„ამ ჩვენმა „გულადმა“ და „პრინციპულმა“ ოპოზიციონერებმა, მართალია, აშშ და ევროკავშირი ფეხებზე დაიკიდეს, მაგრამ ერთი მოსკოვიდან უბრძანონ, შედით პარლამენტშიო, ეგრევე კისრისტეხით შეცვივდებიან შიგ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „ასავალ-დასავალში“ წერს.
„ელჩების წინადადებას, ბარიერგადალახული პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და იქიდან გაეგრძელებინათ მუშაობა პრობლემების მოსაგვარებლად, ოპოზიცია კატეგორიულად უარით შეხვდა.
უფრო მეტიც, თითოეული ამ რაუნდის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ისინი უკან არ დაიხევენ, რომ მათი ერთიანობა ურყევია და ამ ელჩების შემოთავაზებები მათთვის არაფერს ნიშნავს.
ამ განცხადებებით თითქოს ვიღაც უხილავ უფროსს აბარებდნენ ანგარიშს ოპოზიციის ლიდერები.
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს უხილავი უფროსი? სააკაშვილი?
ალბათ, სააკაშვილიც, მაგრამ მის გარდა ოპოზიციის ამ ურყევ პოზიციაში აშკარად იკვეთებოდა სხვა ძალაც, რომელიც მთელ ამ პროცესს წარმართავდა და დისტანციურად ხელმძღვანელობდა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ძალა რუსეთია, რომელიც სააკაშვილის და ოპოზიციის პირით აშშ-სა ევროკავშირს მიანიშნებს, რომ აქ, საქართველოში, ისე, როგორც დანარჩენ კავკასიაში, სიტუაციას ის აკონტროლებს და არა აშშ და ევროკავშირი. ის არის აქ უფროსი და მის გარეშე არაფერი გადაწყდება.
ადრეც ვთქვი და, მე მგონია, სწორად ვთქვი: ამ ჩვენმა „გულადმა“ და „პრინციპულმა“ ოპოზიციონერებმა, მართალია, აშშ და ევროკავშირი ფეხებზე დაიკიდეს, მაგრამ ერთი მოსკოვიდან უბრძანონ, შედით პარლამენტშიო, ეგრევე კისრისტეხით შეცვივდებიან შიგ.
ის, რაც ამ მოლაპარაკებებზე ხდება, რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ღია მესიჯია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი – სულ ტყუილად გაქვთ აშშ-სა და ევროკავშირის იმედი. ვერც ერთი დაგეხმარებათ და ვერც მეორე. ამიტომაც ჩემკენ მოტრიალდით, თუ გინდათ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, თუ არა და...
თუ არადა, მიიღებთ რევოლუციას, როგორც არაერთხელ მიიღეთ – ასე იშიფრება ეს ქვეტექსტი, რომელიც თვენახევარია ამ მოლაპარაკებების მიღმა იკითხება’, - წერს ხარჩილავა.