მაშინ, როცა მსოფლიო კოვიდ-19-ის პირველ შედეგებს ებრძოდა, არაერთმა ადამიანმა არჩია, ხმაურიან ქალაქს გაშორებოდა და ცხოვრება სოფლის მშვიდ გარემოში განეგრძო. როცა 26 წლის ზუგდიდელმა გოგონამ, ანი ცირდავამ სოფელ ურთაში ოჯახის კუთვნილი, თუმცა იურიდიულად გადაუფორმებელი მიწა ნახა, გადაწყვიტა, მანქანისთვის შეგროვებული ფულით აქაურობა გაეცოცხლებინა – ტრიალი მინდორი ჯერ შემოღობა, მერე კი პატარა სახლი ჩადგა და საქმეს შეუდგა.
ანი ცირდავა:
– ხეც კი არ ხარობდა, რომ შრომით დაღლილ მე და მამას, რომელიც ყველაფერში გვერდით მიდგას, მოგვეჩრდილებინა, მაგრამ ასეთ „!ტექნიკურ“ დეტალებს არ შევუშინებივართ. შეზღუდვების დროს უამრავი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა და ჩემს ოჯახთან ერთად ბავშვობის ოცნების ახდენას შევუდექი – ოჯახის კუთვნილი 6 ჰა მიწა შემოვღობეთ და სოფლის ყოველდღიურობა, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებთან ურთიერთობა ხმაურიან და საყვარელ საქმიანობად ვაქციეთ. სოფელში სახლზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, სადაც სტუმრად კი არ ჩავიდოდი, საკუთარი მექნებოდა და დროთა განმავლობაში ჩემი გემოვნებით პატარა წალკოტად ვაქცევდი... ადგილი, სადაც დიდი გეგმები მაქვს დასახული, ადრე ეკალბარდებით სავსე ტრიალი მინდორი იყო და ჯერ მისი გაკაფვა დავიწყეთ, მერე კი სახლი ავაშენეთ, დენი და წყალი შევიყვანეთ.
თბილისში უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ვეღარ დავასრულე, რადგან მუშაობა დავიწყე და სწავლას ვერ ვუთავსებდი. ფრინველ-ცხოველი, ბუნება მიყვარდა, მაგრამ სოფელში არასდროს მიცხოვრია და გადასვლაც რთული იყო – უკავშირდებოდა ფინანსებს, შემართებას, რისკებს...
– რა იყო პირველი ნაბიჯი?
– ურთაში ჩვენი შემოუღობავი, საძოვრად ქცეული ნაკვეთის იურიდიულად გაფორმებით დავიწყეთ. საწყის თანხად მანქანისთვის შეგროვებული 5 ათას ლარამდე მქონდა, მიწა შემოვღობეთ და დამუშავება დავიწყეთ. ადვილი არ იყო, მაგრამ მამასთან ერთად მეზობლებიც მეხმარებიან და ავს ვართმევთ. ერთდროულად უამრავ რამეს ვ აკეთებდი – სახლის შენებასთან ერთად, თითქმის ყველანაირი შინაური ფრინველი და ცხოველი: სხვადასხვა ჯიშის ქათმები, ინდაურები, იხვები, ბატები, გედები, ძროხები, ღორები, კურდღლები მოვაშენე, რომელთაც ასევ თავიანთი სახლები სჭირდებათ – მხოლოდ მოშენება ხომ არ არის, მათ რეალიზაციაზეც საჭიროა ზრუნვა. თან მინდა ყველაფერი ბიოლოგიურად სუფთა იყოს. ინტერნეტში ფრინველებისა და ცხოველების ჯგუფებში გავწევრდი გამოცდილი ადამიანებისგან რჩევის მისაღებად. გეგმები დიდი მაქვს. აქ, ჩემს სამოსახლოში, ჩემმა მეგობრებმაც უნდა შეძლონ ჩამოსვლა და დარჩენა, რათა ერთმანეთს იდეები გავუზიაროთ.
– ფიზიკური მუშაობა არ გღლით? მით უფრო, შეუჩვეველს...
– არ მღლის, ადრე ადგომა და ცხოველ-ფრინველის მოვლაც არ მიჭირს, მაგრამ ქალაქის კომფორტს მოშორება გამიჭირდა. წყალი არ მქონდა და კასრებით ვეზიდებოდით მეზობლის სახლიდან, თუმცა შრომა არასდროს მეზარებოდა, სახლის საძირკვლის გაჭრაშიც ვმონაწილეობდი. სოფელს სხვა მადლი აქვს, აქაურებთან ურთიერთობა იმედით მავსებს, რომ ყველაფერს შევძლებ, რომ უყურებენ, როგორ ვიწყებ ჩემი ოცნების ხორცშესხმას, უამრავი რამით მეხმარებიან. დღე არ გავა, რომელიმე მათგანმა არ მოგვიკითხოს, აბა, რა გჭირდებათო... ადრე აქაურობას ვკეტავდით და დილით ადრე მოვდიოდით, ახლა მამა რჩება. როგორც კი ეზოში დაგვინახავენ, მაშინვე შემოდიან, დახმარება ხომ არ გინდათ, არ მოგერიდოთო. ჩვენც არ გვერიდება და დღემდე გულიანადაც გვეხმარებიან, თავიანთი ინიციატივითაც მოაქვთ ბევრი რამ – ეს დაგჭირდებათო.
– თქვენი საქმიანობა, ალბათ, ბევრისთვის მოტივაციაა.
– შეიძლება ზუგდიდელი ვარ, ქალაქში გავიზარდე, როცა ახალგაზრდები სოფლიდან გამორბოდნენ, მიკვირდა – ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა წავიდნენ-მეთქი, თუმცა მათიც მესმის, არავის განვსჯი. საბედნიეროდ, მე პირველი არ ვარ, ვინც სოფელში მიდის. ეს ბევრს უკვირს, თუმცა, თან უხარიათ, წლების წინ აქაურობა იცლებოდა, ახლა კი ახალგაზრდები ბრუნდებიანო. ჩემს მეგობრებსაც უკვირთ, რადგან აქამდე უფრო გართობასა და სალონურ ცხოვრებას ვიყავი შეჩვეული, თუმცა რაკი ეს აზრი გულში მქონდა. ვიცოდი, რომ ერთ დღესაც დადგებოდა მომენტი, როცა აუცილებლად წავიდოდი სოფელში, ეზოში უამრავ ყვავილსა და ხეხილს დავრგავდი, დილით ადრე ავდგებოდი და გვიანობამდე ვიშრომებდი, მიწასთან, ცხოველ-ფრინველთან ახლო ურთიერთობა მექნებოდა და ბედნიერი ვიქნებოდი... არ მახსვოს, აგრესიით ან აგდებული ტონით ეთქვა ვინმეს, რა გინდა სოფელშიო, თუმცა უკითხავთ, ამას როგორ შეძლებო.
ახლა ყველაფერს ვუვლი, ჩემი ხელით ვაჭმევ წიწილებს, ცხოველებს, რომლებიც ჩემს დანახვაზე წიოკს ტეხენ. სადაც უნდა ვიყო, დილაუთენია სოფელში გამოვრბივარ, რომ წინადღეს შეწყვეტილი საქმე დავამთავრო. თანდათან ყველა რწმუნდება, რომ შემიძლია და გამომდის კიდეც. ამ ბოლო დროს ჩემს თავს რაღაც თანხას „ვპარავ“ და ცალკე ვდებ, რათა ჩემი ეკოსოფლისთვის მეტის გაკეთება შევძლო. აქ დიდხანს არ იქნებიან გალიაში გამომწყვდეული ფრინველები და ცხოველები – ყველა ერთ გაშლილ სივრცეში უნდა იყოს. შინაურები ხშირად მეუბნებიან, რა ინდაური და ქათამი აიჩემე, გათხოვდი, ოჯახი გჭირდებაო, რას ვიზამთ, სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, თავიდან ვუხსნიდი, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის, მერე მოვეშვი, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მომწონს და მიმაჩნია, რომ ამ საქმემ გამაძლიერა, მგონია, რომ მამაკაცზე ნაკლები არც მონდომება მაქვს და არც ენერგია.
– აპირებთ სოფელში დასახლებას?
– დიახ, ვაპირებ სამუდამოდ გადავსახლდე თუ ადრე კვირაში ერთ დღეს ვრჩებოდი აქ და დანარჩენ დროს ქალაქში ვატარებდი, ახლა პირიქითაა. შუადღის მზე რომ აცხუნებს, მუშაობა მიჭირს, მაგრამ არ ვეპუებოდი და ისე ძლიერად დამკრა მზემ, გადასხმები დამჭირდა, თუმცა როგორც კი ფეხზე დავდექი, მაშინვე გამოვიქეცი. ხანდახან ფარნის შუქზეც გვიწევს მუშოაბა მე და მამას, მაგრამ დრო ძალიან მნიშვნელოვანია – აცივებამდე ბევრი რამ უნდა მოგვესწრო. ეამ ყველაფერს, თუნდაც ფრინველებსა და ცხოველებს, არ ვუყურებ, როგორც მოსავლელ არსებებს, „ჩემო გოგო“ და „ჩემო ბიჭოთი“ მივმართავ, მოფერებით. მიყვარს და დაღლასაც არ ვგრძნობ, ხეები და ყვავილებიც დავრგე ეზოს გასალამაზებლად, მინდა, დრო გამოვნახო და ვეტერინარის სპეციალობას დავეუფლო, თორემ გავწვალდები. ვგეგმავ ფერმისა და სათბურის აშენებასაც. ჩემს სამოსახლოში უნდა შევქმნა მეგობრული სოფელი, მით უფრო, რომ მყავს მეგობრები, ვისთან ერთადაც მაქვს სოფლის განვითარების, სათბურების გაშენების, მეფრინველეობა-მეცხოველეობასთან დაკავშირებული პროექტები. გვჭირდება ვეტერინარების სკოლაც, ზუგდიდში გვყავს ამ საქმის კარგი პროფესიონალი, მაგრამ ერთი ცოტაა, მით უფრო, რომ სოფელში დაბრუნებით ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. მე და ჩემს მეგობარს, რომელიც ამავე საქმეს აკეთებს, ინტერნეტგვერდის გაკეთება გვინდა, რათა ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს მიმოწერისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ფოტო და ვიდეოკადრებით სხვებსაც უნდა გავაგებინო, როგორ ვმუშაობ, რას და როგორ ვაკეთებ. იქნებ მათაც გაუჩნდეთ მოტივაცია და ჩემსავით ახალბედები საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ...
ლალი პაპასკირი