logo_geo
eng_logo
ამირან გიგუაშვილი: უახლოეს მომავალში საზოგადოება გაიგებს, რა წერია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში!
- +

3 იანვარი. 2021. 00:38

 

 

2020 წლის 18 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტანტინე გამსახურდიას საჩივარი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, შეცვალა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, როცა დაზარალებულს საქმის მასალებზე სრულად წვდომის უფლება მიანიჭა! ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებსა და მათი ნდობით აღჭურვილ პირს, ამ შემთხვევაში უფლებადამცველ ამირან გიგუაშვილს, შესაძლებლობა ექნებათ, სრულად გაეცნონ იმ მასალებს, რომლებიც 21 ტომს მოიცავს და რომელსაც „ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე“ ჰქვია:

 

– საქართველოში 2010 წლიდან დაზარალებულებს საქმის მასალების ასლების გადაცემა აეკრძალათ. სააკაშვილის ხელისუფლებამ დაზარალებული საერთოდ ამორიცხა საქმიდან და, მაგალითად, შვილმოკლულ მშობელს, დაყაჩაღებულს და, ზოგადად, ყველას, ვისაც კი რაიმე ზიანი მიადგა, საერთოდ აუკრძალა საქმის მასალებზე წვდომა. დაზარალებული მთლიანად დამოკიდებული გახადეს პროკურორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, ანუ პროკურორი დაზარალებულს საქმეში არსებული მდგომარეობის შესახებ, რასაც უნდოდა, იმას ეტყოდა. 2013 წლიდან დაზარალებულს მხოლოდ ის შეღავათი მისცეს, რომ პროკურორის ზედამხედველობით საქმის მასალების გაცნობის უფლება დართეს. მაგრამ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე, რომელიც 21 ტომს მოიცავს, პროკურორის ზედამხედველობით როგორ უნდა შეისწავლო? მოკლედ, ასეთი აბსურდული სიტუაცია იყო დღემდე, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ხალხის საქმეს იმ ქვეყნიდანაც აკეთებს! სწორედ მისი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში იქნა მიღებული მესამე უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელმაც კანონი შეცვალა და საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტით არამარტო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, არამედ საერთოდ დაზარალებულებს ამიერიდან ნება დაერთოთ, გაეცნონ საქმის მასალებს!

 

– ბატონო ამირან, როგორც ჩემთვის ცნობილია, ზვიად გამსახურდია საკუთარი მკვლელობის საქმეში დაზარალებულად არ იყო ცნობილი!

 

– დიახ, ეს გახლდათ ქართული მართლმსაჯულების სიმახინჯე და ნონსენსი! შევარდნაძის ხელისუფლებამ და მისმა მემკვიდრე სააკაშვილმა ზვიად გამსახურდია საკუთარი მკვლელობის საქმეში დაზარალებულად არ ცნეს! გადაჭარბებულს არაფერს ვიტყვი, თუ მოვახდენ ფაქტის კონსტატაციას – 2017 წელს დამიკავშირდა ცოტნე გამსახურდია, რომელსაც მანამდე საერთოდ არ ვიცნობდი და მთხოვა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში მისი ინტერესების დამცველი ვყოფილიყავი! 2017 წლიდან პროკურატურასა და სახელმწიფოს ნელ-ნელა ხელიდან გამოვგლიჯეთ ყველაფერი... 2018 წლის 31 დეკემბერს, 25-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, საერთოდ თაროზე უპირებდნენ პრეზიდენტის მკვლელობის საქმეს შემოდებას და მას დახურულად აცხადებდნენ. დიდი ბრძოლითა და შიმშილობით, რომელიც მაშინ გენერალური პროკურორის მისაღებში ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა დაიწყეს, პარლამენტმა 2018 წლის 25 დეკემბერს ერთსულოვნად მიიღო კანონი მსგავს რეზონანსულ საქმეებზე გამოძიების ვადის 5 წლით გახანგრძლივების შესახებ.

 

– იმ დამატებული ხუთი წლიდან, ორი წელი უკვე გავიდა და დღევანდელი პროკურატურა სამ წელიწადში ზვიად გამსახურდიას მკვლელობას გახსნის?

 

– ის 21 ტომი, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე მოიცავს, ზვიად გამსახურდიას ოჯახისა და მისი მომხრეების უმძიმესი და გაუნელებელი ბრძოლის შედეგია, თორემ სახელმწიფოს თავისი ინიციატივით, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია! ბოლო წლებში ამ ბრძოლის ავანგარდში დგას ცოტნე გამსახურდია, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დღეს ცოტნე ერთ-ერთ უძლიერეს გერმანულ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის და აბსოლუტურად ადეკვატურია – ესმის, გრძნობს, აზროვნებს... იმ ადამიანებმა, რომლებმაც ცოტნე გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს და, ფაქტობრივად, მოკლეს, მიიღეს სამართლიანი და დამსახურებული სასჯელი, მაგრამ რა იდგა ამ დანაშაულის უკან და ხომ არ ჰყავდა ამ საშინელ ანგარიშსწორებას დამგეგმავი და დამკვეთი, ეს უკვე თავად ცოტნე გამსახურდიამ უნდა თქვას და ჩემი გასარჩევი არ არის!

 

ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში გარდატეხა დღევანდელი ხელისუფლების დროს მოხდა, როცა საქმე გადაკვალიფიცირდა და გარკვევით ითქვა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს, იგი მოკლეს!

 

– ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირება მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირადი დამსახურებაა!

 

– ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გასახსნელად 2012 წლის შემდეგ უფრო მეტია გაკეთებული, ვიდრე მანამდე!

 

– როდის გექნებათ ხელთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები და გაასაჯაროებთ თუ არა ამ მასალებს!

 

– გენერალურ პროკურატურას უკვე მივმართე და საქმის მასალების ასლები სრულად გამოვითხოვე! უახლოეს მომავალში მასალებს გავასაჯაროვებთ და საზოგადოება გაიგებს, რა წერია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდება იმის გათვალისწინებით, რომ არ დაზიანდეს პრეზიდენტის მკვლელობის საქმე და ხელიდან არ გავუშვათ ის უმცირესი შანსი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელების გამოსავლენად და დასაპატიმრებლად ჯერ კიდევ არსებობს!

 

– არსებობს ასეთი თეზა – „ზვიად გამსახურდიას მკვლელობა გახსნილია, მაგრამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა არ იხსნება!“ ეთანხმებით?

 

– ზვიად გამსახურდია რომ მოკლეს, ეს ფაქტი დღევანდელმა ხელისუფლებამ თავად აღიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს, როგორც ამის ინტერპრეტაციას გასაგები მიზეზების გამო შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებები ცდილობდნენ. თუ ვინ იყო პრეზიდენტის მკვლელობის შემსრულებლები, ეს უნდა დადგინდეს და ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. როგორც კი საქმის მასალებს გავეცნობი, გენერალურ პროკურატურაში შეხვედრა გვექნება და გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს ჩემს მოსაზრებებს წარვუდგენ... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ირაკლის ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და მასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. თუ დავინახავთ, რომ პროკურატურა პასიურობს და ჩვენს პოზიციებს არ იზიარებს, მერწმუნეთ, ჩვენი პროტესტი არ დააყოვნებს და საზოგადოება ამ ყველაფერს შეიტყობს!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner