ზუსტად 29 წლის წინათ, 21 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე თბილისში ტყვია გავარდა – ძმამ ძმა მოკლა, ქართველმა – ქართველი, ყველამ ერთად კი – საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი! საქართველოს ისტორიის ამ ბნელ ნაწილს თავისი გმირები ჰყავს, აქვს დასაწყისი და დასასრული, რაზეც დღემდე დაისმის კითხვები...
და მაინც, რა მოხდა 1991 წლის დეკემბერში? რა როლი მიუძღვის საქართველოს მესამე პრეზიდენტს კანონიერად არჩეული პირველი პრეზიდენტის დამხობაში? 29 წლის შემდეგ პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც თანამედროვე ისტორიის შეფასებაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის.
– ბატონო ირაკლი, პირდაპირ გეტყვით, თქვენგან, როგორც ყოფილი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლისა და მიუკერძოებელი პიროვნებისგან, 29 წლის წინათ საქართველოში დატრიალებული მოვლენების პირუთვნელ შეფასებას ველი. რა მოხდა 1991 წლის დეკემბერში? რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ძმათამკვლელი ომის შესახებ?
– სახელმწიფო გადატრიალების დროს საქართველოში არ ვიყავი. 1990 წლის დეკემბრიდან ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ვიმყოფებოდი. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება მთლიანად კრემლის მიერ იყო მომზადებული და ამ დიდი სახელმწიფო დანაშაულის შესახებ ბევრმა არც კი იცოდა, თვით გადატრიალების მონაწილეების უმრავლესობამაც კი.
სახელმწიფო გადატრიალება ჯერ კიდევ 1990 წლის ზაფხულიდან, ე.წ. ეროვნული კონგრესის შექმნიდან დაიწყო, 1991 წელს კი პარალელური ხელისუფლების შექმნის მცდელობა სისხლისღვრით დამთავრდა!
– რა მოხდა უფრო ზუსტად, რატომ გახდა პარალელური არჩევნების ჩატარება აუცილებელი?
– 1990 წლის აპრილში ეროვნული ფორუმი კრემლის აგენტებისა და სხვადასხვა ამბიციური პოლიტიკანების მეშვეობით ხელოვნურად დაიშალა. რა თქმა უნდა, მათ შორის ყველა კაგებეს აგენტი ან თანამშრომელი არ იყო. ზოგს გულწრფელად სჯეროდა, რომ ე.წ. ეროვნული კონგრესი შეძლებდა, ქართველი ერის უმრავლესობის ინტერესების გამოხატვას, მაშინ ჩვენ, საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, ეროვნული ფორუმის იმ 7 პარტიაში შევდიოდით, რომელმაც 1990 წლის მარტში ეროვნული ყრილობა მოამზადა. ამის შემდეგ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრეთ და სწორედ ამ დროს მოხდა ეს საბედისწერო მოვლენებიც.
ზვიად გამსახურდიამ მალევე ჩამოყალიბა „მრგვალი მაგიდა“, რომელიც ღია ტიპის კოალიცია გახლდათ და პირდაპირ განაცხადა, რომ 1990 წლის ოქტომბრისთვის დანიშნულ უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. გაჩნდა შანსი, რომ ეროვნულ ძალებს არჩევნების გზით გაემარჯვათ, რაც საბოლოოდ გამართლდა კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, ეროვნული ფორუმის მეორე ნაწილმა, სადაც არაერთი ჩვენი თანამებრძოლი იყო, უარი თქვა ამ არჩევნებში მონაწილეობაზე – სრული ბოიკოტი გამოაცხადა. სანაცვლოდ ეგრეთ წოდებული „ეროვნული კონგრესის“ არჩევნები ჩაიფიქრეს, რომელშიც, მათი აზრით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მიეღო მონაწილეობა.
– რამდენად შესაძლებელი იყო ამ გადაწყვეტილების თავიდან აცილება?
– მაშინვე აშკარა იყო, რომ ეს იდეა ცუდის მეტს არაფერს მოიტანდა. 1990 წლის ივნისის დასაწყისში გამოვაქვეყნე კიდეც წერილი, სადაც დაბეჯითებით ვამბობდი, რომ არაფრით არ შეიძლებოდა ორი პარალელური პარლამენტის არჩევა, ეს საბოლოო ჯამში სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანდა. ე.წ. კონგრესის არჩევნები რომ არ ჩატარებულიყო დამის მერე ამ არალეგიტიმური სათათბირო ორგანოს მიერ ორგანიზებული ექსტრემალური აქციები არ გამართულიყო, 1990-91 წლებში პუტჩი ასე ადვილად ვერ მოხდებოდა. ე.წ. კონგრესმა შექმნა იმის ილუზია, თითქოს, ქართულ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში ორი ფრთა იყო.
1990 წლის ზაფხულში ბატონ აკაკი ბაქრაძესთან, ბატონ ზურაბ ჟვანიასთან და ბატონ ნოდარ ნათაძესთან ერთად ვცადეთ ეროვნული ფორუმის ორი დაპირისპირებული მხარის მორიგება ერთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე, ამის მოწმეები დღესაც არიან. საუბედუროდ, ეს ვერ მოხერხდა, რაც, პირველ რიგში, სწორედ ეგრეთ წოდებული „ეროვნული კონგრესის“ შეურიგებელი ნაწილის დამსახურება იყო. იმ ბანაკშიც გახლდათ ბევრი ადამიანი, რომელსაც არ სურდა ძალადობა და გულწრფელად ფიქრობდა, რომ პარალელური არჩევნები ცუდს არაფერს მოიტანდა, მაგრამ ასევე იყვნენ კრემლის რეზიდენტები, რომლებსაც დავალება ჰქონდათ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში არეულობა შემოეტანათ. ზოგიერთმა რეზიდენტმა მოგვიანებით პირდაპირ დაიწყო კრემლის უშიშროებასთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით იგორ გიორგაძესთან და ბევრ სხვასთანაც. ეს პიროვნებები ახლა სააკაშვილთან ალიანსში არიან.
ასეთი ადამიანების წყალობით, 1990 წლის შემოდგომაზე ჩატარდა პარალელური, ე.წ. კონგრესის არჩევნები, რომლებზეც მოსახლეობის მცირე ნაწილი მივიდა და ამ ორგანოს ძალიან შეზღუდული ლეგიტიმურობა მისცა. შემდეგ უკვე საყოველთაო და საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, რომელზეც „მრგვალმა მაგიდამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვამბობ – სამოქალაქო დაპირისპირებასა და პუტჩს სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი და ამას კრემლი ხელმძღვანელობდა!
– როგორც ცნობილია, ეროვნული კონგრესის გადაწყვეტილებას წინ პრაღის რეზოლუცია უსწრებდა...
– 1989-90 წლებში ახლო ურთიერთობა მქონდა გია ჭანტურიასთან და ირინა სარიშვილთან. ასევე კარგი ურთიერთობა მქონდა ზვიადთან და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან. ყველანი ერთად ვიყავით წარმოდგენილი „ეროვნულ ფორუმში“, როდესაც „ეროვნული კონგრესი“ პარალელური არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა, ამ თემაზე სასაუბროდ გიასთან მივედი. საუბრის დროს ოთახში ირინა სარიშვილი შემოვარდა და ისტერიკა მოაწყო. ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი. მოგვიანებით ზვიადმა მაჩვენა მერაბ კოსტავას მიერ მისთვის მიწერილი ბოლო წერილი, სადაც ეუბნებოდა – ყველას უნდა შევურიგდეთ, მაგრამ ირინა სარიშვილი ნამდვილად სუკის აგენტიაო!
ამის შემდეგ ბევრი ისეთი ფაქტი მოხდა, რამაც მერაბის სიტყვები დაადასტურა. მათ შორის იყო პრაღის რეზოლუცია, რომელიც წინ უსწრებდა პარალელურ არჩევნებს და რომლის ერთ-ერთი მთავარი ავტორიც ირინა სარიშვილი გახლდათ. მასთან ერთად მოქმედებდა მისი ძვირფასი კაგებეს კოლეგა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 23 წლის ასაკში უკვე ლეიტენანტის წოდებას ფლობდა.
– რა ეწერა რეზოლუციაში?
– რეზოლუციაში ეწერა, რომ ზვიად გამსახურდიას ლიდერობით „მრგვალი მაგიდა“ საქართველოში ეთნიკურ შუღლს თესავდა, ყველა ნეგატიური პროცესი ზვიადის მიერ იყო წარმართული და საქართველოს, თურმე, „ეროვნული კონგრესი“ გადაარჩენდა. პრაღა რეზოლუცია, რომელიც ირინა სარიშვილმა თავის მეგობრებთან ერთად დაწერა, სამოქალაქო ომის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი გახდა!
ასევე საქართველოზე გავრცელებული დეზინფორმაციების დიდი ნაწილის ავტორი „Georgian Cronicle“-ში ირინა სარიშვილი იყო. ის გახლდათ ყალბი კონტენტის წყარო, მიხეილ სააკაშვილი კი – ამ კონტენტის დამამზადებელი. ბიძამისთან თემურ ალასანიასთან და ძმებ გუდავებთან ერთად დეზინფორმაციებს ავრცელებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესშიც და ევროპაშიც! ეს არის რეალობა და რაც არ უნდა ეცადოს ირინა სარიშვილი მიხეილ სააკაშვილის კაგებეს აგენტობის დამალვას, არ გამოუვა! სააკაშვილი პირდაპირ მონაწილეობდა, სახელმწიფოს გადატრიალებაში!
– და მაინც, რითი ამტკიცებთ ამას?
– ამას მე კი არ ვამტკიცებ, თვითონ სააკაშვილი აცხადებს 1992 წლის იანვარში პოლონურ გაზეთ WPROST-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ახლახან ამ გაზეთის ასლი ჩაგვივარდა ხელში, რაც პირდაპირი ნივთმტკიცებაა იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდა. ის ამ ინტერვიუში საუბრობს, როგორც ზვიად გამსახურდიას ოპოზიციის ყოფილი ლიდერი და საქართველოს ხელისუფლების, ანუ ხუნტის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერვიუ სწორედ მაშინ დაიბეჭდა, როცა პუტჩი ახალი მომხდარი იყო. ის ახლა მალავს, თორემ მაშინ კი ამაყობდა ამით.
– რას ამბობს სააკაშვილი ამ ინტერვიუში?
– პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ერი განუდგა დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, რომელმაც კარიერა როგორც პოლიტიკურმა დისიდენტმა დაიწყო და როგორც დიქტატორმა დაასრულა. ის ასევე აცხადებს, რომ სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ იყო სახელმწიფო გადატრიალება, რადგან თვით გამსახურდია უზურპატორობდა, კონსტიტუციით განსაზღვრული სრული უფლებამოსილების მიუხედავად, თავად აძლევდა საკუთარ თავს გადამეტებულ უფლებამოსილებას კონსტიტუციის უგულებელყოფით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ამავე ინტერვიუში დასძენს, გამსახურდიას ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ შეწყდა სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ბრძოლები, რაც პრეზიდენტის მიერ იყო პროვოცირებულიო. დიახ, ჩვენი ძვირფასი მესამე პრეზიდენტი სამაჩაბლოს კონფლიქტის დაწყებას და მის პირველ ოკუპაციას საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას აბრალებს, ამ ინტერვიუს შემდეგ ამ სიტყვების მთქმელ კაცს, რომელიც თავს ლამის ეროვნულ გმირად აცხადებს, აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქე იყოს?
რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილს აბრალებს, თვითონ აქვს 1992 წლის იანვარში გაკეთებული, რაც აშკარა ცილისწამება იყო, მეტიც, ვფიქრობ, ამაზე აუცილებლად უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, რადგან ამის მერე გახდა ის საქართველოს პრეზიდენტი. ეს არ არის რიგითი მოქალაქის ინტერვიუ, სააკაშვილი თავად ამბობს, რომ ხუნტი ს ოფიციალური წარმომადგენელი იყო უკრაინაში. ამის მერე როგორ შეიძლება, ჰქონდეს სინდისი და ნამუსი რომელიმე მედიასაშუალებას, რომ ის დადებით კონტექსტში მოიხსენიოს?!
– ანუ რას ეუბნებით სააკაშვილის ქომაგებს, რომ ის საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ქვეყნის მტერია?
– დიდი ხანია ვამბობ, სააკაშვილი გახლავთ რუსეთის უშიშროების ლეიტენანტ-ოფიცერი ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, საქართველოს მტერი!
მიხეილ სააკაშვილი არის უსინდისო მკვლელი, რომელმაც საქართველოს პირველი, მართლაც სამართლიანად და ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის დამხობაში სერიოზული წვლილი შეიტანა! აი, ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროს მედიამაც, საზოგადოებამაც, ხელისულფებამაც და ოპოზიციამაც!
ის, რასაც თავის დროზე ზვიად გამსახურდია ამბობდა, სრული ჭეშმარიტებაა! ეს ადამიანები კრემლიდან იმართებოდნენ და მათ ხელმძღვანელობდა საკავშირო კაგებე და მისი ქართველი გენერალი ედუარდ შევარდნაძე – დღეს ამის უარყოფა შეუძლებელია. სწორედ ის გახდა მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური უფროსი მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
გავიდა წლები და დადასტურდა ზვიად გამსახურდიას სიტყვები – ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში ედუარდ შევარდნაძე – „თეთრი მელა“ მოვიდა და საქართველო ისევ რუსეთს შეუერთა. მგონი, ასე ბოლო რამდენიმე ასეულ წელიწადში არცერთი წინასწარმეტყველება არ ახდენილა. ზვიად გამსახურდია სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობდა, როდესაც რუსეთის აგენტებზე საუბრობდა
.
– პუტჩის დროს საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ვინ იბრძოდა? ბოლოს და ბოლოს, ოდესღაც ხომ უნდა ითქვას სიმართლე და აეხადოს წარსულს ფარდა? ერთ-ერთ გამოსვლაში ახსენეთ, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე გამსახურდიას წინააღმდეგ იარაღით იბრძოდნენო...
– ბოკერია და თარგამაძე არც მალავენ რომ ზვიადს ებრძოდნენ, თუმცა, ისინი არ იყვნენ და არ არიან რუსული დაზვერვის ოფიცრები. აქ არის განსხვავება. მათ ამ დანაშაულში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ ეს უფრო შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს. ყველა მხარეს არიან პუტჩის მონაწილეები. დღეს მათი განსჯა და შეჩვენება არ არის საჭირო, მაგრამ სიმართლე მართლაც უნდა იცოდეს ხალხმა – რა დანაშაულებს ჰქონდა ადგილი და ამ დანაშაულების შედეგად რა მივიღეთ.
– შეიძლება, პარალელი გაივლოს წარსულსა და დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას შორის? ოპოზიციის დებოშს ვგულისხმობ...
– იმედია, არ იქნება ამ პარალელის სერიოზულად განსჯის აუცილებლობა, რადგანაც ბევრი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ლელო“ და სხვები გადაჭრით ამბობენ უარს პარალელური სახელისუფლებო სტრუქტურების შექმნაზე. ძალიან კონსტრუქციულად არის გაწყობილი ალეკო ელისაშვილი და „გირჩიც“. ბატონი შალვა ნათელაშვილი – ყოფილი წითელი პროკურორი – რას იტყვის, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეს ის კაცია, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში შევარდნაძის გვერდით იდგა და ცხადია, მას მოსკოვიდან მაშინაც იმავე ტიპის დავალებები ჰქონდა. ოპოზიციაში არის ჯანსაღი ნაწილი, ამიტომაც, იმედს ვიტოვებ, წითელი პროკურორების მოწოდებებს არ აჰყვებიან იმისთვის, რომ საქართველოში კიდევ ერთი პუტჩი განხორციელდეს. საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელ უმრავლესობასაც ესმის, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა იქნება მხოლოდ უბედურების მომტანი და სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს.
– სამხედრო გადატრიალებიდან ორი წლის შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდია სამეგრელოში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. თქვენი აზრით, რა არის სიმართლე – მოკლეს თუ თავი მოიკლა?
– არცერთი წუთით არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია! ის არცერთ შემთხვევაში თავს არ მოიკლავდა. გამორიცხულია! ამიტომაც მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას – საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა ბოლომდე იქნას გამოძიებული და წერტილი დაესვას ჩვენი ისტორიის ამ ბნელ ნაწილს!
ნატო ფოცხიშვილი