logo_geo
eng_logo
ტარიელ ხარხელაური: „იმ ქვეყანაშიც ჩემი მეუღლის ვალით წავალ და მასზე ლოცვას იქაც გავაგრძელებ“
- +

2 იანვარი. 2021. 20:33

 

 

ქართველ პოეტს, რომელიც საკუთარ თავს მოკრძალებულად „კალმის კაცს“ უწოდებს, ბატონ ტარიელ ხარხელაურს, 75 წელი შეუსრულდა. ეს ის ასაკია, როცა ცხოვრების ავკარგი უკვე იცი, საცერშიც უამრავი ქვიშა დაიცრა და საბოლოოდ მხოლოდ ფასეული, პატიოსანი კრისტალები დარჩა.

 

ბევრი რამ მინდოდა დამეწერა მის ცამდე ამაღლებულ და ამავე დროს, ძალიან მიწიერ პოეზიაზე, დამეხატა ღირსეული ქართველი კაცის სევდიანი პორტრეტი, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაზე კარგად ისევ მისი სიტყვები წარმოაჩენდა ისეთს, როგორიც არის. ამიტომ პატარა ნაწყვეტს შემოგთავაზებთ მისი შემოქმედებიდან:

 

ბატონმა ტარიელ ხარხელაურმა ჩვეული გულწრფელობით გვიამბო ნანახსა და განცდილზე, ტკივილებსა და მთავარ სიყვარულზე, ასევე იმ მარადიულ შიშზე, ყოველი ზამთრის მიწურულს რომ ეუფლება – „მე მეშინია იმ ატმის კვირტის... გაზაფხულზე რომ ვერ გახსნას მარტმა“.

 

– ბატონო ტარიელ, ჩვენი ჟურნალის სახელით გილოცავთ იუბილეს, კიდევ დპიხანს გაგეხარებინოთ ოჯახი, სამშობლო და მკითხველი თქვენი საოცარი პოეზიით, როგორია 75 წლის გადასახედიდან დაღლილი გზა?

 

– დიდ მადლობას მოგახსენებთ მოლოცვისთვის, კაცი უშეცდომოდ ვერ იცხოვრებ, ახალგაზრდობა ის პერიოდია, როცა ადამიანს ჯერ კიდევ გაქვს შეცდომების დაშვების უფლება. ჩემს ასაკში ეს უკვე გამორიცხულია, რადგან გზასავალი ცოტაღა დარჩა და თითოეული სიტყვა თუ ნაბიჯი უნდა აწონ-დაწონო.

 

მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ცხოვრება ცუდია-მეთქი, რადგან ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოსცადო – სიძნელე, ტკივილი, სიხარული, ამ ყველაფრის ერთიანობა გაძლევს ძალას და გამოცდილებას, მთავარია, კაცი დარჩე და სამშობლოს ემსახურო, სიყვარულის გრძნობით უნდა იარო ამ წუთისოფელში, ბოროტება არ უნდა შეუშვა გულში, სხვა არ უნდა განიკითხო, მე მგონია, ის, ვინც სხვას განიკითხავს, საკუთარი ნაკლოვანებების დაფარვას ცდილობს.

 

ჩემმა ყველა ახლობელმა იცის, თუ ჩემი ნახვა უნდათ, დღისით უნდა მესტუმრონ, მე ღამის 10 საათზე ვწვები, განა დასაძინებლად, ფიქრისთვის მჭირდება დაწოლა და ორიოდე საათი დაძინებამდე განვლილ დღეს უნდა გადავალო თვალი – რა შევქმენ, რა ვისაქმე, რა გაკვეთილი მომცა სიცოცხლის კიდევ ერთმა დღემ.

 

ახლა ზამთარია, საქმე ცოტაა და წიგნის კითხვის დროა, წიგნი კიდევ იმისთვის კი არ არის, წაიკითხო და დაიზეპირო ან უბრალოდ თვალი მოღალო, არა, წიგნმა მთავარი უნდა გითხრას, ცუდი დაგანახოს, კარგი მოგანატროს, გონება უნდა გაგიმდიდროს.

 

მე დღემდე ქართული ზღაპრების მკითხველი ვარ, ხუთკუნჭულასა და ნაცარქექიას მოხერხებას, ჭკუას და სიბრძნეს ვნატრობ ჩემი ხალხისთვის, რადგან ცოტანი ვართ და იქ, სადაც ბრძოლა და ხმალი ვერ გაჭრის, ჭკუა და მოხერხება გვჭირდება. ამ სიბრძნით უნდა ვიცხოვროთ ქართველებმა, პატარა ერი ვართ და ბევრი მტერი გვყავს.

 

– თქვენს ლექსებში გარეშე მტერზე მეტად შინაური მტრის ხატი გაწუხებთ, ასეთი სტრიქონებიც გაქვთ: „სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა, მამული ჩემი ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა“.

 

– რა თქმა უნდა, შინაური მტერი უფრო საშიშია, რადგან როცა ჩრჩილი ჩნდება, ის ისეთ ადგილს პოულობს, სადაც თავის შეფარებას და გამრავლებას შეძლებს, ქვეყანა ცხვრის დუმა არ არის, ჩამოთალო და ჭამო, ქვეყანა უპირველესად სამშობლოა შენი და შენგან ხშირად მსხვერპლად შეწირვასაც ითხოვს.

 

ჩვენ ფიქრის უნარი დავკარგეთ, ადამიანებს დრო აღარ რჩებათ ფიქრისთვის და ეს დრო ხმარდება საშოვარზეა გასვლას, სიმდიდრის ძიებას, ფულის მოხვეჭას, სხვისთვის ძირის გამოთხრობას, ჰოდა, იმრავლა ქართულმა ჩრჩილმა, ნელ-ნელა გამოხტა ქვეყანა.

 

– ხშირად ახსენებთ პაპას, რომელიც მაგალითი იყო თქვენთვის, გვიამბეთ, როგორი ადამიანი იყო.

 

– პაპასთან გავიზარდე, 20 წელი გავატარე მის გვერდით და, თუ რამ კარგი მაქვს, მისი დამსახურებაა. არაფერს მაძალებდა, ისე აკეთებდა ყველაფერს, რომ სურვილი მიჩნდებოდა, მისთვის მიმებაძა. გუთანს რომ გაატარებდა, ზუსტად ისე მინდოდა, გავძღოლოდი ხარებს, არასდროს უთქვამს საყვედური, თუ რამე არ მოეწონებოდა, მზერა შეეცვლებოდა და ეს ჩემთვის ყველა სასჯელზე დიდი სასჯელი იყო.

 

მეცხვარე კაცი იყო, აუარება ცხვარი ჰყავდა, სრულიად პატარამ დავიწყე ცხვარში სიარული, ძნელია მეცხვარე კაცის ყოფა, ზამთრის საძოვრებზე წასვლისას 400 კმ ფეხით გავდიოდით. ცხვარში მერეც წავედი, როცა ზრდასრული ახალგაზრდა ვიყავი, 12 წელი გავატარე იქ. შემეძლო ქალაქში დავრჩენილიყავი და ქალაქური ყოფით მეცხოვრა, მაგრამ გარშემო ახალგაზრდა კაცისთვის ბევრი ბრჭყვიალა საცდური  არსებობდა, მე ამ ყველაფერს გავერიდე და ჩემში ადამიანი გადავარჩინე.

 

– თქვენს დიდ ტკივილს – შვილის გარდაცვალებას, ჩუმად ატარებთ გულით, როგორ შეძელით ასეთი ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება და არ გაბოროტდით სამყაროზე?

 

– მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა – „რისთვის“? ჩემი თავი გადავამოწმე და ჩავუღრმავდი, იქნებ მე დავუშვი სადმე შეცდომა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვპოვე და წინაპრებს გადავწვდი. პაპების თაობაზე პასუხისმგებელი ვერ გავხდი, რადგან შორეული წარსულის ბევრი არაფერი ვიცი. საერთოდ ადამიანები არასწორად ვემსამხურებით წუთისოფელს და ღმერთსაც, ამიტომ ბევრი რამ ჩვენი ბრალია ამ საწუთროში, ჩემი ვაჟი ყოველთვის ჩემს გულშია და ჩემს ხვაშიადსაც მხოლოდ ლექსებს ვუზიარებ: „როგორ ეტყობა გაზაფხულს, ისევ უშენოდ მოვილევ, ალბათ სწორია სამყარო, ერთად ვერ გვზიდა ორივე“. და კიდევ: „მაშ დავიჯერო, არ გიჭირს, ბიჭო?! თოვს და ფიფქები ხეებს ცვივა... არ მომერიდო, კარს ვტოვებ ღრიჭოს და როცა გინდა, მოდი, სახლში ვარ...“

 

– თქვენ უკვე დაოჯახებული იყავით, როცა ცხვარში წახვედით და 12 წელი იქ გაატარეთ, როგორ შეხვდა მეუღლე თქვეს ამ გადაწყვეტილებას და საერთოდ, ძნელია ალბათ იყო პოეტის მუზა და უღლის გამწევი.

 

– ჩემთვის მეუღლე არასდროს ყოფილა მხოლოდ ოჯახის შემადგენელი ნაწილი, ის იყო და არის ჩემი სულიერი მეგობარი, ჩემი ოჯახის ბურჯი, სწორედ მან შეძლო და დამტოვა პოეტად, რადგან ჩემი სიყვარულის გამო იტვირთა ოჯახის სიმძიმე და ამარიდა ბევრ ყოფით პრობლემას. მან შემაშველა მხარი, მომაცილა ბევრ რამეზე, ფიქრი და დამიტოვა ლექსისთვის დრო. როცა ლექსისთვის ვერ იცლი, მადლი უფლისა გაკლდება, მიდიხარ ინერციით და არაფრისმთქმელი ხდება შენი სტრიქონები, შენ პოეზიას კი არ იმსახურებ, პოეზიას ემსახურები, ამიტომ შენი სისხლი გონება და გული ერთად უნდა მიუძღვნა მას.

 

მარინამ მაშინვე გაიგო, რომ ჩემთვის უმჯობესი იყო ცხვარში წასვლა, რომ მე ეს გადამარჩენდა, ამიტომ მაჩუქა ის 12 წელი და თავად მოიკლო. მან თავისი გლოვაც არ დამანახა, ჩემთან ცრემლი არ გადმოუგდია, გულში იწურავდა, მე არ მაჩვენებლა, ღმერთს ვეხვეწები, შემაძლებინოს მისი ამაგის გადახდა, თუ საქმით ვერ მოვახერხებ, ჩემი შემოქმედებით მაინც იმ ქვეყანაშიც ამ ვალით წავალ და მასზე ლოცვას გავაგრძელებ.

 

ახლაც იმ სიყვარულით მიყვარს, როგორც 42 წლის წინ, არც ერთი ფერი გახუნებულა, გული ახლაც ისევე მიკრთის მის დანახვაზე, როგორც ადრე. ყველა ჩემი ლირიკული ლექსი მას ეძღვნება, განსაკუთრებით უყვარს ერთი, 65 წლის ასაკში რომ დავუწერ:

 

მანძილი შენამდე დიდია,

შენიდან ჩემამდე – არც ისე,

ამინდი საგრძნობლად მშვიდია,

მანცვიფრებ.

შორს სადღაც ყვავიან ატმები,

ქარია, მომიტანს რამე ჭორს,

მე ვამბობ, არ მომენატრები,

შენ სდუმხარ, იცინი საეჭვოდ.

და კიდევ ერთი:

მე შევძლებ, შენი სამყარო შევქმნა,

მე შენით შევძლებ, სიკვდილზე ვწერო,

ცოცხალიც მხოლოდ ვიქნები შენთან

და მკვდარიც შენთან, სიცოცხლევ ჩემო.

 

– დღეს საქართველოში მძიმე სიტუაციაა, აქეთ კოვიდპანდემია, იქით პოლიტიკური არეულობა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

 

– ეს ავადობაც გაივლის, მთავარია, ჩვენ დავიცვათ წესები და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. რაც შეეხება პოლიტიკურ არეულობას, ეს ბევრად ცუდია, რადგან სამშობლოს ბედი ამაზეა დამოკიდებული. განა ასე ძნელია, გაარჩიო, რა უფრო წაადგება ქვეყანას? მაგრამ ამას კაცები სჭირდება, ბევრი მამაკაცი დადის, მათში კაცი ცოტაა. კაცობა რუსთაველზე მიტინგის გამართვის და ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილით კი არ გამოიხატება, საქმით უნდა დაამტკიცო, რომ კაცი ხარ, რომ შენი ქვეყანა ტკივა, რომ შენი უგუნურობით მტერმა არ ისარგებლოს.

 

სწორედ ამ გულისტკივილმა დამაწერინა:

მტერიც არა  მტრის ფერი,

არცა ქვეყნის წყდება აკლება,

რა დროში ცხოვრობ, ტარიელ,

მტერიც რომ მოგენატრება.

ყველგან უსისხლოდ ვმარცხდები,

მოვკვდე უსისხლოდ, ძნელია,

როგორ შემცირდნენ კაცები...

ჩემი კაცობის მრცხვენია.

 

– დაბოლოს, რას ინატრებდით?

 

– გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა – „დარდების შემგროვებელი“. მეც ამას ვნატრობ – შემაგროვებინა ჩემი ხალხის დარდი და სატკივარი, დამეფანტა ჰაერში და სამაგიეროდ, მათთვის სიყვარული მეჩუქებინა.

 

ია ქუთათელაძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner