logo_geo
eng_logo
უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებსაც ინტერპოლიც ვერ პოულობს
- +

31 დეკემბერი. 2020. 22:30

 

 

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა. აქედან 26 პირს მიაგნეს, 20-ს ამ დრომდე ეძებენ, ხოლო 8 გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგულთა სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ჯერ კიდევ არ უპოვიათ სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანი, რომლის ოჯახმა ბავშვის საპოვნელად სოლიდური ჯილდო დააწესა.

 

უფრო შორეულ წარსულში საქართველოში, უცნაურ გარემოებაში კიდევ ბევრი ადამიანი დაიკარგა. მათ ნაწილს ინტერპოლი კვლავ ეძებს. 2018 წელს ინტერპოლის მიერ გამოქვეყნებულ დაკარგულთა სიაში 19 ქართველია.

 

მათ შორის არიან:

 

2004 წელს დაკარგული ქუთაისელი ნუგი დვალიშვილი.

 

ის ცხრა წლის ასაკში დაიკარგა, დღეს 23 წლის უნდა იყოს. გაუჩინარებულ ქართველ ბავშვზე ინტერპოლმა ყვითელი ცირკულარით ძებნა 2006 წელს გამოაცხადა.

 

2002 წელს დაბა წყნეთიდან 15 წლის მარიამ გოგინაშვილი გაიტაცეს.

 

როგორც ცნობილია, გამტაცებლები მარიამის მამას ბავშვის გათავისუფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარი მოსთხოვეს. გოგონას მამამ თანხა დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს მიიტანა, თუმცა დამნაშავეებმა პირობა არ შეასრულეს, მარიამი არ გაუთავისუფლებიათ და აღარც ოჯახს დაკავშირებიან.

 

2013 წელს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში დარეჯან დიასამიძე დაიკარგა.

 

ის დილით, ბიძის სახლიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. კვალი ერთ კილომეტრიან მჭიდროდ დასახლებულ გზაზე იკარგება.

 

2010 წელს ქუთაისში 19 წლის ნათია გიორგიძე მეგობრის სანახავად გავიდა და შინ არ დაბრუნებულა.

 

ნათია სათვალთვალო კამერამ პუშკინის ქუჩის ჩიხთან დააფიქსირა, რომელიც მდინარე რიონთან ჩადის. ამავე კამერამ შავი BMW-ს მარკის ავტომობილიც „დაინახა“, თუმცა სანომრე ნიშნები კამერაზე არ ჩანს. სავარაუდოდ, გოგონა სწორედ ამ ავტომობილით გაიტაცეს.

 

ოჯახის ინფორმაციით, გოგონას კვალი თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში გამოჩნდა. დაკარგულის მშობლები ირწმუნებოდნენ, რომ ნათია ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. ეს ინფორმაცია ოჯახმა სამართალდამცველებსაც მიაწოდა, თუმცა გამოძიებას დღემდე არ აქვს პასუხი, სად იმყოფება 10 წლის წინ დაკარგული გოგონა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner