logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: „ნაცმოძრაობის“ არის პრორუსული ძალა და პუტინის პროექტი ჯერ კიდევ 2002 წლიდან!
- +

31 დეკემბერი. 2020. 18:25

 

 

ცნობილი პუბლიცისტი აპირებს, შეჭამოს სადეპუტატო მანდატი, რომელიც არ მოუპოვებია!

 

ცნობილ ჟურნალისტსა და პუბლიცისტს თეიმურაზ კვირკველიას 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არც მაჟორიტარ დეპუტატად უყრია კენჭი და არც რომელიმე პარტიის საარჩევნო სიის წევრი ყოფილა, მაგრამ ინტერვიუსთვის რომ ვესტუმრეთ, კითხვის დასმაც არ გვაცალა და პირდაპირ ასე დაიწყო:

 

– რამდენიც არ უნდა მთხოვოთ და როგორც არ უნდა მეხვეწოთ, პარლამენტში არ შევალ! დიახ, მე ვდგავარ გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, ნინო ბურჯანაძისა და სხვათა გვერდით, ბოლომდე ვიზიარებ მათ აღშფოთებას და არავითარ შემთხვევაში არ მოვკიდებ ხელს დეპუტატის მანდატს!

 

– ვინც ახლა ჩამოთვალეთ, იმათგან სადეპუტატო მანდატი ისედაც არცერთს არ მოუპოვებია და პარლამენტში როგორღა შევლენ?

 

– მთელი ხიბლიც სწორედ იმაშია, რომ უარი განაცხადო სადეპუტატო მანდატზე, რომელიც არც კი მოგიპოვებია!

 

– პირადად თქვენ სადეპუტატო მანდატს მაკრატლით დაჭრით, ცეცხლში დაწვავთ თუ მტკვარში გადააგდებთ?

 

– სადეპუტატო მანდატს წვრილ-წვრილად დავკეპავ, ზემოდან ქინძსა და ოხრახუშს მოვაყრი, ძმარს მოვასხამ და გადავყლაპავ!

 

– ხუმრობა გასაგებია და წინასაახალწლო განწყობასაც უხდება, მაგრამ ახლა სერიოზულ შეფასებებზე გადავიდეთ

 

– ფაქტია, რომ პოლიტიკური კომედიის მომსწრენი ვართ, რადგან ნაცმოძრაობა არჩევნების შედეგებს ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე არ აღიარებდა, დიახ, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ვიცოდით, რომ ოპოზიცია სწორედ ისე მოიქცეოდა, როგორც ახლა იქცევა და შეეცდებოდა, 2003 წლის რევოლუციური სცენარი გაემეორებინა. მოკლედ, რასაც ახლა ვუყურებთ. ეს არის გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა.

 

– როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს „ნაცმოძრაობა“ მეორე „ვარდების რევოლუციის“ მოწყობას?

 

– საქართველოში აღარ არის ის ვითარება, როცა ადამიანები ნაცმოძრაობას 20 ლარად მიეყიდებიან და პარლამენტის წინ მიტინგზე დადგებიან. რაც მთავარია, ნაცების ძირითადი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ ივანიშვილს საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, უკვე სასაცილოდ იქცა და ამას უკიდურესი სულელის გარდა აღარავინ დაიჯერებს. თვითონ ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა უმრავლესობაც მშვენივრად ხედავს, რომ საქართველო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ნატოსა და ევროკავშირთან, როგორც დღეს არის. ერთი სიტყვით, ქვეყანა წინ მიდის, ნაცმოძრაობა კი უკან დარჩა და ღრმა ჭაობში ბუყბუყებს, საიდანაც ვერასოდეს ამოვა?

 

– ჩვენთან ინტერვიუებში მუდამ აცხადებდით, რომ ნაცმოძრაობა პროდასავლურობის შირმას ამოფარებული პრორუსული ძალაა, დღეს კი ვხედავთ, რომ მისი ლიდერები და პროპაგანდისტული საშუალებები ღიად ესხმიან თავს დასავლელ დიპლომატებს, განსაკუთრებით – ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

 

– ბედნიერი ვარ, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები თავადვე მიდასტურებენ იმას, რასაც წლებია ვამბობ – ეს არის პრორუსული ძალა და პუტინის პროექტი ჯერ კიდევ 2002 წლიდან! სხვათაშორის, ძალიან ყურადღებით მოვუსმინე ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც იგი თავის მეგობარს ეუბნება, რომ დასავლეთს სააკაშვილისთვის დიდი წითელი ჯვარი აქვს დასმული, ბიძინა ივანიშვილს კი სტაბილურობის გარანტად და ქვეყნის პატრონად განიხილავს. მინდა გითხრათ, რომ ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ქალბატონ სამადაშვილზე წარმოდგენა შემეცვალა და დავრწმუნდი, რომ საღად აზროვნებს. სრულიად ვიზიარებ მის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ ნაცმოძრაობის საარჩევნო სიას არაფერი აქვს საერთო დასავლეთთან და ევროპულ ფასეულობებთან. დარწმუნებული ვარ, ნაცებში სამადაშვილის გარდა სხვებიც არიან, რომლებიც რეალობას ადეკვატურად აფასებენ და ხვდებიან, რომ ჭაობში იძირებიან.

 

– გრიგოლ ვაშაძის მიერ ნაცმოძრაობის დატოვებაც ამ ტენდენციაზე ხომ არ მიანიშნებს?

 

– გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობის სრული უპერსპექტივობა დაინახა და ფსიქიკურად აშლილ სააკაშვილთან ერთად უფსკრულში გადაჩეხა აღარ ისურვა. სრულიად დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი თავის ცხოვრებას ტრაგიკულად დაასრულებს და ეს, დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხდება.

 

– ემხრობით თუ არა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან და სადეპუტატო მანდატებს არ აითვისებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება არ უნდა მიიღონ?

 

– არათუ ვემხრობი, არამედ, როგორც გადასახადების გადამხდელი, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება არ მიიღონ! ამათ რა უნდათ – სამსახურში არ იარონ, თავიანთი მოვალეობა არ შეასრულონ, რესტორნებსა და ბორდელებში იგრიალონ და ქართველმა ამომრჩეველმა საკუთარი ჯიბიდან ფული უხადოს? ვისაც ბოიკოტის გამოცხადება უნდა, პარლამენტში შევიდეს, სხდომებს დაესწროს და საკუთარი პროტესტი ამა თუ იმ კანონპროექტზე ხმის არმიცემით გამოხატოს.

 

– ოპოზიციას „არჩევნების გაყალბების“ მთავარ მტკიცებულებად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგები მოჰქონდა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვეოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო და „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომა აღიარა, რის შემდეგაც მისი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. თქვენი აზრით, მართლა უნებლიე შეცდომას ჰქონდა ადგილი თუ ხსენებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეგნებულად გააყალბა, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ?

 

– სრულიად დარწმუნებული ვარ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პოლიტიკური დავეთა შეასრულა და ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამიზნულად გააყალბა, რათა ნაცმოძრაობის რევოლუციური გეგმებისთვის შეეწყო ხელი. შინაგანი რწმენა მკარნახობს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას სიყალბისთვის დიდი ფული გადაუხადეს და ძალიან ცუდია, თუ ქართულ სპეცსამსახურებს არა აქვთ დეტალური ინფორმაცია, კონკრეტულად ვინ და რამდენი გადაიხადა იმისთვის, რომ ოპოზიციას არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საბაბი გასჩენოდა?! ვფიქრობ, ეს სერიოზული გამოძიების საგანი უნდა გახდეს!

 

– დამაინც, ერთპარტიულ პარლამენტს, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ექნება კი საკმარისი ლეგიტიმაცია და პოლიტიკური წონა?

 

– დარწმუნებული ვარ, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ძალიან მალე პარლამენტში შევა. ისინი ახლა ფორმალურ საბაბს ეძებენ, რომ თავიანთი ხმაურიანი განცხადებები უკან წაიღონ და ხელში ჩაიგდონ არგუმენტი, რომლითაც ამდენი ბაქიბუქისა და მკერდზე მუშტების ბრაგუნის შემდეგ პარლამენტში შესვლას გაამართლებენ.

 

ისე, დემოკრატია თავისას რომ არ ითხოვდეს, ნაცმოძრაობა პარლამენტში საერთოდ არ არის შესაშვები, თუ შევიდნენ, დარწმუნებული ვარ, ეს ნაცებისთვის ბოლო პარლამენტი იქნება, რადგან მომდევნო არჩევნებში მათ თავიანთი ამომრჩევლის 80 პროცენტიც აღარ მისცემს ხმას.

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner