logo_geo
eng_logo
იმერი კავსაძე: კახი და იმერი კავსაძეების სახელით მთელ საქართველოს მიულოცეთ ახალი 2021 წელი!
- +

31 დეკემბერი. 2020. 22:54

 

 

ახალ წელს გვილოცავენ ხარის წელში დაბადებული ხელოვანები: ცნობილი მსახიობი იმედა კახიანი და ოპერის მომღერალი იმერი კავსაძე, რომელმაც ძმასთან კახი კავსაძესთან ერთად კორონავირუსი დაამარცხა.

 

იმედა კახიანი: – დაბადებული ვარ ხარის წელიწადში, 1937 წელს. მოგეხსენებათ, რა პერიოდი იყო, რეპრესია მძვინვარებდა, დახვრეტები. მეც რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ, ოღონდ მამაჩემი 1937 წლამდე, 24 წლის ასაკში დაიჭირეს და 6 წლით ციმბირში გადაასახლეს. მიზეზი არ იცოდა, მერე გაიგო მცხეთაში რაღაც დღესასწაულზე ანეკდოტი მოუყოლია და ამის გამო მეზობელს დაუსმენია. გადასახლებაში მამა გადარჩა, დაბრუნდა და, ვინაიდან ქალაქში ცხოვრება აკრძალული ჰქონდა, სოფელში დასახლდა (სამტრედიის რაიონში), ცოლი შეირთო და მეც დავიბადე. იმედა დამარქვა, როგორც ახალი ცხოვრების დაწყების იმედი. მადლობა უფალს, რომ საქართველოში დავიბადე და ქართველად მოვევლინე ქვეყანას.

 

– ჰოროსკოპის მიხედვით, ხარის წელში დაბადებულ ადამიანებს არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, აქვთ დიდი მოთმინების უნარი, არიან შრომისმოყვარენი...

 

– მსგავსი ხასიათი მაქვს, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. ხარის თვისებებში გამოარჩევენ ერთგულებასაც – მეც ერთგული ვიყავი ოჯახისა და მეგობრების მიმართ. 10 წლის ასაკში მამაჩემის მამიდამ ფატი კახიანმა სოფლიდან თბილისში ჩამომიყვანა, სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა და ქალაქში სრულიად მარტო დავრჩი (ჩემი მშობლები თბილისში კი ჩამოდიოდნენ, მაგრამ აქ დარჩენის უფლება არ ჰქონდათ). ბინას გვართმევდნენ, მაგრამ სკოლის, მეგობრებისა და მეზობლების თანადგომით, სასამართლომ ბინა დაგვიტოვა. მაშინ ასეთი ურთიერთობები იყო – ადამიანები უყვარდათ, ერთმანეთზე ზრუნავდნენ და ფიქრობდნენ ეჰ, ნეტავ ისევ განმეორდეს ის დრო!

 

დედას უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი, გავედი კიდეც გამოცდებზე, მაგრამ ქულა არ მეყო, მერე ჩემმა მეგობარმა ნოდარ ფირანიშვილმა, რომელიც ჩემსავით ხარის წელში – 1937წელს იყო დაბადებული, მირჩია თეატრალური ინსტიტუტი და გამოცდები ჩავაბარე. 1957 წლიდან კინოში მიღებდნენ, ახლა ბუხართან ვზივარ მცხეთაში, ჩემს სახლში და ნაცარს ვქექავ (იცინის).

 

– ხარის წელში – 1937 წელს იყო დაბადებული მსახიობი გოჩა აბაშიძეც..

 

– გოჩასთან ვმეგობრობდი, უნიჭიერესი იყო, მხიარული, გამორჩეული, როგორც კი კინოში გამოჩნდა, მაშინვე აღიარება მოიპოვა. მასაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მამა გადასახლებული ჰყავდა, უჭირდათ. სამწუხაროდ, სრულიად ახალგაზრდა, 24 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან.

 

– ხარის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იყვნენ დაბადებული ცნობილი მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, ნუგზარ ჯუღელი, მარლენ ეგუტია, ეროსი მანჯგალაძე, ედიშერ მაღალაშვილი, ელენე ყიფშიძე, სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია. ასევე ცნობილი ფეხბურთელები შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი...

 

– რა კარგ და ნიჭიერ ხალხთან ერთად ვყოფილვარ დაბადებული, ქართული კინო და თეატრი მათ შრომაზე იდგა, ძალიან დააკლდნენ ქართულ კულტურას. ფეხბურთელებს – შოთა იამანიძესა და მიხეილ მესხს ახლოს ვიცნობდი. მე და შოთა ერთ უბანში ვცხოვრობდით, მე – პლეხანოვზე, ის ვარციხის ქუჩაზე. ეს ორი ქუჩა ერთმანეთს კვეთდა. იქვე ახლოს ცხოვრობდა ნოდარ ფირანიშვილიც, შოთა არამარტო ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, არამედ სკოლაშიც კარგად სწავლობდა, ოქროს მედალზე დაამთავრა. მიხეილ მესხი კი რამდენადაც პოპულარული იყო, იმდენად მოკრძალებული. მახსოვს, რიკოთის უღელტეხილზე რესტორანში შევხვდით, ფეხბურთიდან უკვე წასული იყო, მე სუფრასთან ვიჯექი, როცა შემოვიდა, ვერ იცნეს. ყურადღება არ მომაქციეს. გადავეხვიე, სუფრასთან მივიწვიე, როგორ ვერ იცანით, მიშა მესხია-მეთქი. დაირცხვინა – ყოფილი მიშა მესხი ვარო.

 

– ბატონო იმედა, 1937 წლის მსგავსი პროცესები როდის განმეორდა საქართველოში?

 

– რეპრესიები განმეორდა სააკაშვილის დროს და, ამასთან ერთად, ეს იყო ქართველი კაცის ღირსების ძირს დამცემი რეპრესიები. საკუთარი ცოლ-შვილის წინაშე ოჯახის უფროსის გაუპატიურება იყო არნახული ბოროტება – მაქვს კადრები ნანახი. ეს აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში, გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი არ ექცეოდნენ ასე ტყვეებს.

 

– 1961 წელიც ხარისა იყო, ადამიანი პირველად კოსმოსში რომ გაფრინდა...

 

– მახსოვს იური გაგარინის გაფრენაც და ჩემი ბიოგრაფიაც – 1961 წელს შეყვარებული ვიყავი, ერთი წლის მერე ვიქორწინეთ და დღემდე ერთად მოვდივართ. ამავე წელს ელდარ შენგელაიამ და თამაზ მელიავამ მიმიწვიეს ფილმში „თეთრი ქარავანი“.

 

– ბატონო იმედა, 1937 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალური რომანის „ევროპა გალიაში“ წერა დაიწყო, დღევანდელი სიტუაციით, ამ პანდემიამ თითქმის გალიაში ჩასვა მთელი მსოფლიო...

 

– შეიძლება დღეს გალიაში არ ვართ, მაგრამ თავისუფალ ადამიანს მორალისა და ზნეობის ჩარჩო უნდა აკავებდეს, არ შეიძლება თავისუფლების სახელით უზნეობის კეთება. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება პანდემიას, როგორც ჩანს, ეს კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი. ღმერთს ვთხოვ, ადამიანმა ზომიერების გრძნობა არ დაკარგოს და არავის დასჭირდეს გალიები! ვულოცავ საქართველოს ახალ წელს, არ დაგავიწყდეთ, ვისი გორისანი ვართ, საიდან მოვდივართ, გავმრავლდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი!

 

 

იმერი კავსაძე: – ძმების – კახი და იმერი კავსაძეების სახელით მთელ საქართველოს მიულოცეთ ახალი წელი, გჯეროდეთ უფლის და გიყვარდეთ მოყვასი, ყოველთვის ასეთი იყო და არის ჩვენი კრედო! რწმენა ყოველგვარ ბოროტებას ამარცხებს. დაე, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელებულიყოს, მრავალი ბავშვი დაბადებულიყოს!

 

– ბატონი კახი თავს როგორ გრძნობს?

 

– კვირაზე მეტია, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს, დავამარცხეთ კორონა – კახიმ – საავადმყოფოში, მე და ჩემმა მეუღლემ – სახლში. ახლა კახი უკვე კარგადაა, მაგრამ მეშინია თვალი არ ეცეს– მჯერა ასეთი რაღაცების, რეაბილიტაცია სჭირდება, დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ძმას დღეს ფეხზე დგომა შეუძლია. დიდი მადლობა ექიმებს!

 

– ვისი მეთვალყურეობის ქვეშაა?

 

– მარტო როგორ დავტოვებთ, მასთან შვილი და შვილიშვილები არიან, მეც მის გვერდით ვარ. კახის თუ არ ელაპარაკე და არ გაართე, არ შეუძლია. მსახიობია, მაყურებელი სჭირდება, მჯერა, როცა თეატრები დაიწყებენ მუშაობას, მაყურებლის წინაშეც წარდგება. კაი ძლიერი პიროვნებაა, ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი სულიერადაც და ფიზიკურადაც. ამ კორონასაც გადაიტანს. ასე რომ, კავსაძეებს არაფრის გვეშინია!

 

კახის სჯერა უწმინდესის, მისი სურათი საავადმყოფოშიც ჰქონდა, სახლშიც საწოლის პირდაპირ უდევს, სწამს მისი ლოცვის ძალის. ამ ახალ წელს უწმინდესი ილოცებს სრულიად საქართველოსთვის, ყველას მხნეობას ვუსურვებ, დაიჯერონ ბოროტების დამარცხების და სიკეთის გამარჯვების. ყველაფერი კარგად იქნება!

 

ქეთევან ხამიცაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner