მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი უკვე 9 თვეა ისრაელის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში სასუნთქ აპარატზეა მიერთებული. მისი მეუღლე ქეთი ვადაჭკორია, ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ფაქტობრივად უნუგეშოა და ამიტომ უნდა ქმარს უკანასკნელი სურვილი აუსრულოს და საქართველოში როგორმე ცოცხალი დააბრუნოს.
ზურაბ დოიჯაშვილის ჩამოსაყვანად მის სამშობლოში საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. მარათონის შემდეგ კი თბილისში, დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ მომღერლის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
მომღერალი ოჯახთან ერთად ისრაელში რამდენიმე წლის წინ წავიდა. მიზეზი მძიმე ფინანსური მდგომარეობა გახდა. მათ ბანკის ვალის გამო თბილისში ბინა დაკარგეს.
საქართველოდან წასვლისას ზურა ფიზიკურად ნორმალურად გრძნობდა თავს და უცხო ქვეყანაში ცოტა ხანს მუშაობდა კიდეც. ჯანმრთელობის პრობლემები მოგვიანებით დაიწყო. ჯერ იყო დაუდგენელი დიაგნოზი, მერე კი ექიმებმა ოჯახს უკურნებელი ვერაგი დაავადების ამბავი ამცნეს.
ქეთი ვადაჭკორია „სარკეს“ უყვება, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად საკმარისი თანხის არსებობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს. იმისთვის, რომ მომღერალი როგორმე ცოცხალი დაბრუნდეს აქ, ებრაელი ექიმების თანხმობაა საჭირო.
ქეთი ვადაჭკორია: – ზურა ძალიან მძიმედ არის, რეანიმაციაში აპარატზეა შეერთებული და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ამჟამინდელი მონაცემებით.
– გამოსავალი არსებობს?
– არანაირი გამოსავალი არ არსებობს, მდგომარეობა სრულიად უიმედოა.
– რა სამწუხარო ამბავია, დიაგნოზი რა არის?
– ეს გახლავთ გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი. ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება. მსოფლიოში გავრცელების ძალიან დაბალი პროცენტია, ამავე დროს, ზურას შემთხვევაში, ძალიან აგრესიული ფორმაა, რომელიც საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს.
– ექიმები რას ამბობენ?
– ვერაფერს... როცა ვეკითხებით, რა ვქნათ, გვპასუხობენ, რომ ეს ყველაფერი უფლის ნებაა. ყველაფერს უკეთებენ, რისი გაკეთებაც კი შეიძლება. სამწუხაროდ, მისი დიაგნოზი არ იძლევა საშუალებას, რომ გამოჯანმრთელებისკენ წავიდეს.
– რამდენი ხანია, რაც აპარატზეა შეერთებული?
– უკვე 9 თვეა, რეანიმაციაში აპარატზეა შეერთებული.
– ზურას მეგობრები გვიყვებოდნენ, რომ ფილტვების დაავადება ჰქონდა.
– ფილტვების დაავადებიდან დაიწყო. თავიდან ფილტვების ობსტრუქცია ეგონათ, რადგან გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის დიაგნოზის დასმა ცოტა რთულია, სანამ გარკვეული სიმპტომები არ გამოიკვეთება. ყველაფერი დაიწყო ფილტვების ობსტრუქციით, შემდგომ კი დამძიმდა და საბოლოოდ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.
– ზურას უდიდესი სურვილი საქართველოში დაბრუნება ყოფილა და ჩვენთან ფული გროვდება მისი ნატვრის ასახდენად.
– სანამ ლაპარაკი შეეძლო, სულ ამბობდა, რომ ისე არ წავიდოდა ამქვეყნიდან, საქართველოში არ დაბრუნებულიყო, სანამ მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდებოდა და ფიზიკურად იყო საშუალება, რომ გადმოგვეყვანა საქართველოში, ვერ მოვახერხეთ. ძალიან სწრაფად დამძიმდა და აპარატზე შეაერთეს.
მას შემდეგ აპარატზეა შეერთებული და თვენახევარი კომაში იყო. მძიმდება და მძიმდება მდგომარეობა. მაინც ვფიქრობდით მის ტრანსპორტირებას საქართველოში, მაგრამ უარი მივიღეთ, ამ წუთის მდგომარეობით კი ვერაფრით მოხერხდება მისი გადმოყვანა სამშობლოში, რადგან მეორე სართულიდან პირველ სართულზე რომ ჩაჰყავთ საოპერაციოდ, სამი დღე სჭირდება, რომ მისი სასიცოცხლო მონაცემები დარეგულირდეს.
– რა ოპერაციები უკეთდება?!
– იყო შემთხვევა, როდესაც ერთ საათში დამძიმდა და დაეწყო ფარული სისხლდენა მუცლის ღრუში. გასულ კვირაში ორჯერ დასჭირდა მუცლის ღრუში სპეციალური კათეტერის ჩადგმა, მაგრამ არ მიიღო მისმა ორგანიზმმა, დაეცა წნევა, დასჭირდა ელექტროშოკი. მეუბნებიან, თუ საკუთარ თავზე აიღებ, წაიყვანე და გადააფრინეო, მაგრამ ექიმები ამაზე ხელს არ მოაწერენ, რადგან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ზურა ვეღარ ამოძრავებს კიდურებს, თითებს, არ აქვს ხმა. თვითონ ვერ სუნთქავს, მხოლოდ აპარატი აცოცხლებს, როგორც კი აპარატიდან ჩაიხსნება, მისი სიცოცხლე დასრულდება. როგორც გითხარით, ყველაფერი კეთდება, რომ მისი ეს ბოლო სურვილი ასრულდეს, მგონი, არა მხოლოდ ქართველები, მთელი მსოფლიოა ჩართული, რომ როგორმე მოვახერხოთ ზურას ჩამოყვანა. მანდ ჩატარებული მარათონი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ აღარ გვექნება სანერვიულო, თანხა საიდან მოვიძიოთ. ფული იქება და როგორც კი იმის საშუალება მოგვეცემა, რომ მისი რეანომობილით გადმოყვანა მოვახერხოთ, ზურას ბოლო სურვილს ავასრულებთ, არც კი ვიცი, რა თანხაზეა საუბარი. ამაზე ოქიტაშვილი ზრუნავს.
– ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოდან წასვლამდე დაიწყო?
– მანამდე ჰქონდა გულის პრობლემა, საქართველოში შუნტირების ოპერაცია ძალიან შედეგიანად ჩაუტარდა, მაგრამ, როგორც ჩანს და როგორც აქ დგინდება აქაური ექიმებისა და პროფესორების მიერ, ეგ სიმპტომატიკა იმის მანიშნებელი იყო, რომ ის დაავადება იწყებოდა. აქ კი დაავადებამ პროგრესირება განიცადა;, ისე არ ყოფილა, რომ ისრაელში ჩამოვიდა და აქ დაავადდა.
– როგორც ვიცით, ისრაელში მუშაობდა კიდეც.
– დიახ, მუშაობდა, ჩვენ ისრაელში სამკურნალოდ არ ჩამოვსულვართ. პერიოდულად წვებოდა საავადმყოფოში და მკურნალობდნენ ფილტვებზე, 9 თვის წინ კი მოულოდნელად დამძიმდა. გადავიყვანეთ საავადმყოფოში და მას მერე აპარატზეა შეერთებული, მას მერე ზურას ჩემთან კონტაქტი აღარ ჰქონია. უბრალოდ ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი სიტყვებს, კომიდან რომ გამოვიდა, ამის მერე.
– მაშინ მიგახვედრათ, რომ საქართველოში უნდოდა ჩამოსვლა?
– არა, ეს მანამდე იყო, სანამ ლაპარაკი შეეძლო. ვერ იყო კარგად, ფილტვები აწუხებდა, წონაში კლება, სისუსტე დაეწყო, სახსრები სტკიოდა, მოძრაობა უჭირდა... როცა სახლიდან გაგვყავდა სასწრაფოთი, მაშინ მისი ბოლო წინადადება იყო: „დავიჯერო, ისე წავალ ამქვეყნიდან, რომ თბილისში ფეხს ვერ დავადგამ?“ ამიტომაც მეც და მის მეგობრებსაც გვინდა, მისი ბოლო სურვილი ავასრულოთ.
– ნანობდა საქართველოდან წასვლას?
– ჩვენ საქართველო არ მიგვიტოვებია, დროებით აღმოვჩნდით ისრაელში, რადგან ასე სჭირდებოდა ჩვენს ოჯახს. ისრაელის მოქალაქეებიც ვართ და საქართველოშიც. ისრაელის მოქალაქეობა ადვილად მივიღეთ, რადგან ზურას ბებია ჰყავდა ებრაელი და ამან მოგვცა საშუალება ჩვენი მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. ყველამ იცის საქართველოდან ჩვენი წამოსვლის მიზეზი ზურას, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, უნდოდა მისი პრობლემებით არავინ შეეწუხებინა და ამიტომ ჩვენთვის ნამდვილად შვება იყო, წამოვსულიყავით ისრაელში და აქ დაგვეწყო მუშაობა. ასეც მოხდა, ვმუშაობდით, რომ მერე დავბრუნებულიყავით საქართველოში.
დაბრუნების მერე არ ვაპირებდით ისრაელის მოქალაქეობის დატოვებას, რადგან ამ ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა ზურასთვის და დღესაც აკეთებს. თუ დღეს ზურა ისევ სუნთქავს, ეს იმ ექიმების დამსახურებაა, რომლებიც მას თავზე ევლებიან, ეფერებიან, უყვართ. მის სიმღერებს უსმენენ და ტირიან... ცდილობენ ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანონ, რომ მისი სურვილი ასრულდეს.
ამისთვის ყველას მადლობელი ვარ, მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, სადაც ახლა ვარ, რადგან ფაქტობრივად ზურას ახლა ის აქვს საავადმყოფოში, რასაც მთელი ცხოვრება მიჩვეული იყო საქართველოში. ყოველ დილით ირთვება ზურას სიმღერა რეანიმაციაში, უყვართ, უვლიან და ყველაფერს უკეთებენ.
– რეანიმაციულ პალატაში მარტო წევს და თქვენ იქ შესვლა შეგიძლიათ?
– მე, ფაქტობრივად, სულ ზურას გვერდით ვარ, რეანიმაციული პალატა არ არის, ოთხი ადამიანი წევს ამ განყოფილებაში. ერთი დღე არ დამიტოვებია ზურა ჩემ გარეშე, რადგან მაქვს უფლება, შევიდე. ჩემ გარეშე თუ ხელს არ მოვუწერ, არანაირი პროცედურის ჩატარება არ შეუძლიათ. შესვლის უფლება გარკვეულ საათებში მაქვს, მაგრამ, როცა მდგომარეობა მძიმეა, შემიძლია მთელი ღამეც ვიყო მასთან და 48 და 72 საათი.
– სამედიცინო მომსახურებაც უფასოა ალბათ, თორემ რას გასწვდებოდით?
– რა თქმა უნდა, დაზღვევით, რომელიც ზურას აქვს, როგორც ისრაელის მოქალაქეს, ყველაფერი უფასოა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როდესაც რომელიმე ექიმისა თუ პროფესორის მოყვანა სჭირდება სხვა კლინიკიდან და ეს ძალიან ხშირად სჭირდება, ეს ოჯახის ხარჯია. რეანიმაციაში ყოფნის ხარჯს კი, რა თქმა უნდა, ისრაელის სახელმწიფო ფარავს.
– თქვენი შვილები ისევ მანდ არიან?
– მხოლოდ ვაჟიშვილია აქ. ქალიშვილები, პანდემია რომ დაიწყო და აქაც დაიხურა სამსახურები, დაბრუნდნენ საქართველოში.
– თქვენ და თქვენი ვაჟი მუშაობთ?
– კი, რა თქმა უნდა, აქ უმუშევრად ვერ იცხოვრებ. საკუთარი არაფერი გამაჩნია, ვარ ნაქირავებ ბინაში, ვიხდი დენის, წყლის, გაზის და იმ მიწის ფულს, რომელზეც სახლი დგას... ყოველ საღამოს 6 საათზე მივდივარ სამსახურში და ღამის 12 საათამდე ვმუშაობ. დილიდან 6 საათამდე ზურასთან ვარ და მერე გავრბივარ სამსახურში. ღამე, როცა სახლში ვბრუნდები თუ საჭიროა, მივდივარ ისევ ზურასთან. ჩემი ბიჭიც მუშაობს, ორივე ფიზიკურად ვშრომობთ.
– საქართველოში მოაგვარეთ ბინის პრობლემა თუ ისევ არ გაქვთ თბილისში სახლი?
– ვერა, ვერ მოვაგვარეთ და ისევ არ გვაქვს თბილისში სახლ-კარი. ვერ მოვაგვარეთ, რადგან სანამ ჩვენ ადაპტაცია გავიარეთ ახალ ქვეყანაში, უცხო გარემოში, სანამ სამსახურები დავიწყეთ და სანამ ეს ყველაფერი მოგვარდა... მალე ერთი წელი გახდება, რაც ზურას ეს მდგომარეობა აქვს და ამიტომ ბინა გადავიდა აბსოლუტურად სხვა ხარისხში, ახლა აღარ გვაქვს იმის საშუალება, რომ მე და ჩემმა შვილებმა ბინა შევიძინოთ, შესაბამისად, ჭერი არ გაგვაჩნია.
ყველაფერი უფლის ნებაა და იქნებ ის მაინც დაუშვას, რომ ზურა ცოცხალი გადმოვიყვანოთ საქართველოში ბოლომდე არ კარგავდა იმედს, ბოლო წუთამდე ამბობდა, რომ ყველაფერს შევძლებდით და დავბრუნდებოდით საქართველოში. უკვე ვეღარ ლაპარაკობდა და მაშინაც კი იმედიანი ჰქონდა თვალები. ეს იმედი თვალებში ახლა ნამდვილად აღარ აქვს.
რუსუდან ადვაძე