ავტორი თეა ფირცხალავა
დღეს დიმიტრი უზნაძე 135 წლის გახდებოდა. გთავაზობთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც ქართველებს ეძღვნება.
რა აკლია ქართველს?! ქართველს აკლია:
“დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისკენ...
მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ... დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით… .საკუთარ საქმეს გამბედაობა და ინიციატივა სჭირდება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს.
აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.
ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირს, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.
დღეს გთავაზობთ ლადო გუდიაშვილის მიერ შექმნილ დიმიტრი უზნაძის პორტრეტს და მასთან დაკავშირებულ ისტორიას.
შუასაუკუნეების რაინდის ტანისამოსში გამოწყობილი "მებრძოლი" მეცნიერის ეს პორტრეტი დაიწერა1945 წელს, სტალინის ეპოქაში. ბატონ ლადოს დიდი მეცნიერი გაუფრთხილებია, იცოდეთ, თქვენი პორტრეტი არ იქნება ტრადიციულიო, რაზეც ბატონ დიმიტრის უპასუხია, ვიცი, ვიცი, არ შეიძლება ხელოვნების შეზღუდვა და მისი რაიმე ერთ ფორმაში მოქცევაო. სანამ საბოლოოდ დათანახმდებოდა „პოზირებას“, მეცნიერს მხატვარი ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მიუწვევია და „გამოცდა“ მოუწყვია. ლადოსთვის უთქვამთ, ფარდის უკან სხვადასხვა ადამიანი დადგება და თუ „მაგარი“ ხართ, ხმის მიხედვით შექმენით მათი პორტრეტებიო.
შედეგმა, თურმე, მოლოდინს გადააჭარბა, რადგან დახატულსა და რეალურს შორის საოცარი დამთხვევა იყო. ბატონი დიმიტრი იძულებული გახდა დათანხმებულიყო და... პორტრეტი მართლაც არატრადიციული გამოვიდა, ანუ ტილოზე აღიბეჭდა ისეთი „დიმიტრი“, როგორსაც დიდი ლადო ხედავდა.
მოგვიანებით ბატონი ლადო წერდა, გარკვეული დროა საჭირო, რომ მაყურებელმა ესა თუ ის ნაწარმოები მიიღოს, ან პირიქით, არ მიიღოსო და მართლაც, პირველი ნახვისას ბატონი დიმიტრის სანათესაოს არ მოსწონებია ნახატი, მერე კი, თანდათანობით, შეგუებიან მას და ბოლოს ყველას უღიარებია, რომ პორტრეტი მართლაც დიდებული იყო.