გთავაზობთ ფრაგმენტებს ტელეინტერვიუდან, რომელიც ცოტა ხნის წინ „რუსთავი-2“-ის ეთერში გაიმართა თეა წულუკიანსა და „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შორის:
„როდესაც ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს, ქალს, გარკვეული ასაკის მქონე ადამიანს – ქალბატონი სალომე არ არის არც თქვენი ასაკის, არც ჩემი ასაკის, ის არის ჩვენზე, ორივეზე და ბევრზე, არ გეწყინოთ ოღონდ, გამოცდილი ადამიანი და ღვაწლი აქვს მას გარკვეული, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით.”
წამყვანი: ქალბატონო თეა, ამ განცხადებით გამოდის სპეცსამსახურების წახალისება თქვენი მხრიდან.
თეა წულუკიანი: ერთი წუთით, ნუ მაწყვეტინებთ! გამოდის, რომ პასუხი არ გაინტერესებთ. თქვენ მიუძღვენით გადაცემა იმ სიტყვებს, რომლებსაც, უბრალოდ, მე ვერასდროს ვერ გავიმეორებ. ვერ გავიმეორებ იმას, რაც საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს ნიკა გვარამიამ უწოდა. შეგიძლიათ თქვენ, როგორც ქალმა, ეს სიტყვები გაიმეოროთ!
წამყვანი: – თქვენ სრულიად სხვა თემაზე ლაპარაკობთ ახლა.
თეა წულუკიანი: – არ არის ეს სხვა თემა, ჩემი განცხადება არის ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი. თქვენ გქონიათ ოდესმე რეაქცია იმაზე, რომ შეურაცხყოფილია ჩვენი „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წევრის ოჯახი – ცოლი, შვილი, მოხუცი მშობლები, ქმარი, ჩვენ თვითონ, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ და, პრინციპში, არც არის პრობლემა და როცა არ კადრულობ, რომ უწოდო ის, რასაც მართლა ვერ ვიმეორებ, რაც ნიკა გვარამიამ არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ ამერიკის ელჩს მიმართეს, გერმანიის ელჩს მიმართეს...
წამყვანი: – ქალბატონო თეა, ნიკა გვარამია არის ჟურნალისტი, ის არის მოქალაქე, თქვენ ხართ დეპუტატი.
თეა წულუკიანი: – მე არ ვარ მოქალაქე?
წამყვანი: – თქვენი სტატუსის მქონე ადამიანისგან ხელისუფლებას წარმოადგენთ, ხომ ამ შემთხვევაში, რამდენად სწორად გეჩვენებათ ასეთი განცხადების გაკეთება.
თეა წულუკიანი: – თქვენს სტატუსზე ვისაუბროთ. თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თქვენ გაქვთ სტატუსი და ამაზე მაღალი სტატუსი, მედიაპლურალიზმისა და დემოკრატიული საზოგადოებისთვის, ალბათ, ცოტაა და რას ნიშნავს: თქვენ ამართლებთ ნიკა გვარამიას თავდასხმებს პრეზიდენტზე, ამერიკის ელჩზე?
წამყვანი: – თქვენი პასუხი მაინტერესებს.
თეა წულუკიანი: – ჩემი პასუხი არის ძალიან რბილი, ზრდილობიანი ამ კასკადზე, რომელიც არ მთავრდება და მივიდა იქამდე, რომ ანტიგერმანულ გამონათქვამებს მივაღწიეთ საქართველოში. ეს არის სირცხვილი.
წამყვანი: – თქვენი განცხადებები არ იყო სპეცსამსახურების წახალისება?
თეა წულუკიანი: – ეს არის ტყუილი, ვის რაში სჭირდება ეს ადამიანი, რომ ვინმემ უთვალთვალოს? ეს არის ტყუილი და როდესაც არ რეაგირებთ იმაზე, რასაც ეს ადამიანი აკეთებს და აქ, ღია ეთერში მეუბნებით, რომ მერე რა მოხდა, ის ჟურნალისტიაო, ანუ რას ნიშნავს ეს – ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობები და თქვენ არა გაქვთ პასუხისმგებლობები?
წამყვანი: მოქალაქე არის მოქალაქე, ჟურნალისტი არის ჟურნალისტი, დეპუტატს, ალბათ, სხვა თმენის ვალდებულება აქვს.
თეა წულუკიანი: – ანუ, რას მეუბნებით, ჩემს მოხუც მშობლებს აქვთ თმენის ვალდებულება, როდესაც ისინი არ გახლავან პოლიტიკოსები და დეპუტატები?! თქვენ მეუბნებით, ჟურნალისტი, ამხელა არხის და მე გპასუხობთ: ჩვენს ოჯახებს რომ თავს ესხმიან, ეს არა უშავს, მისი ოჯახის წევრს რომ ვიღაც მზეთუნახავს ეძახის, ამან აღგაშფოთათ?! მაშინ გაიმეორეთ ის სიტყვა, რაც ნიკა გვარამიამ უწოდა სალომე ზურაბიშვილს. გაიმეორეთ! ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის და სად ხართ, მედია. ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა ქართველი ერისთვის. გერმანელები, რომლებიც ჩვენ, ახლიდან რომ დავიბადეთ 90-იან წლებში, მათი წყალობით, ამერიკელების წყალობით, ევროკავშირის წყალობით ვდგავართ ფეხზე, კოდექსები რომ გვაქვს, თედო ნინიძესთან, ჯონი ხეცურიანთან, ლადო ჭანტურიასთან ერთად, გერმანელებმა, თავიანთი ჯიბიდან ფული ამოიღეს და ჩვენ მოგვცეს, როცა გვშიოდა და კანონები არ გვქონდა. დღეს ანტიგერმანულ გამონათქვამებს ვისმენთ. მაპატიოს ქალბატონმა სალომემ , ხანდაზმულ პრეზიდენტს გაუგონარ სიტყვებს უწოდებენ და ამაზე რეაქცია არ გაქვთ. მაპატიეთ, ძალიან გამანერვიულეთ. თქვენ, ქალი ჟურნალისტი ბედავთ და ამბობთ, მერე რა მოხდა – ნიკა გვარამია ჟურნალისტია. მერე რა მოხდა, რომ ჩემს მოხუც მშობლებს ავადმყოფებს და მერე ახალდაქვრივებულ ქალს ბინაში უვარდებიან. მე თმენის ვალდებულება მქონია, დიახ და მე რომ ვითმენ, იმდენი თქვენ არასდროს მოგითმენიათ, წარბშეუხრელად ვითმენ. კეთილი ინებეთ და ნუ აღშფოთდებით, იმიტომ, რომ გვარამია აღშფოთდა. თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ – „რუსთავი-2“ ეკუთვნოდა ხალხს, მის მესაკუთრეს, ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს. მე თქვენგან მაქვს იმის მოლოდინი, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე, იმიტომ, რომ მე ტყუილად კომპლიმენტებს არ ვარიგებ.
მეორე წამყვანი: – ქალბატონო თეა, თქვენ როგორ დაგვიბრუნეთ, „რუსთავი-2“ დაგვიბრუნა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებამ...
თეა წულუკიანი: – ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. მაგრამ არ შეიძლება ასე, არ შეიძლება. თქვენ არ შფოთდებით იმაზე, რაც ემართება ჩვენს ოჯახებს. არ მინდა ახლა ბიძინა ივანიშვილი ვახსენო, იმიტომ, რომ დაიწყება მერე, ივანიშვილი ახსენეო, არადა, ეს ტაბუ მკვიდრდება 8 წელია.
ივანიშვილის ოჯახი, ქალიან-კაციანა რა წუმპესაც იტანს, მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური ფიგურა და მასზე არის თავდასხმა, მეც ვარ იქ, სადაც ვიყავი და რასაც მე ვიტან, არ გისურვებთ და ეს ჩემი ვალია, კი ბატონო, მაგრამ ოჯახებზე როცა ხდება თავდასხმა, პატარა ბავშვებს როცა სახლში უვარდებიან.
საერთოდ არ იციან ჩემმა სამი წლის ძმის შვილმა, მე რა საქმიანობით ვარ დაკავებული, რაღაცას კი ხვდება, ხანდახან ტელევიზორს რომ უყურებს, მაგრამ, როცა მას სახლში უვარდება ტვ-პირველი და მერე თუ ჩემი პიარი არ დარეკავს და მორიდებულად არ სთხოვს, დაბინდეთ სახეებიო, სახეებსაც არ ბინდავენ და როცა მე ვამბობ ირონიულად, რომ მზეთუნახავია გვარამიას ცოლი, თქვენ ამით ხართ აღშფოთებული და რაც ქალბატონ სალომეს უწოდეს, იმით არ ხართ აღშფოთებული და მეუბნებით, რა მოხდა, ჟურნალისტია და შენ დეპუტატი ხარო. ვინ თქვა, რომ დეპუტატი უუფლებოა, ან მინისტრი?!
ჟურნალისტს აქვს ვალდებულებები, უფლებები და ძალიან დიდი თხოვნა მექნება, იმიტომ, რომ ეს არხი მართლა, მე რასაც ვუყურებ, თუ არ მეშლება, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა მიუხედავად ბნელი წარსულისა, სანამ კანონიერება და სამართლიანობა აღდგებოდა, რესპექტაბელურ არხად. იქნებ, რაღაცნაირად, ბოდიშს ვიხდი, რომ იდეას გაწვდით – ამ თემებზე გამართოთ დისკუსია – რა, როგორც გვარამია იტყოდა, მოსულა და რა არ მოსულა. მისი ოჯახი ოჯახია და სხვისი ოჯახი ოჯახი არ არის?! მისი ცოლი ცოლია და სხვისი ცოლი – ცოლი არ არის?! ამას უწყობს ხელს თქვენ?! თორემ მე დამესხით თავს, რამდენიც გინდათ. ეს არის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი, მე მაქვს თმენის ვალდებულება და ვითმენ. თქვენ გინახავთ, რომ მე ოდესმე დამეწუწუნოს – ცუდად მომექცნენო?! გინახავთ ეს?!
თქვენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს არ იცავთ. თქვენ სალომე ზურაბიშვილის შვილებს არ იცავთ. თქვენ იცავთ მხოლოდ ნიკა გვარამიას მეუღლეს. თქვენც გამოტოვეთ ყველა ის უბედურება, რა ხდება ქალების წინააღმდეგ.
მე და ეკა ტიკარაძეზე შემიძლია დისერტაცია დაგიწეროთ ზეპირად, მაგრამ ამის დრო თქვენს ეთერში არ არის. ეს ქალი არის მუდმივი ბულინგის მსხვერპლი. ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ის უძლებს, ამ დიდი უბედურების პირობებში.
სახლში მივარდნებით დაწყებული და ბევრი სხვა რამით დამთავრებული და ამ დროს სიტყვა მზეთუნახავი გეწყინათ? – ძალიან რომანტიული სიტყვა და მე ვაგრძელებ იმ განცხადებას თავისუფლების ფარგლებში, რაც აქვს დეპუტატს, მე ეს გავაგრძელო!“
* * *
როგორც ვთქვით, ეს დიალოგი გაიმართა გასულ კვირას „რუსთავი-2“-ის ეთერში ირაკლი იმნაიშვილს, თამარ ურუშაძესა და თეა წულუკიანს შორის.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად კი პარლამენტარმა და ერთ-ერთი საკვანძო კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა თეა წულუკიანმა ამ ინტერვიუში ისეთი თემები წამოსწია წინ, რომლებიც ქართველ საზოგადოებას და მათ შორის „საერთო გაზეთსაც“ დიდი ხანია აწუხებს.
გაგიკვირდებათ ქალბატონო თეა და თემებზე, რომლებზეც თქვენ ასეთი გულისტკივილით ილაპარაკეთ, ათი წელია „საერთო გაზეთი“ სისტემატურად წერს, თუმცა ამის შესახებ შეიძლება სახელისუფლებო წრეებმა ნაკლებად იციან.
„საერთო გაზეთის“ წაკითხვა-არწაკითხვაში კი არ არის საქმე, საკითხი უფრო ღრმა და სერიოზულ პრობლემებშია, რომლებიც ქართული სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებას აფერხებს, ზოგ შემთხვევაში კი იმ საძირკველს ანგრევს, რაზეც დგას სახელმწიფო, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა.
თქვენ აღშფოთებული ხართ და აბსოლუტურად სამართლიანადაც, რომ დღეს დაუმსახურებელი ლანძღვა-გინებისგან, ცილისწამებისგან, შეურაცხყოფისგან, ღირსების შელახვისგან დაუცველია ყველა და იქვე საყვედურსაც ამბობთ: რატომ არ იცავთ ჩვენს ოჯახებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, რატომ არ იცავთ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რატომ არ იცავთ სალომე ზურაბიშვილს და მის შვილებს?
ვიცავთ, ქალბატონო თეა, ვიცავთ და როცა ამას ვაკეთებთ, იქვე იმაზეც მივუთითებთ და იმაზეც ვლაპარაკობთ, საიდან მოდის ეს ნამდვილი ეროვნული უბედურება.
ამ უბედურების ერთ-ერთ წყაროს ახლავე დაგისახელებთ – „კანონი პრესის შესახებ“, რომელიც სააკაშვილმა დაგვიტოვა „ანდერძად“.
ძალიან ვრცელი თემაა ეს, ბევრი ნიუანსი, ბევრი განშტოებით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყურად ვიღოთ თქვენი რჩევა და ამ თემის გარშემო „საერთო გაზეთის“ მომდევნო ნომრებში საუბარი გავაგრძელოთ.
თქვენი თქმისა არ იყოს, მართლაც არ შეიძლება ასე გაგრძელდეს.
მოხარული ვიქნებით, თუ ამ დისკუსიას თქვენც შემოუერთდებით...
ირანდა კალანდაძე