„არის ჟამი შენებისა და ჟამი ნგრევისა, ჟამი სიძულვილისა და ჟამი სიყვარულისა, ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა...“ ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ უძველესი ბიბლიური სიბრძნიდან ჩვენს ეპოქას ნგრევა და სიძულვილი უფრო ერგო, ვიდრე, შენება და სიყვარული, თანაც ისეთი სიმძლავრით, რომარც კი გგონია, ოდესმე თუ დასრულდება. გასული წელიც არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი. პანდემიის საფრთხემაც კი ვერ შეგვაჩერა. და მაინც, არაფერია დაუსრულებელი. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია მუდამ ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც ერთმანეთზე ზრუნვა და გაფრთხილება კვლავ ფასეული გახდება, როდესაც ნგრევას შენება შეცვლის. უნდა ითქვას, რომ თავად მამა შალვა, არცთუ მაღალი სასულიერო წოდების მიუხედავად, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი.
– მამაო, ირგვლივ იმდენი აგრესიაა, ალბათ, მხოლოდ მე არ მეჩვენება, რომ სამყარო ამოტრიალდა და ყოვლის წამლეკავი აგრესია და სიძულვილი ამოატივტივა. რატომ ხდება ასე?
– მეც ბევრი მიფიქრია, რატომ ხდება ასე, რა არის მიზეზი ასე გახშირებული ურთიერთმტრობისა და დაუნდობლობისა და ერთ დასკვნამდე მივედი –ძალიან ბევრი უარყოფითი ემოცია დაგროვდა, რამაც ადამიანი მატერიალიზებულ ქმნილებად აქცია და სულის არსებობა დაავიწყა. ფსალმუნებში წერია, კაცი პატივსა შინა იყო და გულისხმა ჰყო, ბაძვიდა იგი პირუტყვსა უგუნურსა და მიემსგავსა მასო, ანუ ადამიანი ღმერთმა ღვთაებრივ ქმნილებად შექმნა, ის კი, თავისი ნებით, ცხოველს დაემსგავსა და საკუთარი სახე დაკარგაო. როდესაც ადამიანი სახეს კარგავს, ცხადია, მას ვერ შეაწუხებს ვიღაცისთვის ტკივილის მიყენება. ამის მაგალითად შემიძლია ბოლოდროინდელი ამბავიც გავიხსენო.
როდესაც გაზაფხულზე ტაძრებზე ბოქლომის დადება მოგვთხოვეს ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად, მტკიცე უარი განვაცხადე. ვთქვი, რომ ჯვარს დავდებდი, თუ ვირუსი ვინმეს ზიარების კოვზით გადაეცემოდა, ტაძარში კი პანდემიის წინააღმდეგ უმკაცრეს რეგულაციებს დავიცავდი. ამის გამო ერთ-ერთმა ტელევიზიამ ისეთი რისხვა დამატეხა, სამართალდამცველებს ჩემი დაპატიმრებისკენაც კი მოუწოდა, რაც, ცხადია, ჩემმა შვილებმაც მოისმინეს და შინ მისულს პატარა ატირებული დამხვდა, მეშინია, არ დაგიჭირონო. ბავშვი იტანჯებოდა იმ ფიქრით, რომ ერთ დღეს მამა აღარ დაუბრუნდებოდა. ამას წინათ კი იმავე ტელევიზიაში ჟურნალისტი იმავე პიროვნებას ეკითხებოდა, ასე რომ გაკრიტიკებენ, ნუთუ შენს შვილებზე არ ფიქრობენ, რომ ისინი ამის გამო იტანჯებიანო. ეს მაგალითი დასტურია იმისა, რომ როდესაც ადამიანი სიძულვილს გამოხატავს, სხვის ტკივილებზე არ ფიქრობს, მეტიც, ის არაფერზე ფიქრობს, გარდა საკუთარი მიზნისა, რისთვისაც მზად არის, ყველაფერი ჩაიდინოს.
სიძულვილი ჭაობში შესულ კაცს ჰგავს, რომელიც იქ შებიჯებისთანავე იწყებს ჩაძირვას. როდესაც ადამიანი ერთხელ ჩაიდენს ცუდს და ამაზე სინანულის განცდა არ ექნება, მეორედაც ცუდს ჩაიდენს და მესამედაც. ასეა სიყვარულიც –როგორც კი გულით ნამდვილ სიყვარულს გაიღებ, ეს ისე გაბედნიერებს, რომ მაშინვე კვლავ გიჩნდება სიყვარულის გაღების სურვილი. მერე უკანაც ასეთივე სიყვარულს იღებ. როდესაც „ჭაობში ვიძირებით“და უფალი ვეღარ გვაჩერებს, სწორედ მაშინ ჩნდება განსაცდელიც. განსაცდელი რა არის? ის, რამაც უნდა გვატკინოს და გამოგვაფხიზლოს, უნდა გვაფიქრებინოს, რომ ჩვენს საქციელში რაღაც არ იყო სწორი და სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ.
– თუმცა, ბევრისთვის ეს ტკივილი დროებითია. დროებით დავფიქრდებით, მერე კი ძველებურად ვაგრძელებთ. რატომ?
– იმიტომ, რომ ცუდის კეთება უფრო ადვილია, ვიდრე კარგის. აგრესიის გამოვლენა უფრო ადვილია, ვიდრე, სიკეთის. აბა, დავუკვირდეთ, გაცილებით ძნელია აპატიო ადამიანს, რომელმაც გაწყენინა, ვიდრე არ აპატიო და სამაგიერო მიუზღო. სიკეთესა და პატიებას ძალისხმევა და საკუთარი თავის უკან დაყენება სჭირდება, რაც დიდ შრომას მოითხოვს. სულიერი ცხოვრება რთულია, ხორციელი – ადვილი. თუნდაც დილის 10-წუთიანი ლოცვა რამხელა ძალისხმევას მოითხოვს, რომ გონება არ გაგვეფანტოს, არადა, ადამიანები საათობითაც ვერ სწყდებიან ფეისბუკს.
ძალიან ძნელია, გიყვარდეს ადამიანი, რომელიც გაწყენინებს, გატკენს და თავად ის კი არა, მისი შეცოდება გძაგდეს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ზღვარს გადალახავენ. ძალიან ხშირად მეფიქრება ჩვენს უწმინდესზე, ჩვენს პატრიარქზე, რომელიც თავისი მოთმინებით, ტკივილზე დუმილით უდიდესი სიყვარულის მაგალითს გვაძლევს. მაშინაც კი, როდესაც თავისმა გაზრდილმა შვილმა ბილწი ცოდვა დასწამა, მას საყვედურიც არ დასცდენია.
– კი, ასე იყო გასულ წელს...
– მეც სწორედ გასულ წელს ვიყავი ათონის მთაზე და შევხვდი ბერს, რომელიც იმ ციცქნა ადგილიდან, სადაც უფალს ემსახურება, 65 წელიწადი არსად გასულა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა თვალშეუდგამ შრეებში გადის მისი სულიერი ჭვრეტა! უცებ მან მე მკითხა, იცით, თქვენი პატრიარქი ღმერთს რა საოცრად ჰყვარებიაო. ვუპასუხე, როგორ არ ვიცით-მეთქი. მეგონა, ჩვეულებრივი კითხვა იყო, მან კი მითხრა: „არა, არ იცით, რადგან თქვენი პატრიარქისთვის ღმერთმა ყველაზე დიდი მოწყალება, მისი სულისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა არ დაიშურა, რაც შეიძლება ადამიანს თავზე გადახდეს – მისმა გაზრდილმა შვილმა ამხელა ცოდვა დასწამა“.
ჩვენი ეკლესიაც შეჩვეულია ბრძოლას. როგორც ომში წასული მებრძოლი კრთის ომის დასაწყისში ტყვიების ზუზუნზე და მერე ზარბაზნის ხმასაც არად აგდებს, ჩვენც ისე ვართ. როდის გვქონდა უკეთესი დრო, რომ ახლა გვქონოდა! უბრალოდ, ცოტა ხნით ამოვისუნთქავდით ხოლმე, მერე კი ბრძოლა ისევ იწყებოდა, თუმცა ეს ბრძოლა ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ამის მიუხედავად, ეს, ალბათ, არ არის კულმინაცია. შესაძლოა, ჩვენს ეკლესიას უარესი ელის, მაგრამ იმასაც გაუძლებს და გადაიტანს. ჩვენ ვხედავთ, როგორ იკეტება ევროპაში ტაძრები. სასულიერო პირებს გადასახადის გადაუხდელობის გამო ქუჩაში უშვებენ, ტაძრებში კი კაფეებს ან ღამის ბარებს ხსნიან. დიდი დრო არ გვაშორებს იმ ეპოქას, როდესაც ჩვენთანაც ასე ხდებოდა. ზოგიერთი ეკლესია სულაც დაანგრიეს, თუმცა ისიც ხომ ვიცით, როგორ წარიმართა მათი ცხოვრება, ვინც ეკლესიას შეეხო.
– თუმცა ყველა სასულიერო პირზე როდი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიძულვილს ან დაპირისპირებას გაექცა. თქვენ უამრავმა ადამიანმა შეგრისხათ იმის გამო, რომ შშმ ბავშვები წინაპართა ცოდვების შედეგად მოიხსენიეთ, მერე კი აღმოჩნდა, რომ ასეთი არაფერი გითქვამთ.
– ბოროტი რომ ძლიერია და ყველგან აღწევს, ამაზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ადამიანი ეკლესიაში უფალთან მოდის და არა – სხვა რამის გასარკვევად. თანაც დაფარული არაფერია. ვინ მართალია და ვინ – არა, იმაზე მალე გაცხადდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. როგორ უნდა მეთქვა ამ ბავშვებზე მსგავსი, როდესაც სასულიერო მოღვაწეობის მანძილზე ოც დედას მაინც გადავაწყვეტინე მათი გაჩენა. ეს ბავშვები ხომ სამყაროს ცვლიან, გვაჩვენებენ, რომ სულ სხვანაირად უნდა ვიაზროვნოთ. ცოდვა მემკვიდრეობით არ გადადის, მაგრამ შესაძლოა, მშობელმა თავისი მცდარი საქციელით შვილს დაუფიქრებლად უბიძგოს არასწორი ცხოვრებისაკენ – შვილები ხომ მშობლების მაგალითზე იზრდებიან.
–- მამაო, მომავლისთვის ძალიან საშიშია, როდესაც თავს ბევრი ადამიანი კარგავს?
– ამის საუკეთესო მაგალითად ჩვენი ეპოსი და ამირანი შეგვიძლია მოვიყვანოთ. როდესაც ამირანი საკუთარ ძალას ისე ერწმუნა, რომ ღმერთსაც შეებრძოლა, ღმერთმა კლდეზე რკინის პალოთი მიაბა. ბუმბერაზი ამ პალოს ამოგლეჯას მუდამ ცდილობს, რასაც მოახერხებდა კიდეც, რომ არა ერთი პატარა ჩიტი, რომელიც მის მორყეულ პალოს აჯდება, ამირანი კი უროს უქნევს, პალოს ახვედრებს და უკანვე აჭედებს. ანუ ჩვენი სიძულვილით ჩვენვე ვეჯაჭვებით მდგომარეობას, რომელიც გვაზიანებს. ადამიანი სიძულვილით საკუთარ თავს უფრო ვნებს, ვიდრე, სხვას. მაგრამ შველა ყოველთვის არის. არ არსებობს ადამიანი, რომლის გულის კართან ღმერთი არ იდგეს და არ აკაკუნებდეს, შემომიშვიო. როდესაც ღმერთს, სიყვარულს კარს ვუღებთ, მაშინ ყველაფერი იცვლება, სხვა თვალით ვხედავთ მწუხარებასა და განსაცდელს, მოყვასის გასაჭირს, რაც უკან სიკეთით დაგვიბრუნდება. სიყვარულის უნარი უდიდესი საგანძურია ამქვეყნად და ამ საგანძურით მონიჭებულ სიკეთეს ვერასოდეს ვერავინ წაგვართმევს.
ეთერ ერაძე