მიხო და მარო, ანუ მამი-აფრიკა!
ყველა გაჭირვებულს უნდა მიხედოს ბიძინა ივანიშვილმა, ყველა მშიერსა და უსახლკაროს უნდა უპატრონოს კახი კალაძემ... დანარჩენმა მილიონერებმა, ერთი თეთრიც არ უნდა გაიღონ?
მამა, აფრიკაო... რა აფრიკაო, შვილო? ისაო, აფრიკაო, სახლიო, ბლოკიო, მიწაო, მიდექი, მოდექიო, ააა, ჰოშო, მაშ, მაშ, სწორედაც რო ეგრე იქნებაო. ესე იგი, აფრიკაო, ხო? ჰო-მეთქი, აფრიკაო, თბილისში როა, ისაო.
არ გაგიკვირდეთ, ამ წერილის წერა იმ ფრაგმენტით დავიწყე, ბოლო ორი წლის განმავლობაში რომ მესმოდა ალაგ-ალაგ, ხან სოფლად, ხან ქალაქად.
დიახ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მესმოდა და დიდად ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ერთი-ორჯერ კი ვუთხარი, უკანონობას სჩადიხართ, არ გაპატიებენ, დაგაჯარიმებენ და დაგინგრევენ-მეთქი. მაიცა, რააა, აშენებულს ვინღა დაანგრევსო? დაანგრევენ და დედებს ვუტირებთო! გეუბნებით, დაანგრევენ-მეთქი. ჰმ... ფეხებსაც ვერ მოგვჭამენო.
მოკლედ, სიტუაცია დაიხატა ასეთი: ვიღაცებმა, ქვეყნის არევ-დარევის მოსურნეებმა, ნაცებმა, სმაცებმა, გნაცებმა, სოფლებში მოაჭორეს, ეს ხელისუფლება უნიათოა, ჩადით თბილისში, შემოღობეთ მიწები, მოახლაფორთეთ ქოხები, მოვა დრო, დაგიკანონებენ, თუ არ დაგიკანონებენ, გააპროტესტეთ, იჩხუბეთ, დაამხეთ, ჩვენ მოვალთ და დაგიკანონებთო. ზოგიერთმა იკითხა, სად შემოვღობოთ, პირდაპირ რუსთაველზე თუ სხვაგან სადმეო? ზოგიერთმა ხელი ჩაიქნია, თბილისში მარტო თავისუფლების მოედანი ვიცით, მანდ ვინ შემოგვაღობინებსო! არაო, დააკვალიანეს შმაცებმა, აფრიკაშია კაი ტერიტორიები, თან ცოტა შორია, ყოველდღიურად ვერავინ გაგაკონტროლებთ, ქოხებს იოლად ააშენებთო. თუ ვინმე მოვა, ქვებით დაუხვდით, საბურავებიც მზად გქონდეთ, ტლაპოში ახოხიალეთო. ზოგიერთმა მხრები აიჩეჩა, აფრიკაში რა მინდა, ჩემი ქვეყანა არ მირჩევნიაო? ეეე, შე აფრიკო, ეს სხვა აფრიკაა, თბილისის გარეუბანია, ხოშიანი მინდვრებია, გასატრაკებლადაც პერსპექტიულიაო.
ერთხელ შევესწარი ცოლ-ქმრის ლაპარაკს (პირობითად დავარქვათ მიხო და მარო), ერთმანეთში ბჭობდნენ, ქალაქში წავიდეთ, სახლი ავიშენოთ, ბალღები უკვე სტუდენტები არიან, ქირა როდემდე უნდა ვიხადოთო?
მიხომ – დედაკაცო, მაგდენი ფული სად არიო?
მარომ – იიჰ, აგე, ჭუტალაანთ ზაქრომ თურმე იგეთი „დვარეცი“ წამოჭიმა აფრიკაში, ავ თვალს არ დეენახვებაო.
მიხომ – რა „დვარეცი“, რეებსა ბოდამ, ზაქროსა მაგი ტრაკგი სადა ჰქონდაო?
მარომ – თავი ცოლი ძმაი წაუყვანია აფრიკი დასახლებაში, მიწა მიუზომნია და სახლიც აუშენებიაო.
მოკლედ, მარომ ტვინი უბურღა მიხოსა, ჩამაიყვანა აფრიკის დასახლებაში, აზიდინა ცემენტი, ბლოკი, ქვიშა და... ერთ დღესაც დაადგნენ თავზე, აქ რას აკეთებო? მიხო დაიბნა, უცებ გამოჩემიჩდა – მე რაი ვაკეთებო?
– ჰო, შენ გეკითხებით, აქ რას აკეთებო?
არაფერსაც არ ვაკეთებ და საერთოდაც, აქაური არა ვარო.
მარომ ხელები აიშალა – რა გინდათ, ვინა ჰყრიხართო?
ქალაქის მაკონტროლებელი ორგანოდან გახლავართ, ფურცელი მოგიტანეთ, ზედა სწერია, როგორც უნდა მოიქცეთო.
წაიკითხეს, გაოგნდნენ, თეთრზე შავად ეწერა, უკანონო ქოხი დაშალეთო... თუ არ დაშლით, ამა და ამ კანონის, ამა და ამ მუხლის, ამა და ამ ქვეთავის, ამა და ამ პუნქტის თანახმად, ჩვენ თვითონ დავშლითო, დავანგრევთო.
ამათ, ამ თავგასულებმა არ დაიჯერეს, ხაშურიდან მძახლებმა გადმოურეკეს, ნუ გეშინიათ, არჩევნები მოდის, შემოღობილებს მალე დაგიკანონებენ, ჩვენებიანთ ნოდარაც ეგრე იყო დაკუმენტები შარშანწინ გაუფორმესო... სხვაც რო არა იყოს რა, ესენი უნიათოები არიან, დანგრევას ვერ გაგიბედავენ, თუ არ დაგიკანონებენ, ბოლო-ბოლო9 5 ათასად გაჰყიდით და ეგ იქნებაო.
გაჯორებული მიხო უფრო გაჯორდა, ერთი თვეც გავიდა, ორი თვეც, არავინ გამოჩენილა. მესამე თვის თავზე კიდე მიუტანეს ფურცელი... აღარც წაუკითხნია, ეგრევე მოჭმუჭნა და გადააგდო, მიმტანს სიტყვა ადადევნა – თქვენი ყველაყისამო!
მეტიც! ამან, ამ გაჯორებულმა მიხომ თანასოფლელები ჩამორეკა, მიწები შემოაღობინა, ბლოკი მოაზიდინა და მშენებლობა დააწყებინა. ყველას ეპატიჟებოდა, რაც მეტნი დასახლდებოდნენ, მით მეტ წინააღმდეგობას გასწევდნენ. გაზაფხულზე ბიჭებმა დაუძახეს, განზე გაიყვანეს, თუ „ნაციონალებში“ გაწევრიანდები, ხელსაც ვერავინ გახლებს, თუ რამე, მხარში დაგიდგებითო.
მიხომ – მეც ეგ მინდაო. იმათ – ხო იცი, სამაგიეროდ შენც უნდა დაგვეხმაროო.
მიხომ – რითა, მე რა შემიძლიაო? იმათ – ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთ, როცა დაგიძახებთ, აქციებზე გამოხვალო.
მიხომ – არ არი პრობლემა, მაროსაც გავაწევრიანებ და აქციებზეც ვატარებო.
მარომ ფეხები მხრების სიგანეზე გადგა, დოინჯი შემოიყარა და დასჭყივლა – მიდით, ბიჭებო, დასცხეთ ამ წუნკლებს, ამ სოფლელებსა, გუშინ ჩამოსულებსა, კალოშიანებსაო!
ყველაფერი ერთ საათში დამთავრდა – ცაც ჩამოინგრა და სასიამოვნო განცდებიც დაიმსხვრა. ქალაქის მაკონტროლებელი ორგანოდან „ბულდოზერით“ და ყოშიანი ტრაქტორით მოვიდნენ. უკანონოდ აშენებული ქოხები უნდა დავანგრიოთო. ირგვლივ უამრავნი მოგროვილიყვნენ – სეირის მოყვარულნი, ვითომ გულშემატკივარნი, ე.წ. პოლიტიკოსნი, მოჭყლოპინე ჟურნალისტები და... იდგა ქაოსი. ატყდა ამბავი!
„ჭუტავიზიის“, „კეზერვიზიის“, „გვარამვიზიისა“ და „აქუვიზიის“ ეთერებში მთელი დღე ქროდა რევოლუციური ქარიშხალი. აღარაფერს ვამბობ სოციალურ ქსელებზე, სადაც ერთმა ფოტომ იფეთქა „ლიმონკასავით“ – მამა-შვილი იდგა საცოდავად ტლაპოში და შემოსცქეროდა ობიექტივს. მართლაც შთამბეჭდავი ფოტო იყო, ბევრს ცრემლი მოჰგვარა, ბევრს – ურვა, ბევრს კაეშანი... ბევრი კი გააბრაზა ამ ხელისუფლებაზე, მით უფრო კახი კალაძეზე...
თურმე! მამა–შვილი სეირის საყურებლად ყოფილა მისული, სხვაგან უცხოვრიათ.
თუმცა! ვინაიდან, ექვს შვილს მარტოხელა მამა ზრდის, კახი კალაძემ გადაწყვიტა, 4-ოთახიანი ბინაც უყიდოს და საერთოდაც დაეხმაროს. დიახ, ეს გადაწყვიტა კალაძემ... მილიონერ მამუკა ხაზარაძეს, მილიონერ ავთანდილ (ჭუტა), წერეთელს მილიონერ (გაქსუებულ) დავით კეზერაშვილს ხმა არ ამოუღიათ, ისინი თავიანთი ტვ „უბორნიებიდან“ ე.წ. ჟურნალისტების პირით ისტერიკობენ, რომ აჰა, დაინგრა ქვეყანა და სასწრაფოდ საჭიროა რევოლუცია! ხედავთ, რა დღეში ჩააგდო ჩვენი სამშობლო ბიძინა ივანიშვილმა?!
არა, ხედავთ?!
ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი, ქვეყანა იღუპება!
სანამ ჭუტები, კუტები, შმუტები და ჭკმუტები არ მოვლენ ხელისუფლებაში, არაფერი გვეშველება!
მანამდე კი... ყველა გაჭირვებულს უნდა მიხედოს ბიძინა ივანიშვილმა, ყველა მშიერსა და უსახლკაროს უნდა უპატრონოს კახი კალაძემ... დანარჩენმა მილიონერებმა, ერთი თეთრიც არ უნდა გაიღონ? მათ ისე შემოსწოლიათ სამშობლოს გაჭირვებისა გამო გულზე დარდი და კაეშანი, ჯიბეში ხელის ჩაყოფის თავიც აღარ აქვთ, როცა ხელისუფლებაში მოვლენ, მერე მიხედავენ და დააპურებენ თითოეულ მოქალაქეს.
ვაი, ამათ პატრონს!
* * *
ჩემო ძვირფასებო, მე მოგიყევით ერთ მიხოსა და ერთ მაროზე, მოგიყევით პირობითად... თორემ ჩვენებურ აფრიკაში, ვარკეთილში, ლილოში და სხვაგანაც ბევრი მიხო და ბევრი მაროა. აი, მაგალითად, თბილისის მერიამ მეორე დღესვე გამოაქვეყნა მიტაცებულ სახელმწიფო მიწაზე მშენებარე უკანონო ნაგებობების მფლობელი „სოციალურად დაუცველი“ და „უპოვარი“ მოქალაქეების ვინაობა:
მოქალაქე ტ.ხ.-ს ქარელის რაიონის სოფელ დირბში რეგისტრირებული აქვს 600 კვადრატული მეტრი მიწა და ამ მიწაზე განთავისებული ქონება.
მოქალაქე შ.ჯ. მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ.მ. სახნავ–სათესი მიწა.
მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში სოფელ ლეღვანში ფლობს 1255 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.
მოქალაქე დ.ტ. თბილისში, ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
მოქალაქე ვ.ფ. თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 კვ.მ. ბინა.
მოქალაქე გ.მ. თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს, მამას აქვს 568 კვ.მ. ფართი ნავთლუღის დასახლებაში.
მოქალაქე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ.მ. ნაკვეთი.
აი, ესენი არიან მიხოები და... მაროები!
მე აღარაფერს ვიტყვი, ამ წერილს კახი კალაძის მცირე წერილით დავამთავრებ, დანარჩენი კი თავად განსაჯეთ... თქვენ, ვინც ამ გაზეთს კითხულობთ, გონიერი ადამიანები ბრძანდებით:
„ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა, უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო – მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება, როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ. იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო... მეგონა, მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.
მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს. ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? – ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს, ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა, მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე, რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.
ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი“.
გელა ზედელაშვილი