logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: სააკაშვილმა არჩევნები საკუთარ პარტიაშიც წააგო!
- +

31 დეკემბერი. 2020. 18:50

 

 

მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის პოსტი და მთლიანად პარტია დატოვა, სააკაშვილის სექტა იძულებული გახდა, ახალი ფორმალური ხელმძღვანელი აერჩია.

 

ფორმალურს იმიტომ ვამბობთ, რომ „ნაცმოძრაობა“ თავიდან ბოლომდე ერთადერ კაცზე – საქართველოდან გაქცეულ სააკაშვილზეა ჩამოკიდებული, ნაცსექტის უპირობო ლიდერი და უალტერნატივო გურუც სწორედ იგი ბრძანდება და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, ვინც არ უნდა დაიკავოს, ამას მხოლოდ ნომინალური მნიშვნელობაღა ექნება.

 

თუმცა, ნებისმიერ სექტაში გარკვეული კლასიფიკაცია მაინც არსებობს და მოიძებნებიან მცირე გამონაკლისები, რომლებიც ბელადსა თუ გურუს შედარებით ნაკლებად ემონებიან, „შიდა სამზარეულოში“ ზოგჯერ კითხვების დასმასა და შეპასუხებასაც უბედავენ და ცდილობენ, რამდენადაც შესაძლებელია, თვითმყოფადობა შეინარჩუნონ.

 

სააკაშვილის „ნაცსექტაში“ ასეთი პერსონაჟი ნიკანორ მელია გახლავთ, რომელიც 2020 წლის 26 დეკემბერს „ფეისბუქში“ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, 27 დეკემბერს ჩატარებულ ყრილობაზე კი ოფიციალურად დაამტკიცეს სექტის ფორმალურ ხელმძღვანელად.

 

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მელიას ერთადერთ კონკურენტად სააკაშვილის სიყრმის მეგობარი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ჰყავდა, რომელიც რამდენიმე თვის წინათ უკრაინიდან სპეციალურად დაბრუნდა, რათა საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარად ეყარა კენჭი, თუმცა, ის არჩევნები წააგო და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარის არჩევნებშიც დამარცხდა, თანაც, ძალიან დიდი სხვაობით.

 

უეჭველია, რომ ვარშალომიძე ნაცმოძრაობის ფორმალური თავმჯდომარეობის კანდიდატად სააკაშვილთან ძმაკაცობისა და მისადმი პირადი ერთგულების ნიშნით იყო შერჩეული, რადგან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელიასგან განსხვავებით, ნაცსექტანტების სწორედ იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც გურუს უსიტყვოდ ემორჩილება და ყურმოჭრილად ემსახურება.

 

ნიკანორ მელიას კონკურენტად მაინცდამაინც ლევან ვარშალომიძის დასახელებაც ერთადერთ რამეზე მეტყველებს – სააკაშვილს არ სურდა, რომ მელია, როგორც მინიმუმ, პარტიის თავმჯდომარეობის უალტერნატივო კანდიდატი ყოფილიყო, რადგან მასზე ისედაც დიდი ხანია, ეჭვიანობს და ცდილობს ნაცსექტის შიგნით გავლენა და ავტორიტეტი შეუკვეცოს.

 

საქმე ის არის, რომ სააკაშვილი მელიაში შიდაპარტიულ კონკურენტსა და მოცილეს ხედავს, რადგან მელია ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც სააკაშვილის საქართველოდან გაქცევის შემდეგ ნაცმოძრაობაში საკუთარი ფიგურის გამოკვეთა და ქარიზმატულ ლიდერად ჩამოყალიბება შეძლო. სხვა საკითხია, ამას რა გზითა და როგორი ფორმით მიაღწია, რა იმიჯი შეიქმნა და ხალხში როგორი სახელი დაიგდო, მაგრამ სადღეისოდ ფაქტობრივი მოცემულობა სწორედ ასეთია.

 

რაც მთავარია, ნიკანორ მელიას ამბიცია – იყოს ნაცმოძრაობის არა ნომინალური, არამედ რეალური ხელმძღვანელი – სრულიად სამართლიანი გახლავთ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მის თავზე არაერთმა პოლიტიკურმა თუ სამართლებრივმა ქარიშხალმა გადაიარა, იქნებოდა ეს დაპატიმრება, გირაოს შეფარდება, მერე ისევ დაპატიმრება, ისევ გირაოს შეფარდება, ე.წ. ელექტრონული სამაჯურის შებმა თუ დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა და ეს ყველაფერი მაშინ, როცა სააკაშვილი უკრაინაში თბილად არის წამოკოტრიალებული, კიევის მილიონერთა კვარტალში ვილას იშენებს, ფლორიდაში ოკეანის სანაპიროზე პენტჰაუსს ყიდულობს და თანაპარტიელებს კომფორტის ზონიდან მოუწოდებს – თქვენ მანდ თავი არ დაზოგოთ, თუ საჭირო გახდება, სისხლიც დაღვარეთ და სახელმწიფო გადატრიალებაზე წადითო!

 

ბუნებრივია, ამ კონტრასტს თვითონ სააკაშვილიც მშვენივრად გრძნობს და ხვდება, რომ უშუალოდ „ბრძოლის ველზე“ გაჭრილი მელია მას, როგორც ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით გადახვეწილ პოლიტიკურ გასტროლიორს, ერთხელაც იქნება, განზე გააჩოჩებს და ნაცმოძრაობის პარტაქტივზე ერთპიროვნულ გავლენას მოიპოვებს.

 

სწორედ ამით არის გამოწვეული სააკაშვილისა და მელიას არცთუ ფარული ქიშპი, რომელიც ზოგჯერ კულუარებიდან ჟონავს და ფართო საზოგადოებისთვისაც საცნაური ხდება. მაგალითად, „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში ვწერდით, რომ სააკაშვილმა ზუგდიდის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას კანდიდატურა დაბლოკა და სამეგრელოს მთავარ ქალაქში კენჭის საყრელად საკუთარი ცოლი წარგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ზუგდიდელ მელიას არჩევნებში წარმატების გაცილებით მაღალი შანსი ჰქონდა, ვიდრე ჰოლანდიიდან გადმოხვეწილ რულოვსს.

 

მიზეზი, რის გამოც სააკაშვილმა მელია ზუგდიდის მერობის კანდიდატად არ დაასახელა, სწორედ ზემოხსენებული პოლიტიკური ეჭვიანობა იყო. კერძოდ, ნაცსექტის გაქცეული ლიდერი ფიქრობდა – ზუგდიდში მელიამ არჩევნები რომ მოიგოს, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი გახდება, მთელ პარტაქტივზე უდიდეს გავლენას მოიპოვებს და გვერდზე გამწევსო.

 

როგორც მაშინ სარწმუნო წყაროებმა გვიამბეს და დავწერეთ, ნიკა მელიამ სააკაშვილს „სკაიპში“ აგინა და პარტიის დასამარებაში დასდო ბრალი, მერე კი ზუგდიდში ჩასულმა სანდრა რულოვსის მისამართითაც არ დაიშურა ერთი-ორი „კეთილი“ სიტყვა. კერძოდ, მერის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მელიამ ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესმენების – ძმები ბეჭვაიების ოჯახში, იქეიფა და როცა გვარიანი ზარხოში მოედო, ხმამაღალ გინებაზე გადავიდა – ყველა იმ ზუგდიდელის, ვინც სანდრა რულოვსს ხმას მისცემსო.

 

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მელიასა და სააკაშვილს შორის არსებული დაპირისპირება ზოგჯერ მზის სინათლეზე, უფრო ზუსტად, ტელევიზიის „ცისფერ ეკრანებზეც“ გამოდის. გაიხსენეთ თუნდაც სულ ცოტა ხნის წინათ გვარამიას ტელეკანალიზაციის ეთერში დატრიალებული ამბები, როცა ნიკანორ მელია გუბაზ სანიკიძეს კინაღამ ხელითაც შეეხო, რადგან ეს უკანასკნელი ამტკიცებდა – ერთადერთი ლიდერი, ვისიც ივანიშვილს ეშინია, სააკაშვილია და სანამ იგი არ ჩამოვა, ოპოზიციას არაფერი ეშველებაო!

 

ბევრს, ვინც მელიასა და სააკაშვილს შორის კარგა ხნის წინათ გარბენილი შავი კატის შესახებ იცის, სულაც არ გაჰკვირვებია, რომ გუბაზის მიერ მიშას ცაში აყვანამ ნიკანორი განარისხა და წყობილებიდან გამოიყვანა, ახლა კი არც ის ყოფილა გასაკვირი, რომ სააკაშვილმა მელიას ნაცმოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი მარჯვენა ხელი ლევან ვარშალომიძე შეუპირისპირა.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკა მელიამ ნაცპარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, ლევან ვარშალომიძის სახით, სააკაშვილი დაამარცხა!

 

სააკაშვილმა, ბოლო 8 წლის განმავლობაში ზედიზედ 8 არჩევნებში დამარცხების შემდეგ, არჩევნები საკუთარ პარტიაშიც წააგო!

 

ძნელად საპროგნოზო არ არის, რომ მელიასა და სააკაშვილს შორის არსებული პოლიტიკური თუ პიროვნული დაპირისპირება ამიერიდან კიდევ უფრო გაღრმავდება და კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, რასაც ნაცმოძრაობიდან სააკაშვილის პირადი მეგობრებისა და ყურმოჭრილი მონების – გიორგი ბარამიძის, კობა ნაყოფიას, ბოცო წიკლაურისა და სხვების წასვლა მოჰყვება!

 

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ნაცმოძრაობის თავმჯდომარედ ნიკანორ მელიას არჩევა კიდევ უფრო გააღრმავებს და შეუქცევადს გახდის სააკაშვილის პარტიის საბოლოო რღვევის პროცესს, რომელიც ნაცსექტიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლით დაიწყო!

 

„ნაცმოძრაობა“ რაც უფრო მალე დაიშლება და გამარგინალდება, საქართველოსთვის უკეთესია!

 

ეს უკეთესია თავად ნიკანორ მელიასთვისაც, რომელსაც კაცისმკვლელთა და გამაუპატიურებელთა პარტიის თავმჯდომარეობა ნამდვილად არ უნდა აბედნიერებდეს!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner