logo_geo
eng_logo
ავთანდილ ენუქიძე: გახარებული ვარ, რომ ნაძირალა ლევან ვარშალომიძე და მისთანა თაღლითები პარლამენტში არ შემოდიან...
- +

31 დეკემბერი. 2020. 19:33

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე საქართველოს პარლამენტში შედის! მას სადეპუტატო მანდატი არ ჩაუბარებია და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ დეპუტატის ადგილი პარლამენტშია და არა შალვა ნათელაშვილის ოფისში გიგა ბოკერიას გვერდით:

 

– რომ ვიცოდე, კიდევ ვინ აპირებს პარლამენტში შესვლას, აუცილებლად გეტყოდით, მაგრამ, თუ დამიჯერებთ, არ ვიცი! ირმა ინაშვილი ჩემი ბავშვის ნათლიაა და უახლოესი ადამიანია. მან და დავით თარხან-მოურავმა თავიდანვე იცოდნენ ჩემი პოზიციის შესახებ. როგორც კი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და ნაცებმა ერთი ამბავი ატეხეს, ირმასაც და დათოსაც ვუთხარი – მე პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს და მიმაჩნია, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან უფრო ეფექტური იქნება ჩვენს პრობლემებსა და საერთო სატკივარზე ლაპარაკი, ვიდრე ის, რომ ბოკერიას მივუსკუპდე გვერდით და შალვა ნათელაშვილის ოფისში ვიარო-მეთქი!

 

– ბატონო ავთანდილ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ისევ ხართ?

 

– მე გახლავართ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი შემომწირველი და მეგობარი, მაგრამ პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ... ყოველთვის დავრჩები ირმას და დავით თარხან-მოურავის მეგობრად... ისე პარტიის სათათბიროს მუშაობაში აქტიურად ვიყავი ჩართული.

 

– აქამდე რატომ არ ჩადით, რას უცდიდით?

 

– აქამდე თუ ხმას არ ვიღებდი და გაჩუმებული ვიყავი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს დეპუტატის მანდატის გაუქმებაზე განცხადება დაწერილი არ ჰქონდათ. როცა მათ ეს განცხადებები დაწერეს და მე არ დავწერე, ატყდა ერთი ამბავი... დღემდე მეკითხებიან – თქვენ რატომ არ დაწერეთ განცხადებაო? ერთს ხუმრობით ვუთხარი – განცხადება იმიტომ არ დავწერე, რომ დეპუტატის მანდატი სახლში უნდა წავიღო-მეთქი!

 

– ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა თქვენ წარსული გაგიხსენათ და წამოგაძახათ, რომ შევარდნაძის პოლიციელი და „მოქკავშირის“ წევრი იყავით!

 

– ეს შალვა ნათელაშვილმა წამომაძახა... ჯერ ერთი, თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირის“ პარტიულ სიაში ჩაწერაზე უარი განვაცხადე! მეორე – დღევანდელი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა შევარდნაძის „მოკავშირიდან“ რომ მოდის, ეს ამბავი ვინმესთვის ახალია?! ნაცებს, საერთოდ, რა აქვთ სალაპარაკო?! მაგათთვის რომ ასეთი მაღალი პროცენტი დაეწერათ, სხვა ოპოზიციურ პარტიებს ხმები დააკლეს! ამის გამო ირმა, დათო თარხან-მოურავი და „პატრიოტთა ალიანსის“ სხვა ლიდერები გულნატკენები არიან და პარლამენტში იმიტომაც არ შემოდიან! მაგრამ მე, როგორც გითხარით, თავიდანვე მქონდა ჩემი პოზიცია გაცხადებული და ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება არავის გაჰკვირვებია...

 

– რაც შეეხება ნაცებს, რატომ არ შემოდიან პარლამენტში, თქვენი აზრით, რა გეგმები აქვთ?

 

– ვერ გეტყვით, ვერავის საქციელს ვერ განვსჯი, მაგრამ პირადად მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ნაძირალა ლევან ვარშალომიძე და მისთანა თაღლითები და „გადამგდებლები“ პარლამენტში არ შემოდიან... ვარშალომიძე რომ პარლამენტში გვერდით დამიჯდეს, შესაძლოა, თვალები ამოვთხარო!

 

– რატომ, ასე რამ გაგამწარათ?

 

– ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ მე და კიდევ ოთხ კაცს 2012 წლის დეკემბერში ფინანსურ პოლიციაში ჩვენება გვაქვს მიცემული, მაგრამ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და რა გინდა, რომ ქნა?

 

– მაინც რა დააშავა ლევან ვარშალომიძემ?

 

– ბათუმში ერთ-ერთი ავტოსადგომის ტერიტორია მოგვყიდა, უზარმაზარი ფული გადაგვახდევინა, მაგრამ მერე ყველაფერი წაგვართვა და ფული არ დაგვიბრუნა!

 

– დიდ თანხაზეა ლაპარაკი?

 

– დიახ, სერიოზული თანხა იყო!

 

– თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ლევან ვარშალომიძემ ჩაიდინა?

 

– რა თქმა უნდა! ბათუმსა და მთელ აჭარაში მაგის გარეშე არაფერი ხდებოდა და, ცხადია, სწორედ ლევან ვარშალომიძე იყო ყველაფრის თავი და თავი... საკმარისია, გამოძიება დაიწყოს, რომ ამ საქმეში ლევან ვარშალომიძის ბრალეულობა მაშინვე გამოიკვეთება, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ფინანსური პოლიცია დუმს და საქმეს არ იძიებს! საერთოდ, ეგენი რამეს იძიებენ? ცხადია, არა! რაც თავად აწყობთ, იძიებენ იმას... ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, ვარშალომიძე რომ პარლამენტში შემოსული ვნახო, მაგას კარგ დღეს დავაწევ? კიდევ ვიმეორებ – მაგ თაღლითსა და ყაჩაღს თვალებს ამოვთხრი!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner