logo_geo
eng_logo
საახალწლო სამზადისი - საახალწლო კერძების რეცეპტები ცნობილი ადამიანებისგან!
- +

31 დეკემბერი. 2020. 20:30

 

 

ახალ წელს გვილოცავენ და საახალწლო სუფრისთვის კერძების რეცეპტებს გვთავაზობენ ცნობილი ქალბატონები: რეჟისორი ციცინო კობიაშვილი, მსახიობი ნინო ლეჟავა, მოდელი კრისტი ყიფშიძე, მოდელი და ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რეჟისორი და მხატვარი ანი მაღლაკელიძე, პროდიუსერი ნატო დუმბაძე.

 

ციცინო კობიაშვილი: – ახალ წელს ტრადიციულ ქართულ კერძებს ვამზადებ, ვაცხობ ნამცხვრებს. ჩემი სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძია ტოლმა, რომლის რეცეპტსაც სიამოვნებით ჩაგაწერინებთ. ტოლმის მთავარი მასალაა ნაკლებცხიმიანი ხორცის ფარში და კომბოსტო ან ბულგარული წიწაკა. თანაბარი რაოდენობით უნდა ავიღოთ საქონლისა და ღორის ხორცის ფარში, შევაზავოთ მარილით, პილპილით, ბრინჯით, რეჟანით, ძირათი, ორეგანოთი და პიტნით. შემდეგ ეს მასა შევახვიოთ გათუთქული კომბოსტოს ფურცლებში, ნაწილი ჩავდოთ ბულგარულ წიწაკაში, დავასხათ სათანადოდ მომზადებული წვენი და ვხარშოთ.

 

წვენის მოსამზადებლად საჭირო მასალაა: პომიდვრის ტომატი (გნებავთ, ტომატ-პასტა), მარილი, პილპილი, რეჰანი. ვაზის ფოთოლშიც გამიკეთებია ეს კერძი, მაგრამ კომბოსტოსა და ბულგარულ წიწაკას ვამჯობინებ.

 

გილოცავთ ახალ წელს, ვისურვებდი ჩემს საყვარელ საქართველოში მალე დასრულებულიყოს პანდემია. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ხდება. ქვეყნის სათავეში კეთილი ადამიანები არიან და მჯერა, ისინი მალე შეძლებენ ამ საშინელებაზე მორევას!

 

ნინო ლეჟავა: – სხვა კერძებთან ერთად ახალი წლის სუფრისთვის აუცილებლად ვამზადებ ღომსა და ხარჩოს. გამდინარე წყალში კარგად ვრეცხავ ღერღილს, ვასხამ იმდენ წყალს, კარგად რომ დაიფაროს, წყლის ზედაპირზე მოქცეულ ღერღილს ვაშორებ. ვხარშავ საშუალო ტემპერატურაზე. მასა ფაფუკი უნდა იყოს, თუ შემაგრდა, მდუღარე წყალს ვურევ და ვზელ იქამდე, სანამ ერთიანი, სქელი მასა არ გახდება. შემდეგ ვუმატებ სიმინდის ფქვილს და ვზელ ფქვილის მოხარშვამდე. მომზადებულ ღომში ვაწყობ სულგუნს, ან პიტნაში არეულ დაფხვნილ სულგუნს. ეს მასა შემდეგნაირად მზადდება: 500 გრამ ყველს დაფხვნით, შეურევთ მარილთან ერთად დანაყილ პიტნას და მოამზადებთ პატარა გუნდებს. შემდეგ ამ გუნდებს აწყობთ ღომში, ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ პიტნის ფოთლებით.

 

როცა ოჯახში ღომი მზადდება, აუცილებელია ხარჩოც. ამ კერძს ძირითადად საქონლის ხორცისგან ამზადებენ, მაგრამ მე მასალად ვიღებ ქათმის ფილეს, ვრეცხავ და ნაჭრებად ვჭრი, ვხარშავ. ადუღების მერე წყალს ვუცვლი და ხარშვას ვაგრძელებ. ცალკე ვშუშავ წვრილად დაჭრილ ხახვს, გახეხილ პომიდორს. ვნაყავ ნიგოზს, ყვითელ ყვავილს, ნიორს, წიწაკას, ქინძს. ვამატებ მარილს გემოვნებით. ამ ყველაფერს ვხსნი პომიდვრის წვენში, ვამატებ წვრილად დაჭრილ ოხრახუშს, ვადუღებ კიდევ 10-15 წუთი. პომიდვრის მაგივრად შეგიძლიათ, გამოიყენოთ კვაწარახი ან ტყემლის საწებელი. ეს კერძი ღომთან ერთად ძალიან გემრიელია.

 

გილოცავთ ახალ წელს, ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას – რაც ყველაზე აუცილებელია. მომავალ წელს კი ყველა ერთად შევხვედრილიყავით ახალ წელს თეატრში, გაგვეხარებინოს ბავშვები საახალწლო სპექტაკლებით!

 

კრისტი ყიფშიძე: – საახალწლო სუფრისთვის კერძებს, ძირითადად, დედაჩემი ამზადებს, მე მხოლოდ ვეხმარები, მაგალითად, საცივისა და გოზინაყისთვის ნიგოზს ვჭრი. ბოლო პერიოდში უპირატესობას ვანიჭებ ვეგეტარიანულ კერძებს და ვინაიდან ახლა მარხვის პერიოდია, სიამოვნებით ჩაგაწერინებთ სოკოს საცივის რეცეპტს, რომელიც არამარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოც. ვწვავთ 1 კილოგრამ სოკოს, ბლენდერში ვატარებთ 200 გრ ნიგოზს, ვასხამთ 400 გრ წყალს (თუ გასქელდა – მეტსაც), ვამატებთ 1 კბილ დაჭრილ ნიორს, წვრილად დაჭრილ ერთ თავ ხახვს, 1 ჩაის კოვზ უცხო სუნელს, ამდენივე ხმელ ქინძს, 2-3 ცალ მიხაკს, 1 ცალ დარიჩინს, მარილსა და წიწაკას გემოვნებით (ამ სოუსში შეგიძლიათ ჩააწყოთ ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი ან კარტოფილი).

 

გილოცავთ ახალ წელს, ყველას ვუსურვებ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პანდემია, როგორც უცებ შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, ისევე უცებ გაქრეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და მოთმინებას. მალე დავბრუნებულიყავით ჩვეული ცხოვრების რიტმსა და შრომაში!

 

ნუკი კოშკელიშვილი: – ახალ წლის სუფრისთვის აუცილებელი ტკბილეულია გოზინაყი. ძალიან ადვილი გასაკეთებელია: წვრილად ვჭრით თეთრ, ნედლ ნიგოზს (მუქი ფერის ნიგოზიც შეიძლება). ვადუღებთ თაფლს, ვუმატებთ 1 ჩაის კოვზ წყალს და 2 ჩაის კოვზ შაქარს. ვურევთ. შემდეგ ვუმატებთ წვრილად დაჭრილ ნიგოზს, ვხალავთ თაფლთან ერთად. შემდეგ ამ ერთიან მასას, ჯერ კიდევ ცხელს, ვშლით ე.წ. „ჟარონაზე“ და ვჭრით სასურველ ფორმებად. ძალიან გემრიელია.

 

ვულოცავ საქართველოს ახალ წელს, თითოეულ ქართველს ვუსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი 2021 წელი!

 

ანი მაღლაკელიძე: – ტკბილეული ყველა საახალწლო სუფრას ამშვენებს. ჩაგაწერინებთ ძალიან მარტივ, მაგრამ გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს. სხვადასხვა სახელი აქვს, ზოგი „ბრაუნს“ უწოდებს, ზოგიც – „ფონდანტეს“, მე კი, უბრალოდ, შავი შოკოლადის ნამცხვარს.

 

დაბალ ცეცხლზე ვადნობთ 150 გრ კარაქსა და ორ ფილა შავ შოკოლადს. ცალკე ვაკეთებთ გოგლი-მოგლს 3 კვერცხით, 1 კვერცხის გულითა და 4 სუფრის კოვზი შაქრით. ვამატებთ გამდნარ შოკოლადს და ვურევთ 4 სუფრის კოვზ ფქვილს. ამ მასას ვათავსებთ ცხიმწასმულ მრგვალ პატარა ფორმებში (სილიკონის ან კერამიკის ფორმებში) და ვაცხობთ 15 წუთის განმავლობაში ღუმელში 250 გრადუსზე. ცხობის დროს ყურადღება მიაქციეთ ზემოდან მასამ პირი არ უნდა შეიკრას (ცხელი შოკოლადი თხლად რომ შენარჩუნდეს). ამ ნამცხვრის უპირატესობა ის არის, რომ ცომის შენახვა შეიძლება მაცივარში და გარკვეული დროის მერე გამოცხობა. ნამცხვარი შეგიძლიათ მორთოთ ნაყინის ბურთით, ჟოლოთი, მარწყვით ან თქვენი საყვარელი ნებისმიერი ხილით.

 

გილოცავთ ახალ წელს, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, განსაკუთრებით მოხუცებს, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხო პანდემიის სიმძიმე. ყველას ვუსურვებ უფრო იმედიანად ყოფნას, ოპტიმიზმს, ძლიერ იმუნიტეტსა და ბედნიერებას. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორებულიყოს, ქვეყნად არ იყვნენ მშიერი ადამიანები, გაძლიერდეს საქართველო და ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოში!

 

ნატო დუმბაძე: – ვინაიდან მარხვის პერიოდია, საახალწლოდ მოვამზადებ ორგანულის კერძს. ვრეცხავთ ორაგულს, ვაშრობთ და ორივე მხრიდან ვწვავთ შეწითლებამდე. ყურადღება მიაქციეთ, არ უნდა დაიშალოს, ძალიან მალე იწყება. თევზის შეწვის პარალელურად, მარილიან წყალში ვხარშავთ კარტოფილს. ვშუშავთ პომიდორს, შემდეგ წვრილად ვჭრით ნიორსა და ისპანახს, ამასაც ვშუშავთ. ამ მომზადებულ მასას ვაზავებთ ნაღებით და შემწვარი ორაგულის შიგთავსში ვათავსებთ. ლანგარზე ვდებთ კარტოფილის პიურეს, შემწვარ თევზს, ვუწყობთ წითელ პომიდვრებს და ვაფორმებთ წითელი ხიზილალით (თუნდაც მცირე რაოდენობის). მიირთვით გემრიელად.

 

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია. მთავარი ესაა, სხვა დანარჩენს ქართველი კაცი აუცილებლად მიხედავს, ისეთი მადლიანი ქვეყანა გვაქვს, ავაღორძინოთ სოფელი, რომ აღარ დაგვჭირდეს თურქული კარტოფილი, არ დავტოვოთ ჩვენი მიწა და სახლ-კარი. ბედნიერება და მშვიდობა ყველას!

 

მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner