logo_geo
eng_logo
პაატა დავითაშვილი: როცა „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე არ წარმოდინდების...“
- +

1 იანვარი. 2021. 15:55

 

 

დღეს ყველაზე წარმატებულმა ქვეყნებმა (იაპონია, გერმანია და სამხრეთ კორეა) აღორძინება განათლების სისტემაში დიდი ფულის ჩადებით დაიწყეს. ფულის ჩადებასაც ჭკუა უნდა, მაგრამ ეს ჭკუა ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ჩანს.

 

საბჭოთა პერიოდში სკოლაში ბავშვები სწავლობდნენ იდეალური სახელმძღვანელოებით, რომელთაც უდიდესი მეცნიერები წერდნენ. იმდენად დიდები, რომ ეჭვსაც კი ვერ შეიტან მათ კომპეტენტურობაში. დღევანდელ სახელმძღვანელოებზე მოგვიანებით, შედარებით დაწვრილებით ვისაუბრებ.

მათემატიკის სახელმძღვანელოები იწერებოდა უდიდესი რუსი მათემატიკოსის კოლმოგოროვის უშუალო ხელმძღვანელობითა და რედაქციით, ფიზიკის წიგნებზე მუშაობდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები. ქართული ლიტერატურის წიგნებზე ავტორთა ჯგუფები მუშაობდნენ და რამდენიმე კომუნისტური ლექსისა და რომანის გარდა, არცერთ ნაწარმოებში ეჭვი არ შეგვპარვია. ძალიან კარგი იყო ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები.

 

საბჭოთა სახელმძღვანელოებს ჰქონდათ იდეოლოგიური პრობლემები და გაჟღენთილი იყვნენ უაზრო მარქსისტულ-ლენინური სიდებილეებით, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ისტორიის სახელმძღვანელოები. პირადად მე, საქართველოს ისტორია საერთოდ არ მისწავლია, დამამთავრებელ კლასებში ვსწავლობდით მხოლოდ საბჭოთა კავშირის ისტორიას.

 

მიუხედავად ამისა, ქართველი სკოლადამთავრებული იყო ზოგადად კარგად განათლებული, მეტ-ნაკლებად ერკვეოდა ყველა სფეროში და რაც მთავარია, ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული. მან იცოდა, რომ ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო, ჰქონდა დიდი ისტორია, დიდი ლიტერატურა, დიდი მეცნიერება, დიდი სპორტი, დიდი წარსული. შესაბამისად ჰყავდა დიდი მეფეები, დიდი მწერლები, დიდი მეცნიერები და დიდი სპორტსმენები. ისიც იცოდა, რომ მისი სამშობლო გამომწყვდეული იყო საბჭოეთის დილეგში და სანამ დამოუკიდებლობას არ მოიპოვებდა, იმ სიდიადეს, რითაც ამაყობდა, ვერ მიაღწევდა. და რაც მთავარია, მას არ ჰქონდა ნიჰილიზმის გრძნობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. მან იცოდა, რომ კარგად მაშინ იქნებოდა, როცა მისი სამშობლო იქნებოდა კარგად.

 

ეს ყველაფერი დღეს დაკარგულია. დღეს უმეტესობა ფიქრობს, გააღწიოს ქვეყნიდან, სადღაც უცხო ქვეყანაში დაიდოს ბინა და იშოვოს ბევრი ფული, იმიტომ, რო მას არ აქვს გააზრებული მისი დაბადების და მომავალი ცხოვრების აზრი.

 

დღევანდელი ახალგაზრდათა უმეტესობას არ აქვს ეროვნულობის შეგრძნება, არ თვლის სამშობლოდ საქართველოს და მისთვის მთავარია ფულია – ანტიქრისტე, რომელიც დიდი ხანია მოსულია დედამიწაზე და მის მითიურ მოსვლას ტყუილად ელოდება ერი და ბერი.

 

ჩემს მოსწავლეებთან ხშირად ვსაუბრობ ქართველობაზე, საქართველოზე, მის სიდიადეზე. არ სჯერათ, რომ ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ვერაფრით წარმოუდგენიათ, რომ ჩვენ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები, მწერლები და სპორტსმენები გვყავდა. ზეპირად იციან ყველა ტელეწამყვანი, კუტურიე და პოლიტიკოსი, მაგრამ არ იციან ილია ვეკუა და ნიკო მუსხელიშვილი, აკაკი შანიძე, ივანე ბერიტაშვილი და სხვა მრავალი.

 

ბუნებრივია, ისმის კითხვა – საბჭოთა განათლების სისტემა რატომ ვერ იძლეოდა მაღალი დონის სპეციალისტებს?

 

საბჭოთა პერიოდში არ ხდებოდა სკოლაში მიღებული ცოდნის გამყარება უმაღლეს სასწავლებელში.

 

ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. უმთავრესი მიზეზი, ჩემი აზრით, იყო სასწავლო პროგრამის არაეფექტურობა. ასწავლიდნენ უამრავ საგანს, მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკის გარეშე. მე, მაგალითად, მათემატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი 20-მდე სხვადასხვა მათემატიკურ საგანს. პრაქტიკა კი მხოლოდ 2 კურსზე გავიარეთ, საბჭოთა უმაღლეს სკოლას ახასიათებდა სწრაფვა უნივერსალიზმისკენ, უნდა გვესწავლა ყველაფერი წიგნის წაკითხვისა და წაკითხულის გააზრების დონეზე. საჭირო იყო მეტი პრაქტიკა და ნაკლები თეორია. სპეციალისტად ჩამოყალიბება პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია.

 

მეორე პრობლემა საბჭოთა პერიოდის დროს იყო კორუფცია ყველა დონეზე. კორუფციამ გამოიწვია ის, რომ გამეფდა ნეპოტიზმი და ხშირად საკვანძო თანამდებობაზე „ბლატიანი“ უვიცები ინიშნებოდნენ. ყველაზე მტკივნეულად ეს მეცნიერებაზე აისახებოდა. მე ორ კვლევით ინსტიტუტში ვიმუშავე და ორივეგან დირექტორს ინტელექტითა და ცოდნით ნებისმიერი დამლაგებელი სჯობდა. ეს დირექტორები დარგს კი არ ავითარებდნენ, პირიქით, ხელს უშლიდნენ. კომიკურიც კი ხდებოდა ხშირად მუშაობა ამ ადამიანებთან, თავი ფარაონები ეგონათ, ინსტიტუტი კი – პირამიდა, რომელიც მხოლოდ მათი საკუთრება იყო სიცოცხლის ბოლომდე ერთ-ერთმა დირექტორმა თავისი თანამდებობა, პენსიაში გასვლის შემდეგ, თავის შვილს გადაულოცა. აქ ყველაფერს ძალიან შერბილებულად ვწერ და თანაც მხოლოდ იმას, რაც საკუთარ თავზე გადამხდა. რეალობა კი გაცილებით საშინელი იყო.

 

აღვირახსნილმა კორუფციამ და ნეპოტიზმმა წარმოშვა „წითელი დირექტორების“ ფენომენი. განათლებას, მედიცინას, ეკონომიკას და ყველა სფეროს მოასხდნენ ძველი საბჭოთა დირექტორები და დღეს მათ შვილებს აქვთ მთელი საქართველოს ქონება ხელში ჩაგდებული. ამ „წითელ დირექტორებს“ დისერტაციებიც კი ჰქონდათ დაცული სხვადასხვა სფეროში, დაწერილი ჰქონდათ უამრავი სამეცნიერო სტატია და წიგნი. იმდროინდელი დისერტაციებიდან აღსანიშნავია მაგალითად ასეთი „პირველი პიონერული რაზმი რუსთავში“, „თავისუფალი დროის პრობლემა საბჭოთა ქარხნის მუშის ცხოვრებაში“, „1924 წლის მოსკოვი“ და ა.შ.

 

მაშინდელი ახალგაზრდა მეცნიერი დაწერდა რაიმე სტატიას და წარადგენდა ან თავის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ან დაწესებულების დირექტორთან, ისინი მაშინვე თავისად გაასაღებდნენ ამ ნაშრომს და პირველ ავტორებად ეწერებოდნენ. არც აქ არაფერს ვიგონებ, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, შეიძლებოდა საბჭოთა განათლების სისტემიდან რაციონალური მარცვლის აღება და გაუმჯობესება. მაგალითად, დაეტოვებინათ იგივე სახელმძღვანელოები, გამოეცალათ ძველი საბჭოთა იდეოლოგია და შეეტანათ ახალი, ეროვნული იდეოლოგია.

 

მაგალითად, მათემატიკის წიგნებში კოლმეურნეები და ბრიგადები შეეცვალათ ფერმერებით, რუსეთის ქალაქების ნაცვლად კი აეღოთ საქართველოს ქალაქები და დასახლებული პუნქტები. არა მგონია, კოლმოგოროვზე კარგი სახელმძღვანელო მათემატიკაში ჩვენთან ვინმემ დაწეროს, ფაქტი სახეზეა – მათემატიკის სახელმძღვანელო სკოლას რეალურად არ აქვს. პედაგოგს გაკვეთილზე არა აქვს საკმარისი ამოცანათა რაოდენობა და იძულებულია სხვა წიგნებსაც მიმართოს. არადა, ზემოთ აღვნიშნე, პრაქტიკა ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით სკოლაში, ერთხელ, ფეისბუკზე დავპოსტე – „გავრცელდა ხმა, რომ სკოლაში აპირებენ რელიგიის სწავლების აღდგენას. მოუთმენლად ველი სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების აღდგენას“. გამოხმაურებათა უმეტესობა ასეთი შინაარსის იყო – „ნუთუ ასე ცუდადაა საქმე?“ კი, ძალიან ცუდადაა, ცუდ სახელმძღვანელოებს ემატება უცოდინარი პედაგოგების მთელი არმია. სასერტიფიკაციო გამოცდებზე მათემატიკაში იჭრება მასწავლებელთა 87-88%, ფიზიკაში – 92%, დაახლოებით, ასეთივე სურათია დაწყებით კლასებში.; დაწყებითების მასწავლებლად მუშაობენ ათასი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. უმეტესობამ არ იცის ელემენტარულიც დკი მათემატიკაში და რადგან წერა-კითხვა იციან, ეს საკმარისი ჰგონიათ. არადა, დაწყებითი კლასებიდანვე უნდა მივაჩვიოთ ბავშვები აზროვნებას. თუ ბავშვმა ტვინი არ ავარჯიშა, რანაირად იაზროვნებს? დაწყებით კლასებში კი გონების სავარჯიშოდ ყველაზე შედეგიანი მათემატიკის სავარჯიშოებია, აგრეთვე სახალისო მათემატიკა და ლოგიკური ამოცანები, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად.

 

ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებზე. როგორ ფიქრობთ, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების გაცნობა სკოლაში რომელი ნაწარმოებით იწყება? გაგიკვირდებათ და მე-8 კლასში ისწავლება „დიდი იოსები“. აი, ამით იწყება დიდი კონსტანტინე სკოლაში. ბევრს, ალბათ, არც გაგიგიათ ეს მოთხრობა.

 

ასევე, ჩემი აზრით, ძალიან ცუდად არის წარმოდგენილი ვაჟა-ფშაველას, აკაკის, გალაკტიონის და სხვათა შემოქმედება. გალაკტიონი რომ ბუმბერაზი პოეტია, ამას დღეს ახალგაზრდობა ვერ ხვდება და ერთი უბრალო პოეტი ჰგონიათ. მარტო გალაკტიონი ეყოფოდა ბევრ ქვეყანას საამაყოდ. არაფერი იციან დღევანდელმა ბავშვებმა პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე აბაშელის, ტიციან ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის და სხვათა შემოქმედებაზე. მეტიც, არც კი გაუგიათ ისინი.

 

მაგრამ ამას კიდევ ეშველება, მასწავლებლის მოხერხებულობის წყალობით. არ ვიცი რა ეშველება მუსიკისა და სამოქალაქო განათლების სწავლებას. ერთ ფრაზას მოვიყვან „სამოქალაქო განათლების“ მე-9 კლასის სახელმძღვანელოდან და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ. „დასაქმების მიზნით სამსახურის ძებნას სამსახურის ძიება ეწოდება“.

 

მე-9 კლასის მუსიკის სახელმძღვანელო რისი სახელმძღვანელოა, ვერ გაიგებ. ავტორს ფიროსმანი აშკარად მუსიკოსი ჰგონია და მოჰყავს მისი ინტერვიუ. ეს ინტერვიუ, ალბათ, ხელოვნების სახელმძღვანელოში უფრო გამოდგებოდა, მაგრამ რატომღაც მუსიკის წიგნშია შეტანილი. ამ წიგნში არის ასეთი სახელ/ოდების თავი: „ინდური მუსიკა“. მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურებში ინდური მუსიკა არაფრით არის გამორჩეული, მაგრამ ავტორს აშკარად ინდური ფილმების ნოსტალგია აქვს. აბა, ისე რა უნდა მუსიკის სახელმძღვანელოში ინდურ მუსიკას. განა რამე მუსიკალური ნაწარმოები გაგვიგია ინდური? მაგრამ ამ ინდური მუსიკის გვერდს ამ წიგნში ინდოეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. მთელს გვერდზე გადაჭიმულია ბითლზის სურათი, სადაც ჯორჯ ჰარისონს ინდური საკრავი უპყრია ხელთ. ამ გვერდზე მხოლოდ ოთხხაზიანი ტექსტია იმის შესახებ, რომ ბითლზები ხშირად მიმართავდნენ ინდურ საკრავებს.

 

ჩემი აზრით, მუსიკა სკოლაში უნდა იყოს ერთ-ერთი საკვანძო და ყველაზე საინტერესო საგანი. ბავშვებს უნდა მოასმენინონ ქართული საგალობლები, ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები, საფუძვლიანად გაურჩიონ ისინი, დაანახონ მათი სიდიადე, სირთულე, კეთილხმოვანება. როცა სკოლიდანვე მიაჩვევ ბავშვს ამას, ის აუცილებლად ქართული ძარღვით გაიზრდება, დააფასებს თავის უცნობ წინაპრებს, რომლებმაც აქამდე მოიტანეს ეს საგანძური. ამას ხომ დიდი თანხები არ სჭირდება. ტექნიკურად დღეს ყველა სკოლა მეტ-ნაკლებად გამართულია და თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება. მხოლოდ უშიკიშვილი და ძმანი მისნი ვერ გადაარჩენენ ქართულ ფოლკლორს. დღეს ქართული ესტრადა საშინელ მდგომარეობაშია. ჩვენი „მომღერლები“ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აბრალებენ იმას, რომ კონცერტებს ვერ მართავენ. მე, მაგალითად, ყოველდღე ბილეთი რომ მაჩუქო ჩვენი „მომღერლობის“ კონცერტებზე, არც ერთხელ არ წავალ, მათი უბედურება იმაშია, რომ მოწყდნენ ეროვნულ ფესვებს, არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ ფოლკლორთან და რატომ უნდა იყვნენ ვინმესთვის საინტერესო.

 

ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა აღდგეს სკოლაში სამხედრო სწავლება და ფიზ-მომზადება. ბავშვებმა უნდა ატარონ სპორტული ტანსაცმელი და მათ ჩაუტარდეთ სრულფასოვანი გაკვეთილები ფიზკულტურაში. დღეს ეს გაკვეთილი ჩაბარებული აქვთ გაურკვეველი სპეციალობის ხალხს და მხოლოდ იმიტომ ტარდება, რომ ვიღაც გაჭირვებულმა „მასწავლებელმა“ ხელფასი აიღოს.

 

ასე არ შეიძლება, ეს არის ბავშვებისთვის ძვირფასი დროის მოპარვა, რაც დღეს, ძალიან დაჩქარებული ტემპების საუკუნეში, ჩვეულებრივი დანაშაულია. ბავშვები უნდა თამაშობდნენ ფეხბურთს, კალათბურთს, ხელბურთს, უნდა გაიხსნას ქართული ჭიდაობის წრეებიც, ისევე, როგორც ქართული ცეკვის.

 

აი, აქ არის საჭიროთ ფულის ჩადება სახელმწიფოს მხრიდან. მასწავლებელს ფული ბავშვმა კი არ უნდა გადაუხადოს, არამედ სახელმწიფომ და მშობელიც უფრო თამამად მიიყვანს ბავშვს ქართულ ცეკვაზე. მასწავლებელიც კომპეტენტური უნდა იყოს და არა ისეთი, თეორიულად რომ იცის ცეკვა. ქართული ცეკვა ისეთივე საგანძურია, როგორიც არის ქართული საგალობლები და ხალხური სიმღერები. მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. აბა დააკვირდით, არცერთი ცეკვის დროს არ არის ქალი ისეთი ლამაზი, როგორც ქართული ცეკვის დროს. ნახეთ, როგორი კდემამოსილება, სინატიფე, სილაღე და გრაციოზულობა იფრქვევა ქართული ცეკვის დროს. კულტურის მინისტრი დღედაღამ იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ რომელი ანსამბლი სად გაუშვას გასტროლებზე. საქართველოს კი 50-მდე კარგი ანსამბლი ჰყავს. 200-მდე ქვეყანაა მსოფლიოში, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, რამდენი ანსამბლი წავიდოდა გასტროლებზე, დააინტერესებდა საქართველოს კულტურით სხვადასხვა ქვეყნებს, ტურისტული ნაკადიც, ცხადია, მოიმატებდა. მაგრამ არ ჩანს ასეთი კულტურის მინისტრი.

 

სამხედრო სწავლებაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მაგრამ ეს სწავლებაც არ უნდა დაიყვანებოდეს იარაღის დაშლა-აწყობაზე. გაკვეთილი ისე უნდა ტარდებოდეს, რომ ბავშვს საერთოდ არ უნდა უჩნდებოდეს ჯარიდან თავის არიდების სურვილი.

 

უნდა ისწავლებოდეს თანამედროვე სამხედრო ტექნიკის ელემენტები და სამხედრო მიღწევები.

 

ასევე სკოლაში შევიტანდი ჭადრაკის სწავლებასაც. ჭადრაკი გონების გასავითარებლად ერთ-ერთი მძლავრი იარაღია, თუ მსოფლიო ჩემპიონებს ვერ აღმოვაჩენთ სკოლაში და ვერ გავზრდით, ჭადრაკის მცოდნე და გონებანავარჯიშევი ახალგაზრდები ხომ გვეყოლება, თანაც ახალ სამუშაო ადგილებს შევქმნით და მოჭადრაკე მასწავლებლებს დავასაქმებთ. დღეს ბევრ სკოლაში ასწავლიან ჭადრაკს, მაგრამ სწავლების ხარისხი იმდენად დაბალია, რომ სალაპარაკოდაც კი არ ღირს. ერთ-ერთ სკოლაში მე დავსვი საკითხი, რომ გაგვეუქმებინა ჭადრაკის სწავლება. ყველას გაუკვირდა და ჩამორჩენილ ადამიანად ჩამთვალეს, მაგრამ მაშინვე განვუმარტე, რომ ასე ჭადრაკის სწავლება, როცა პედაგოგმა სვლებიც კი არ იცის, მკრეხელობაა ამ უდიდესი თამაშის, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგის მიმართ-მეთქი. დამიჯერეთ, პედაგოგსაც არ გამოუთქვამს პროტესტი, სვლები ვიციო.

 

სტალინმა, რომელიც საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო, მოითხოვა მიეტანათ ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტთა უწყისები. ამ უნივერსიტეტში ასწავლიდნენ მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსები, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატები – ყველა ებრაელი. აღმოჩნდა, რომ არაებრაელ სტუდენტთა უმეტესობას ფრიადი ეწერათ, ხოლო ებრაელებს – დამაკმაყოფილებელი. სტალინი მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. ებრაელი მეცნიერები თავისი მოდგმის სტუდენტებს სამიანს უწერდნენ და აიძულებდნენ, უფრო კარგად ესწავლათ, რომ ნორმალური ნიშანი მიეღოთ, არაებრაელებს კი ნაკლებს სთხოვდნენ კარგი ნიშნების მისაღებად და შესაბამისად, მათგან ნაკლებად მოსალოდნელი იყო რაიმე კარგი შედეგის მიღება. სტალინი მიხვდა ამას და დაემუქრა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებდა, თუ ისინი ასე გააგრძელებდნენ. სტალინის მუქარა კი, მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავდა.

 

ერთსაც დავამატებ, რომ შაბათობით სწავლების გაუქმებაც დიდი სისულელე მგონია, ჩვენ დროს სწავლისთვის 6 დღეც არ გვყოფნიდა და კვირასაც ვმეცადინეობდით. დღეს ახალგაზრდობას ძალიან ბევრი დრო აქვს და არ იცის რაში დახარჯოს. დამიჯერეთ, კლუბებში უაზროდ დროის ფლანგვას რაღაცის სწავლა სჯობია.

 

რამდენიმე სიტყვით უნდა შევეხო უმაღლეს სწავლებასაც. დღევანდელი უმაღლესი განათლება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმის გამო, რომ ძალიან ადვილია ჩაბარება, უნივერსიტეტების რაოდენობაც ძალიან დიდია, სტუდენტთა კონტიგენტი ძალიან სუსტია და ფაქტობრივად, უპერსპექტივო. თავისი გონებრივი მონაცემებიდან გამომდინარე, მათგან სპეციალისტი ვერ დადგება. მთავარი ფული არ არის, ოღონდ უნივერსიტეტმა ფული არ დაკარგოს და ყველანაირ სტუდენტს იღებს.

 

გარდა ამისა, სასწავლო ცხრილები შედგენილია სტუდენტთა ინტერესების სრული იგნორირებით. სტუდენტს ერთი ლექცია შეიძლება ჰქონდეს დღის პირველ საათზე, მეორე 6-ზე. რა გააკეთოს ლექციათა შუალედში? შინ დაბრუნებას ხშირად აზრი არა აქვს და უნდა იყიალოს ქალაქში. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ლექციების ცხრილი მორგებულია ლექტორებზე, რომლებიც დაბალი ხელფასის გამო იძულებულნი არიან იმუშაონ რამდენიმე უნივერსიტეტში. ასეთ სწავლებას მხოლოდ ფინანსური მოგება მოაქვს, ისიც მხოლოდ უნივერსიტეტების მფლობელთათვის.

 

კერძოდ (და არამარტო კერძო) უნივერსიტეტებში სრული ვოლუნტარიზმია საგნების არჩევასთან დაკავშირებით. ასწავლიან ისეთ საგნებს, რომელიც სპეციალისტად ჩამოყალიბებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. მაგალითად, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის პირველ კურსზე ასწავლიან ანთროპოლოგიას იმიტომ, რომ ანთროპოლოგიის ლექტორი ამ უნივერსიტეტის რექტორის დაქალია და მას დასაქმების პრობლემა აქვს. ილიას უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტზე სტუდენტებს ასარჩევად შესთავაზეს ან არქეოლოგია, ან თანამედროვე ფანტასტიკური ლიტერატურა. ანუ ან ერთი უნდა აერჩია, ან მეორე. შე დალოცვილო, თუ არა არის საჭირო ეს საგნები და სასწავლო დროს ავსებ, რამე ნორმალური და სპეციალობასთან მიახლოებული მაინც ასწავლე – დრაკულასა და ფრანკენშტეინის „ბიოგრაფიას“ ისედაც წაიკითხავენ. თან ამას ემატება ისიც, რომ კვირაში სულ 4 ლექციაა. მე, მაგალითად, კვირაში კი არა, დღეში მქონდა 4 ლექცია და შაბათსაც ვსწავლობდი, საერთოდ, ჩემი აზრით, გასარკვევია, რას ასწავლიან ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე.

 

უპირატესობა უნდა მიენიჭოს ტექნიკურ ფაკულტეტებს, ახლა ეს საგნები დაფინანსებულია და ასეთ ფაკულტეტებზე სტუდენტები უფასოდ სწავლობენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მეტი შეღავათები და წახალისებაა საჭირო, თორემ რამდენიმე წელიდაში არც ფიზიკისა და არც ქიმიის მასწავლებლები აღარ გვეყოლება.

 

ჩვენი ქვეყნის ძირითადი კაპიტალი ჭკვიანი, მოაზროვნე და ნიჭიერი ახალგაზრდობაა. უნდა მოვიპოვოთ ის სტატუსი მთელ მსოფლიოში, რომელიც გვეკუთვნის. მართლაც უნიჭიერესი ხალხი ვართ, უნიჭიერესი ახალგაზრდობა გვყავს და ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ აქედან არ გაიქცნენ და სხვა ქვეყანას არ მოიხმარონ თავის ტალანტი.

 

ახლა კი ისეთი მდგომარეობაა, რომ ახალგაზრდა ვერ ახერხებს თავისი ნიჭის ღირსეულად წარმოჩენას და მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობს.

 

მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, რომ „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე არ წარმოდინდების“.

 

პაატა დავითაშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner