„მანანა ვარ იცოდე, სხვებში არ შეგეშალო“... ხომ გახსოვს პატარა მანანა, მან რთული გზა გაიარა და ცხოვრების სიყვარული ვერ იპოვა...
ნანული სარაჯიშვილის შესრულებული „მაროს“ როლიც ხომ გახსოვს, ხოდა ცხოვრებაში საერთოდ ვერ იპოვა „მიტო“... ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო...
როგორც თავად ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, კინომ „შეიტყუა“ და პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცალა.
„გარიგების“ პირველი და მეორე ნაწილიც ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. ყველაფერი მეგობრულ ვითარებაში დაიწყო. ზაზას ახალი დამთავრებული ჰქონდა კინოსარეჟისორო. ისე, საუბარში მითხრა, ასეთი და ასეთი ფილმის გადაღებას ვაპირებო და შინაარსი მიამბო. გამიხარდა, რა კარგია-მეთქი, მაგრამ ამ ფილმში თამაშზე არ მიფიქრია, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი შემოუთავაზებია.
მერე, მაროს როლზე ვიღაცები გასინჯა. ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს და მეუბნება: ჩემოდნები ჩაალაგე, კახეთში მივდივართო.
რა ჩემოდანი, რა კახეთი-მეთქი, დავიბენი. მაროს როლზე დაგამტკიცეო. თან გამიკვირდა, თან გამიხარდა. მერე სულ ვეკითხებოდი: იმათ რა დაუწუნე, ვინც გასინჯე, რა მოხდა-მეთქი? მინდოდა, ის შეცდომები გამეთვალისწინებინა.
აი, კახელი რომ კახელის თამაშს დაიწყებს, ის უკვე აღარ ვარგაო, – მითხრა. სულ ხუმრობ-ხუმრობაში გადავიღეთ ფილმი. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს არწივით“ დამაჯილდოვეს.
ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო და ქონებაც, რაც გამაჩნია. მეკითხებიან ხოლმე, ქმარს არ იბრუნებო. ძალიან უნდოდათ, მიტო დამებრუნებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფილმის მეორე ნაწილშიც ვერ დავიბრუნე.
ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო, უქმროდ უნდა დავრჩენილიყავი... თუმცა, ძალიან მონდომებულიც არ ვყოფივარ, მსახიობობამ შემიტყუა...
მოვხვდი „კავკასიურ ცარცის წრეში“, რომლითაც მსოფლიო შემოვიარეთ.
სულ ახალი და ახალი ეტაპები იყო და გავერთე. წლები ისე გაფრინდა, ვერც კი გავიგე.
რასაკვირველია, ამ გადასახედიდან ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი, მაგრამ მყავს დისშვილები.
უმცროსი ჩემი გაზრდილია. ჩემი და ძალიან ლამაზი იყო და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა.
ვიღაც მყავდა, ყველა ქალს ჰყავს თაყვანისმცემელი, მაგრამ, ეტყობა, ბედი არ იყო.
ჩემი დაც თეატრალურში სწავლობდა. მეორე კურსი რომ დახურა, უცხო ენებზე გადავიდა. რატომღაც აღარ მოუნდა მსახიობობა. მამაჩემი გადარეული იყო. ერთს ძლივს გადავაფიქრებინე, ახლა მეორე შევიდა ამ თეატრალურზეო.
ჩემი და თხუთმეტი წლის წინ მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა.
ყველა მსახიობს აქვს დეპრესია, მარტო მე – არა. ხან გაქვს სამუშაო, ხან – არა.
მაგრამ, არასოდეს არავის ვახვევ ჩემს წუხილს. მაინც სულ ვმოძრაობ. ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია.
ყოველ შემთხვევაში, თუ არც კინოში მაქვს სამუშაო და არც თეატრში, რაღაცას მოვიფიქრებ ხოლმე.
უნდა მოიკრიბო ძალა. თავს შევუძახებ, სხვანაირად არ გამოდის.
ცხოვრება ხომ ბრძოლაა. ბევრ რაღაცას ვნანობ, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი ხელიდან გავუშვი, რაღაც-რაღაცეებზე უარი ვთქვი, რაზეც ახლა არ ვიტყოდი“,- ამბობს სარაჯიშვილი.