მოგონებები ქართველ ბუკინისტზე - მამული კოხრეიძე
გამომცემლობა "კომუნისტის" გვერდით ერთი ლამაზი სახლი დგას, ქუჩისაკენ გამოწეული.ძველად ამ სახლის წინ ტროტუარი იყო, შემდგომ ეს ტროტუარი ქუჩას შეუერთდა და ტროტუარი სახლის შიგნით მოაწყვეს და ამ ტროტუარმა გაარღვია ბუკინისტური მაღაზია, სადაც მამული კოხრეიძე მუშაობდა.
ამ ტროტუარის მიერ გაჭრილ გვერდით სახლში მეორე კუთხეში ახალი ფართი მისცეს მას. იქ განაგრძო მამულიმ მუშაობა. იქ იმუშავა სიკვდილამდე. ვერ მოესწრო ამ მაღაზიის გაყიდვას აუქციონზე, ვფიქრობ, რომ ამ მაღაზიას შეეწირა მისი სიცოცხლე. აქ არ მინდა მის ტრაგიკულ დასასრულზე ვისაუბრო. მე ის სკოლის მოსწავლემ გავიცანი. სკოლის ფორმაში შევიჭერი მის სამყაროში, სადაც ბევრი ვისწავლე... მამული ყველა ბუკინისტისაგან გამოირჩეოდა . უემოციო, ჩუმი, ერთი შეხედვით უჟმური კაცი იყო. თუმცა ეს ასე არ იყო. ეს მე მერე დავინახე. ის არავის უხსნიდა გულს, ალბათ თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე. მე თავიდან მისთვის პატარა ბიჭი ვიყავი, შეზღუდული მატერიალური შესაძლებლობებით. ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ის წიგნები, რასაც დახლზე ვხვდებოდი. არადა მერე მივხვდი, რომ მამულის სხვა ეშმაკობები ჰქონდა წიგნის გაყიდვებში...
ის განსაკუთრებულ ანტიკვარულ წიგნებს თაროზე არ დებდა. მისი ოთახის უკან პატარა ოთახი იყო. იქ ჰქონდა მოტეხილი. სპეცმყიდველებს ურეკავდა და ექსკლუზიურად ანახებდა. თუ მყიდველი არ აიღებდა, მეორედ აღარ ანახებდა, სჯიდა. ეუბნებოდა, რომ გაიყიდა. ზოგჯერ გაცილებით იაფად გაუყიდია, მაგრამ მისი წესი იყო ძუნწი მყიდველის დასჯა. ასე ვიღაცის დასასჯელად მომყიდა 200 მანეთად ვოენნაია ენციკლოპედია, რომელიც 18 ტომი გამოვიდა სიტინის მიერ და პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო შეწყდა. უიშვიათესი გამოცემაა. მაშინ მე ვიცოდი მამაჩემისაგან , რომ ეს გამოცემა ძალიან იშვიათი იყო, 200 მანეთი მის საყიდლად პატარა თანხა იყო, მამულიმ მთხოვა, არ უთხრა @#-ს , რომ ეს შენ ჩემგან იყიდე დღესო, თითქოს ერთი თვის წინ იყიდეო და 700 მანეთადო .
მაშინ მივხვდი მის ფორმულას. ერთხელ 1888 წლის ქართველიშვილის ვეფხისტყაოხანი ჰქონდა 700 მანეთად, ვიძვირე... მორჩა. მე ეს წიგნი არ მინახია. მეც დამსაჯა. ასე იყო. ბევრი წიგნი მიყიდია მისგან. ფრთხილი კაცი იყო, არ იღებდა აკრძალულ წიგნებს. მისი ოთახის შესასვლელში ყუთი იდგა არმიღებული წიგნების ჩასაყრელად. ამ ყუთის გაქექვის უფლება მქონდა მიღებული. ნაპოვნი საჩუქარი იყო ჩემთვის. სხვებს ეუბნებოდა: დატოვეთ ოთახიო. მე გათამამებული ვყავდი, მაგრამ მეც ვიცოდი, რომ ჩუმად და სწრაფად უნდა გამექექა. ერთიორჯერ მანიშნა- მერე მოდიო. ოთახში ვინმე რომ ჩამოუჯდებოდა, მე არ უნდა მექექა. ვიცოდი წესები.
ერთხელ ვნახე თეთრ ყდაში წიგნი, გამოცემის ადგილი ეწერა : ნიუ იორკი. ეს იყო ჩემი პირველი წიგნი, რუსულ ენაზე აშშ-ში გამოცემული. მარტო ამიტომ წამოვიღე. სახლში რომ მივედი, ვჭამე და წამოვწექი. დავიწყე კითხვა. 1985 წელია. წიგნში ეწერა, რომ სსრკ არის ციხე. ავტორი ბუკოვსკი. გამთენიას დავასრულე და მეგონა, რომ რაღაც საიდუმლო გვირაბით ახალ სამყაროში გადავედი. წიგნი დავმალე. ჩემი შიში გაათმაგდა, როცა მამული ვნახე რამდენიმე დღის შემდეგ. -იქ, ყუთში ერთი რუსული წიგნი იყო ნიუ იორკში გამოცემული და შენ ხომ არ წაიღეო. არა მეთქი. იმდენად სწრაფად ვუპასუხე, რომ გაეცინა. იცოდე, თუ შენ წაიღე, არავის ანახო, თორემ მამაშენს პარტიიდან გარიცხავენო. ეს წიგნი სახლში მისვლისას ისე დავმალე, რომ ვერავინ იპოვნიდა. ეხლაც მაქვს.
მერე, 1989 წლის შემდეგ ალაპარაკდა მამული. ბევრი საინტერესო ამბავი მომიყვა. აი ერთი მათგანი: ჩემი მაღაზიის ხშირი სტუმარი იყო საშა მიქელაძეო. ახალი გამოსული იყო ციხიდანო(1937 წელს დაუჭერიათ და 1956 წელს გამოსულა). შემოვიდოდა მაღაზიაში და ლენინის ტომებს რომ დაინახავდა, ამბობდა: საბჭოთა კავშირი ძღნერიაო. დაიმახსოვრეთ, დაიშლებაო. 1961 წლის 12 აპრილს გაგარინი რომ გაფრინდა კოსმოსში, ვკითხეო, მიყვება მამული: ბატონო საშა, თქვენ ამბობდით, რომ დაიშლება, რატომ არ იშლებაო?
მიპასუხა: ძღნ...იაო, მაგრამ მიმფ...ელი არა ჰყავსო. დაიშლებაო.
სხვა რაღაცებიც მომიყვა, მაგრამ დღევანდელი საზოგადოება არაა მზად ამ ინფორმაციის აქ დაწერისათვის. პარდონ... ბოლოს გაქრა მამული. თურმე საღსალამათი კაცი საავადმყოფოში დაუწვენიათ. ვინ და როგორ, არაა აქ დასაწერი. ეს მაღაზია მაინც არ დარჩათ იმათ, ბანკმა იყიდა. ნათელში იყოს მამულის სული. მის შემდეგ მისი ადგილი ერთმა ქალბატონმა დაიკავა. არაფერი დაუშავებია ჩემთვის. მაგული ერქვა მგონი. მარა წიგნი მისთვის ისეთი რამე იყო, როგორც ჩემთვის სუნელები. წიგნები ერთმანეთზე ჰქონდა დალაგებული, თვითონ არ იცოდა, რა ჰქონდა. თუ იპოვნიდი საინტერესოს, გადაატრიალებდა, გადმოატრიალებდა და ზომით აფასებდა. მასზე არ ღირს ლაპარაკი.