logo_geo
eng_logo
რას განასახიერებს ნაძვის ხის კენწეროზე დამაგრებული ვარსკვლავი?
- +

1 იანვარი. 2021. 15:15

 

ახალი წლის შემობრძანებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ბევრმა ჩვენგანმა საახალწლო ნაძვის ხის მორთვა უკვე მოასწრო, ზოგი კი ამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის ახლა ემზადება, თუმცა ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც იცის, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ნაძვის ხის კენწეროზე ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტის- ვარსკვლავის დამაგრებას და ნაძვის ხის ძირში საჩუქრების დაწყობას.

 

სინამდვილეში, ეს მხოლოდ ტრადიცია კი არა, 2000 წლის წინ დაბადებული იესო ქრისტეს სიმბოლური თაყვანისცემაა. იმის მიუხედავად, მართლმადიდებლურია თუ კათოლიკური, ევროპულ ტრადიციებში ახალი წელი ქრისტეს შობის დროს აღინიშნება. (კათოლიკებში 25 დეკემბერს, მართლმადიდებლებში 7 იანვარს), ამიტომ ქრისტიანული სამყაროსთვის ნაძვის ხის წვერზე დამაგრებული ატრიბუტი სიმბოლურად, ბეთლემის ვარსკვლავს განასახიერებს, სადაც იესო დაიბადა.

 

ძველ დროს, ხალხს სწამდა, რომ დიდი ადამიანების დაბადებასა და გარდაცვალებას თან სდევდა ცაზე მანათობელი ვარსკვლავის გამოჩენა ან გაქრობა. სწორედ ამიტომ, მოელოდნენ რა ღვთის განგების აღსრულებას, მოგვები ცაზე მანათობელის გამოჩენას ელოდნენ. როცა ვარსკვლავი შენიშნეს, მიხვდნენ, რომ კაცობრიობის მხსნელი უკვე დაიბადა და მაშინვე იუდეველთა სამეფოს დედაქალაქისაკენ გამოეშურნენ, რათა თაყვანი ეცათ ახალშობილი მაცხოვრისთვის.

 

ამ დროიდან მოყოლებული, ადამიანებისთვის რვაქიმიანი ვარსკვლავი ქრისტეს შობის, მოგვიანებით კი ახალი წლის სიმბოლო გახდა. საახალწლო ვარსკვლავი წინასწარმეტყველების ასრულებისა და საყოველთაო სიხარულის სიმბოლოა. ამიტომ, მორწმუნე ადამიანისთვის ეს სიმბოლო კეთილდღეობასთან, სიყვარულთან და ადამიანების დაახლოებასთან ასოცირდება.

 

ცნობილია, რომ მოგვებმა ახალშობილ იესოს საჩუქრები მიართვეს, რითაც უფლისა და წინასარმეტყველების პატივისცემა გამოხატეს. სწორედ ამას უკავშირდება ვარსკვლავით დამშვენებული ხის ქვეშ საჩუქრების დაწყობის ტრადიცია, რაც სიმბოლურად ღმერთისთვის საჩუქრის მირთმევას განასახიერებს.

 

რაც შეეხება ახალი წლის სიმბოლოს, არსებობს ლამაზი ლეგენდა, რომ შობის ღამეს ყველა მცენარე ახალშობილი იესოსთვის თაყვანის საცემად გაეშურა. დანიშნულების ადგილზე პირველი ბეთლემის სიახლოვეს მზარდი პალმა მივიდა. მას კიპარისები, ტირიფები, მუხები და სხვა ხეები მიჰყვნენ. ყველაზე ბოლოს შორეული ჩრდილოეთიდან მოსული ნაძვი გამოჩნდა. ადრე მოსულმა ხეებმა ნაძვი იესომდე არ მიუშვეს, მაგრამ ამ დროს, ციდან ვარსკვლავებმა იწყეს ცვენა. იესოს უკანასკნელი სტუმარი ათასფრად მოციმციმე ვარსკვლავებით დაიფარა და ირგვლივ მყოფი ყველა ხე დაჩრდილა.

 

ზუსტი თარიღი, როცა ნაძვი ახალი წლის სიმბოლოდ იქცა, უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს გერმანიის ტერიტორიაზე მოხდა.

 

მოგვიანებით, გერმანელებისგან ტრადიცია ჰოლანდიელებმა და ინგლისელებმა გადაიღეს. XVI საუკუნეში ნაძვი ოფიციალურად, ახალი წლის სიმბოლოდ იქცა. თავიდან მას ვაშლებით, მსხლებით და კაკლებით რთავდნენ, რაც უკავშირდებოდა თქმულებას, რომ იესო ქრისტეს დაბადების დღეს, ყველა ხე ერთბაშად აყვავდა და ნაყოფი მოისხა. დროთა განმავლობაში, ნაძვის ხე გაცილებით დახვეწილი და ესთეტიურად მიმზიდველი გახდა. ქალაქის მოედანზე საახალწლოდ მორთული პირველი ნაძვის ხე XVII საუკუნის მეორე ნახევარში, საქსონიის ქალაქ ჰანოვერში გამოჩნდა. XIX საუკუნიდან შობას და ახალ წელს ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მთელ ევროპაში გავრცელდა. 1818 წელს უნგრეთში, 1820 წელს ჩეხეთში, 1829 წელს სკანდინავიაში.

 

პირველი საზოგადოებრივი ნაძვის ხე საფრანგეთში 1840 წელს, ლუი ფილიპის მეფობის დროს გამოჩნდა.

 

ინგლისში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია 1841 წელს დედოფალი ვიქტორიას ქმრის მცდელობით დამკვიდრდა. სულ რაღაც 10 წლის შემდეგ, სამეფო ოჯახის მსგავსად, საახალწლოდ ნაძვის მორთვის ტრადიცია მთელმა ინგლისმა აიტაცა.

 

ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ამერიკაში გერმანელმა ემიგრანტებმა დაამკვიდრეს.

 

რუსეთში საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციის დამკვიდრება ჯერ კიდევ პეტრე პირველმა სცადა, თუმცა ამ ტრადიციამ მხოლოდ 100 წლის შემდეგ მოიკიდა ფეხი. რუსეთში ნაძვის მორთვა XIX საუკუნეების შუა ხანებიდან დაიწყეს. თავდაპირველად ამას გერმანულ ოჯახებში აკეთებდნენ, რომლებიც მრავლად იყო როგორც პეტერბურგში, ისე – მოსკოვში. შემდეგ ახალი ჩვეულება რუსებს შორისაც გავრცელდა.

 

სავარაუდოდ, საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ჩვეულება საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. ახალ წელს ახლდა მისი აუცილებელი ატრიბუტი – ჩიჩილაკი, რომელსაც „ბასილას წვერებსაც“ ეძახდნენ. ჩიჩილაკის მეორე სახელი წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება და ბუნებრივია, ქრისტიანობის ხანაში უნდა დამკვიდრებულიყო.

 

და ბოლოს, ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საახალწლო სიმბოლო- თეთრწვერა მოხუცი, კეთილი სანტა-კლაუსია, რომლის მოსვლას ყოველ შობა-ახალ წელს მილიონობით ბავშვი ელოდება. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ თანამედროვე სანტა კლაუსის სახე ქრისტიანულ სასწაულმოქმედ წმინდანს ნიკოლოზს უკავშირდება.

 

წმიდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა, როცა შეიტყო, რომ ერთმა ღატაკმა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და გათხოვება არ შეეძლო, მათი საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება გადაწყვიტა. ქალწულები ტირილით ევედრებოდნენ უფალს ამ საშინელი ხვედრისაგან გამოხსნას. ღმერთმა მათ დამხმარედ მღვდელი ნიკოლოზი მოუვლინა, რომელიც სამჯერ მივიდა ღატაკის სახლთან და ყოველ მისვლაზე, კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ღატაკმა სამივე ქალიშვილის გამზითვება და გათხოვება შეძლო. ამგავარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრების ამ ეპიზოდმა განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში.

 

ნატა შამუგია

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner