logo_geo
eng_logo
რატომ შეცვალა პუტინმა ერდოღანის ფორმულა და მასში ირანი და საქართველო ჩართო
- +

1 იანვარი. 2021. 20:31

 

ნოემბრის დასაწყისში ალიევმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში წამოაყენა კავკასიის უსაფრთხოების მოდელი, ორს პლიუს ორი, ანუ სომხეთი-აზერბაიჯანი და რუსეთი და თურქეთი, სულ ახლახან ერდოღანმა ახალი მოდელი შემოგვთავაზა: სამს პლუს სამი, ანუ საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი და რუსეთი-თურქეთი-ირანი, თუმცა, ჯერ ერთი, ირანს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია სამხრეთ კავკასიაში ბოლოდროინდელ მოვლენებში და, მეორეც, ერდოღანის ამ განცხადების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა ვითარება თურქეთსა და ირანს შორის, რა განაცხადია ეს დასავლეთის მისამართით, ჩვენ რა როლი გვაკისრია ამ ექვსეულში და ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს უსაფრთხოებაა თუ პირიქით, საფრთხე? ამ საკითხს მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

 

მამუკა არეშიძე: – დავიწყოთ იმით, რომ პირველი მოდელი: ორს პლუს ორი, იყო თურქეთის ინიციატივა, ის ყველანაირ გზას ეძებს, რომ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურად დამკვიდრდეს, ყარაბაღში ვერ მოახერხა სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლობის სისტემის შექმნა და ახლა გადაწყვიტა, რომ სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისით იყოს წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის ჩარევის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა, რადგან რუსეთს სჭირდება თავისი მოკავშირე, რომელიც პოტენციურად თურქეთისა და აზერბაიჯანის მოწინააღმდეგე იქნება.

 

– ირანი, ანუ...

 

– დიახ, და როგორც ჩანს, რუსეთის მოთხოვნით ჩაისვა ამ მოდელში საქართველო. რაც შეეხება ირანსა და თურქეთს შორის დაპირისპირებას, აი, იმ ცნობილი აღლუმის შემდეგ, რომელსაც ესწრებოდა ერდოღანი, მან თავს უფლება მისცა, ისეთი რამ ეთქვა, რამაც თეირანში მნიშვნელოვანი შფოთი გამოიწვია. მან თქვა, რომ არაქსის ორივე ნაპირზე აზერბაიჯანია განლაგებული. არადა არაქსის მეორენაირზე ირანის ტერიტორიაა, სდააც ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები და მათი დედაქალაქია თავრიზი. ირანის ხელმძღვანელობაც აღშფოთდა, მედიაც და ის აზერბაიჯანელებიც კი, რომლებიც თავრაზმში ცხოვრობენ.

 

– რა გავლენა აქვს ირანს სამხრეთ კავკასიაში, რუსეთ აქვს სომხეთზე, თურქეთს აზერბაიჯანზე.

 

– ირანს აქვს გავლენა შიიტებზე.

 

– ამდენი შიიტია სამხრეთ კავკასიაში?

 

– ესენი არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქე შიიტები, გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანს დიდი გავლენა აქვს სამხრეთ დაღესტანზე და რომ აზერბაიჯანის სამხრეთით სახლობენ ტალიშები – ირანული ტომი, ირანის საყრდენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოში რამდენიმე აიათოლას წარმომადგენლობა მუშაობს, არ მინდა დავასახელო, ერთ-ერთი ძალიან პატივცემული ფიგურაა, მართალია არ არის ირანელი და ერაყელია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს ის შიიტური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერია, მისი სიძე კი, რომელიც, ასევე, აიათოლაა, არაერთხელაა ნამყოფი აქ და პატრიარქსაც შეხვედრია. მისი ორგანიზაციის ოფისი განლაგებულია ორთაჭალაში. ფაქტობრივად, სახელმწიფო დაწესებულებების წინ.

 

– ჩვენი უშიშროება შინ მოუსვლელია?

 

– რატომ? ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, არ მინდა თემის განვრცობა. მარნეულში, გარდაბანში, ფონიჭალაში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლობები სხვადასხვა აიათოლებს... მოკლედ, ირანს აქ აქვს ინტერესი და იცით, რამდენად აქტიური იყო ირანული კომერციული სტრუქტურები საქართველოში კოვიდპანდემიამდე. მე არაერთხელ მითქვამს, რომ  ქვემო ქართლში რამდენიმე ქვეყანა ებრძვის ერთმანეთს გავლენებისთვის: თურქეთი, ირანი, არაბული სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელი და აზერბაიჯანი, დღეს ეს დაპირისპირება შედარებით ჩამცხრალია, რადგან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა ისწავლეს ამ წინააღმდეგობის დაძლევა.

 

– ამ სამმა გარე ამბიციურმა სახელმწიფომ გაინაწილა სამხრეთ კავკასიის პატარ-პატარა სახელმწიფოები და დასავლეთიც რაღაცას ცდილობს. ამას მაფიქრებინებს მიუხედავად ოპოზიციის ყიჟინისა, რომ არჩევნები გაყალბდა, უცხოელი ელჩები რომ ერთხმად დაესწრნენ პირველ სხდომას და ძალიან აქტიურია კელი დეგნანიც, ჩვენ რეგიონში პოლიტიკურად სისხლისმიერი მოკავშირე არ გვყავს, თუმცა თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია, ამდენად, მაინც ყველაზე სუსტი რგოლი ვართ, ანუ უპატრონო. აშშ-ის აქტივობაზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება ან ჩვენ, საერთოდაც, შეგვიძლია კი ამ სამს პლუს სამ მოდელში უსაფრთხოების შენარჩუნება, აშშ რომ არ არსებობდეს?

 

– ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სამულს აქვს თავისი ინტერესები და ამ სივრცეში მათი ეს ინტერსები ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა ირანი ამბობს, რომ ყარაბაღი უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს და ამოდის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან, სინამდვილეში კი სომხეთთან ბევრად ახლო პოლიტიკური ურთიერთობა აქვს, ვიდრე აზერბაიჯანთან, თურქეთი პირიქით, აზერბაიჯანთან ბევრად უფრო ახლოსაა და სომხეთთან, ფაქტობრივად არანაირი ურთიერთობა არ აქვს, თუმცა დღეს სომხური ანალიტიკური ჯგუფები შეურაცხყოფილები არიან. გამოჩნდა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სისტემა უნდა შეიქმნას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდეს. ამის ერთ-ერთი მოთავეა სომხეთის უმდიდრესი კაცი, რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში ირანისა და თურქეთის ინტერესების გაძლიერება სიკვდილის ტოლფასია, ამიტომ ის ცდილობს შექმნას საპირწონეების სისტემა და აი, ამ ვითარებაში საქართველოს აქვს შანსი პასიური მოთამაშიდან იქცეს აქტიურ მოთამაშედ, თურქეთი ცდილობს იმოქმედოს არა მხოლოდ როგორც კონკრეტულმა სახელმწიფომ, რომელიც ისტორიულად სამხრეთ კავკასიაში დომინანტი იყო, არამედ როგორც დასავლეთის წარმომადგენელმაც. ამდენად, როცა სჭირდება არის ისლამური სამყაროს ლიდერი, როცა სჭირდება ნატოს წევრი, ანუ დასავლეთის დესპანი რეგიონში, ის აუცილებლად დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ნატოს რა უნდა სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაში, როცა აქ ვარ მე და აშშ-სთანაც ილაპარაკებს ამაზე დახურულ კარს მიღმა. ეს აღმოსავლური პოლიტიკის კლასიკაა, ერთის თქმა და მეორეს კეთება, რაც შეეხება რუსეთს, რუსეთი შეეცდება ეს ორი არ გაძლიერდეს და ეს ფორმატი თუ ამუშავდა, ამ ორის წარმომადგენლეობა იყო ნომინალური, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ არც თურქეთი და არც ირანი ნომინალობას არ შეეგუება, ამიტომ, თუმცა ლავროვმა მოიწონა ერდოღანის წინადადება, მომავალში დიდი ჭიდაობა გაიმართება და ამ მღვრიე ვითარებაში, თუ საქართველო მოქნილად იმოქმედებს, შეგვიძლია ფუნქციაც გავიჩინოთ და სახელმწიფოდ ვიქცეთ, ესაა ჩვენი შანსი. რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოებას, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, ამ ვითარებაში საქართველოს არანაირი განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ, რომ აქ მხარეები დაინტერესებული არიან მეორე მხარემ არ გაიმარჯვოს, ახლა მთავარი პრიზი ამ ბრძოლაში არის აზერბაიჯანი.

 

ნინო ხაჩიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner