logo_geo
eng_logo
ირმა ხეცურიანი: დაპაუზებული, ქაოსით და გაურკვევლობით სავსე წელი იყო
- +

31 დეკემბერი. 2020. 17:00

 

 

სულ მალე გავაცილებთ 2020 წელს, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის რთული გამოდგა, ახალ 2021 წელს კი, უკეთესის იმედით შევხვდებით. წინასაახალწლო სამზადისზე, განვლილ წელზე და მოლოდინებზე, წარმატებული პარასპორტსმენი, 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელი და მსოფლიო თასის გამარჯვებული ირმა ხეცურიანი გვესაბურა.

 

 

- ახალი წელი ახლოვდება. გვიამბეთ თქვენს საახალწლო სამზადისზე.

 

 

- ვერ ვიტყვი, რომ ახალი წელი განსაკუთრებული დროა ჩემთვის, გამომდინარე იქიდან რომ მზე და სითბო ძალიან მიყვარს. თუმცა, სახლის მორთვა, ნაძვის ხის გაწყობა, თუ  საახალწლო სუფრა, მაინც მახარებს და სხვა განცდით ვხვდები. თოვლიც თუ დაერთო ამ ყველაფერს, მითუმეტეს...  მომწონს ქუჩებში საახალწლო განწყობა, როცა იგრძნობა ახალი ფერები ახალ წელთან ერთად. ვცდილობ ყოველ წელს სხვადასხვა  ნივთებით შევხვდე და სხვადასხვა ადგილზე. ამ პერიოდში დიდი დილემის წინაშე ვდგებით ხოლმე  სამეგობრო; ყოველთვის სამი თვით ადრე ვგეგმავთ ამ დღის ერთად გატარებას. ზოგჯერ გამოგვდის, ზოგჯერ არა. გააჩნია როგორი ენთუზიაზმით ვართ.

 

 

- როდის დგამთ ნაძვის ხეს?

 

 

- წელს 15 დეკემბერს მოვრთეთ ნაძვის ხე. ყოველთვის ერთნაირად არ გამომდის. ყოფილა ისეთი წლებიც, როდესაც, ახალ წლამდე 2 დღით ადრე დამიდგამს ნაძვის ხე.

 

 

 - რამე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

 

 

- არა, ბანალური წლები მაქვს ხოლმე.  ბოლო პერიოდი დაგვჩემდა სამეგობროს, რომ  ერთად შევხვდეთ ახალ წელს;  ხან თბილისში, ხანაც თოვლიან გუდაურში.  თუმცა, რიტუალივით მაქვს, რომ ყოველთვის ერთი და იგივე სურვილი ჩავიფიქრო ფოიერვერკების დროს და ასე, სტაბილურად მისრულდება ხოლმე.

 

 

- რას გვეტყვით მეკვლის ტრადიციაზე და თავად თუ ყოფილხართ ამ ამპლუაში?

 

-  ჩემი საყვარელი ტყუილია.  მიხარია ხოლმე და ბევრჯერ ვაფრთხილებ ჩემს მეკვლეებს, რომ აუცილებლად უნდა მოვიდნენ, რომ მერე, ცუდი წელი მექნება თუ კარგი, მათ გადავაბრალო.  მეც  ვყოფილვარ მეკვლის ამპლუაში. არ ვიცი რამდენად კარგი... იმდენად მჯერა ამ ტრადიციის მნიშვნელობის, რომ ზოგჯერ მეღიმება კიდევაც ჩემს ღრმა რწმენაზე. თუმცა, თუ ვირწმუნებთ, რომ ეს წელი კარგი გვექნება,  მეკვლე ვინც არ უნდა იყოს, უმნიშვნელოა.

 

- როგორია თქვენი საახალწლო სუფრა. რომელიმე კერძს თუ გამოარჩევდით და რატომ?

 

 

- გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 6 თვეა სწორ კვებაზე ვარ, ამ წელს, საახალწლო სუფრას შორიდან შევავლებ თვალს. უფრო სიახლეები მიყვარს... საკვები აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს და მსუბუქი. მე ვერ ვარ კულინარიაში ძლიერი,  ასე რომ, წელს  ჩემი და შემომთავაზებს სხვადასხვა კერძებს.  სასურველია ჯანსაღი და ნატურალური იყოს.

 

 

- რომელიმე საახალწლო კერძს თუ ამზადებთ  განსაკუთრებულად? იქნებ, რეცეპტიც გაგვანდოთ...

 

 

-  ჩემი რეცეპტი: არ გაეკარო სამზარეულოს მანამ, სანამ ჭურჭლის დარეცხვის დრო არ მოვა. მრცხვენია, არ ვამაყობ ნამდვილად, მაგრამ არ მიყვარს კერძების კეთება. არც ვიცი.

 

 

- თუ გახსენდებათ რამე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ისტორია ახალ წელთან დაკავშირებით?

 

 

- არა,  ნაკლებად მახსოვს ახალ წელს კურიოზები. ხშირად მიწევს ახალ წელს გზაში შევხვდე, მანქანაში, ან რომელიმე ტელევიზიაში.

 

 

 

- სად ხვდებით ახალ წელს უმეტესად?

 

 

 - უმეტესად ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან.

 

 

- სად შეხვდებოდით?

 

 

- სადმე ზღაპრულ სამყაროში,  სადაც ბევრი თოვლი იქნება, სუფთა ჰაერი, პატარა ფერადი სახლები და  განათებული ქუჩები. მე  ბუხართან,  ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. იქნება მშვიდი მუსიკა და ბევრი საინტერესო ისტორიები.

 

 

- რასთან ასოცირდება თქვენთვის ახალი წელი?

 

 

- ახალ საწყისთან. ყველაფერი  ცუდი, ძველი უნდა დავუტოვოთ წასულ წელს...

 

 

- გჯეროდათ თოვლის ბაბუის და რა ასაკამდე?

 

 

- ისეთი პერიოდი გამოვიარე პატარა ასაკიდან, ცუდი ძიების უფრო მჯეროდა, ვიდრე თოვლის ბაბუის. თუმცა სასწაულების უნდა გჯეროდეს...

 

 

- როგორ შეაფასებდით 2020 წელს?

 

 

- საერთო ჯამში, ვერ ვიწუწუნებ. არაუშავდა... დაპაუზებული,  ქაოსით და გაურკვევლობით სავსე წელი იყო. პანდემიის გამო,  ბევრი შიში, პანიკა და მწუხარება მოყვა ამ წელს. შეიცვალა მსოფლიოს ყოველდღიური რიტმი. მაგრამ, რაღაც მხრივ, სასარგებლოც კი იყო ჩემთვის. იმედი მაქვს, 2020-ს გაჰყვება „კოვიდ 19“ და თავს თუ არ  დაგვანებებს, ვიმედოვნებ ჩვეულებრივ ვირუსს დაემსგავსება და ვიცხოვრებთ მასთან ერთად, შიშის გარეშე.

 

 

- დასასრულს, რას უსურვებდით საქართველოს დამდეგ ახალ წელს?

 

 

- საქართველოს სიმშვიდეს, სიძლიერეს, სტაბილურ მომავალს,  გამართულ ეკონომიკას და ბედნიერ ერს ვუსურვებ. ასევე, ბევრ სიყვარულს და ჯანსაღ საზოგადოებას. გვიყვარდეს ქვეყანა და ერი ჩვენი. შეგვეძლოს პატივისცემა და სხვა ადამიანების მდგომარეობის აღქმა. ნაკლებ ღვარძლს და განკითხვას ვუსურვებ... ყველას საკუთარი თავი ეპოვნოს და განეხორციელებინოს საკუთარი მიზნები. რაც მთავარია, შიშის და პანდემიის  გარეშე გვეცხოვროს. ჯანმრთელობა მთელს ერს, სულიერი თუ ფიზიკური.  ყველაზე კარგი წელი ყოფილიყოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner