, განსაკუთრებული აქცენტი მექნება გადატანილი საბრძოლო მზადყოფნაზე და შეიარაღებაზე. ვგეგმავთ თანამედროვე სისტემების შესყიდვას, როგორიც არის, მაგალითად, გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე ათობით დრონის შეძენას ვგეგმავთ, როგორც ოპერატიული, ასევე ტაქტიკური ანუ საბრძოლო. მთელი ჯარი დაკომპლექტდება უახლესი ამერიკული შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით“, - განაცხადა მინისტრმა.