არ დავმალავ – ძალიან გამიხარდა მეათე მოწვევის პარლამენტში ნაცმოძრაობის დეპუტაცია რომ ვერ ვნახე. ვისურვებდი, რომ „ნაცმოძრაობა“ საერთოდ არასოდეს მენახოს საქართველოს პარლამენტში.
მერწმუნეთ, ასეთი სურვილი არა მარტო მე, არამედ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს აქვს და არა იმიტომ, რომე მე და ამ მოქალაქეებს ერთპარტიული პარლამენტი უფრო მოგვწონს, ან განსხვავებულ აზრს ვერ ვეგუებით.
მეც და ეს მოქალაქეებიც ვერასოდეს ვერ ვაპატიებთ „ნაცმოძრაობას“ იმ შემზარავ დანაშაულებს, რაც მას ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე აქვს ჩადენილი.
ეს ისეთი დანაშაულებია, რომელსაც ვერაფერი გადასწონის, რომელთა გამოსყიდვა და გადაფარვა არაფრით არ შეიძლება.
აი, ეს ბოროტი ძალა კვლავ ხელისუფლებისკენ მოისწრაფვის და ჰოი, საკვირველებავ, 31 ოქტომბერს ამ ძალამ ხმათა 27% მიიღო და ესეც ეცოტავება – არჩევნები გაგვიყალბეს, თორემ უფრო მეტმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარიო.
მე და ჩემნაირებმა არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ ამ მკვლელებისა და მოძალადეების პარტიას 27 პროცენტმა, ანუ დაახლოებით 500 ათასამდე ქართველმა მისცა ხმა.
მე და ჩემნაირებს ნამდვილად არ გვემეტება ეს ნახევარი მილიონი ქართველი იმ მკაცრი შეფასებისთვის, რომელსაც იმსახურებენ – როცა მკვლელებს უჭერ მხარს, შენც მკვლელი და ყველა იმ დანაშაულის თანამონაწილე ხარ, რაც მათ ჩაუდენიათ.
თუმცა ვფიქრობ, მთლად მათი ბრალი არ არის ის, რაც მათ თავს ხდება, საქმე ის არის, რომ ამ რვა წლის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა ამ ადამიანებისთვის ეჩვენებინა „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი სახე. მისი სისხლიანი ბიოგრაფიის ამსახველი სრულყოფილი და ობიექტური ანალიზი.
ის, რაც ამ 500 ათასმა ადამიანმა იცის სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ შესახებ, მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტებია და ისიც ალაგ-ალაგ რეტუშირებული.
არსებობს ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე გაბნეული ცალკეული პუბლიკაციები, არსებობს სატელევიზიო სიუჟეტები, არსებობს ზედაპირული და ზერელე შეფასებები, მაგრამ არ არსებობს ერთად შეკრებილი დიდი საბრალდებო დასკვნა, რომელიც ერთად მოუყრიდა თავს ყველა იმ დანაშაულს და ამ დანაშაულის ჩამდენთა ბრალდებას.
ასეთი დასკვნა რომ არსებობდეს, დღეს საქართველო სულ სხვა რეალობაში იცხოვრებდა და არც იმაზე მოუწევდა დავა და კამათი, „ნაცმოძრაობამ“ მართლა 27% მიიღო თუ უფრო მეტი.
არ იქნებოდა ამაზე დავა და კამათი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ საბრალდებო დასკვნის არარსებობის და ამ დასკვნაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ საერთოდ აეკრძალებოდა არჩევნებში მონაწილეობა.
სიმართლე გითხრათ, როცა 31 ოქტომბრის შემდეგ ატეხილ ამ საყოველთაო გნიასს და ყურისწამღებ პოლემიკას ვუსმენ, რომელშიც ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ლამის ნახევარი მსოფლიოს ელჩები არიან ჩართული, მეჩვენება, რომ ჩვენ, ყველანი, შინაურებიც და უცხოელებიც, ვლაპარაკობთ არა იმაზე, რაც მართლაც საგანგაშო და კატასტროფული ამბავია, არამედ საუბარი გადაგვაქვს სულ სხვა მიმართულებით, მთავარ პრობლემას კი ხელუხლებელს ვტოვებთ, პირადად ჩემთვის და ჩემსავით ასიათასობით ქართველისთვის კი მთავარი პრობლემა, მთავარი უბედურება, იცით, რა არის?! რა არის და ის, რომ „ნაცმოძრაობა“ კვლავ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ქართული პოლიტიკური თეატრის სცენაზე და მთავარ მოკავშირედ შვიდი ბარიერგადალახული პოლიტიკური პერსონაჟი ჰყავს.
ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ტრაგედია, რომლის ფინალიც ჯერჯერობით არავინ იცის, როგორი იქნება.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რვა წლის თავზე გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში კვლავ გაემარჯვა ჰიტლერის ფაშისტურ პარტიას.
ამის ალბათობა შეიძლება სრულიად რეალური ყოფილიყო, თუ გერმანელი ხალხი არ გაასამართლებდა და სამუდამოდ არ აკრძალავდა ჰიტლერის პარტიას, მის იდეოლოგიას.
გერმანელ ხალხს დღემდე რცხვენია მისი ისტორიის ამ შავბნელი მონაკვეთის გამო, ქართველი ხალხის 27%-ს კი სულაც არ რცხვენია, 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე აღმოცენებული ქართული ფაშიზმის გამო, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა საქართველოს.
ქართველი ხალხის ეს 27% საერთოდ ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის იმ 73%-ის წინაშე, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ფაშისტური მეთოდებით ქვეყნის მართვა, ფაშიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება.
ამაო გამოდგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობა, ადამიანური, ქრისტიანული, შემწყნარებლური, ჰუმანური მეთოდებით ეცადა, სატანის გზაზე შემდგარი „ნაცმოძრაობის“ მორჯულება.
მგლის თავზე სახარებას კითხვას ჰგავს ეს ყველაფერი – მოღონიერებული, მომძლავრებული, დაუსჯელობით გათამამებული და გათავხედებული მგელი მოგვიტრიალდა და ისევ შეჭმას გვიპირებს.
31 ოქტომბერს ბეწვის ხიდზე გაიარა საქართველომ – ნაცმოძრაობა, მის მიერ მძევლად აყვანილ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კინაღამ ხელისუფლების სათავეში მოვიდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ბეწვის ხიდი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადავლილი.
მისასალმებელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო მკვეთრი განცხადებების გაკეთება და საგნებისა და მოვლენებისთვის თავისი ნამდვილი სახელის დარქმევა.
აბსოლუტურად სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული მგონია ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ნაცმოძრაობა საერთოდ უნდა მოიხსნას არჩევნებიდან, როგორც ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ ცენზს და რომელსაც ხელმძღვანელად უცხო ქვეყნის მოქალაქე და, ამასთან ერთად, სასჯელმისჯილი პირი ჰყავს.
ცოტა ადრე უნდა გაკეთებულიყო ეს, მაგრამ, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
თუმცა მხოლოდ კონსტიტუციური ცენზის დარღვევის გამო კი არ უნდა მოიხსნას „ნაცმოძრაობა“ არჩევნებიდან, არამედ, პირველ ყოვლისა, იმისთვის, რომ ბოლო წლებია, „ნაცმოძრაობა“ მუდმივი რყევებისა და დესტაბილიზაციის ზღვარზე ამყოფებს ქვეყანას.
უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ ბოლო წლებში აკეთებს. ეს არის დროში გაჭიმული და გაგრძელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაც 2020 წლის 20 ივნისს კინაღამ პარლამენტში შეჭრით დაგვირგვინდა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ფაქტი, მსგავსი მოვლენები სხვადასხვა ფორმით არაერთხელ დაფიქსირდა.
ამის დასამტკიცებლად დიდი გამოძიება და გამოკვლევა სულაც არ არის საჭირო –ძ გადახედეთ „მთავარის“, მანამდე „რუსთავი2“-ის, „ფორმულის“, ტვ-პირველის გადაცემებს, მოუსმინეთ სააკაშვილის ჩართვებს კიევიდან, მოუსმინეთ რევოლუციონერ გვარამიას და რევოლუციონერ გაბუნიას და თქვენ აუცილებლად ნახავთ სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის საჯაროდ გამოტანილი პროექტებისა და სცენარების ფრაგმენტებს.
ვიღაც–ვიღაცები გვიმტკიცებენ, რომ ამ ფაქტებზე მკაცრი რეაგირება გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს.
სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება კი არა, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაა ეს ყველაფერი და ხელისუფლებას მოვუწოდებ: ისე იმოქმედოს, როგორც ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს – კანონის მიხედვით.
ის, რაც სხვა სახელმწიფოებში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, საქართველოში რატომ არის სიტყვის თავისუფლება?
რატომ არის საქართველოში პოლიტიკოსობა, გნებავთ, ჟურნალისტობა, ხელშეუხებლობის გარანტი, რომელიც პრივილეგიას გაძლევს, შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ღიად და დაუფარავად ეწეოდე ძირგამომთხრელ საქმიანობას და კანონის წინაშე პასუხი არ აგო?
არჩევნები დამთავრდა, პარლამენტის პირველი სხდომა შედგა, მაგრამ ბარიერგადალახული პარტიები ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით გამოგონილი, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ქვეყნისთვის ამ უმძიმეს ჟამს, კორონაეპიდემიის პირობებში, ოპოზიციური პარტიების ეს საქციელი განა არ არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული, რომლის მიზანია ეკონომიკის ჩამოშლა, დესტაბილიზაციის, სამოქალაქო დაპირისპირების, ქაოსისა და უმართავი პროცესების პროვოცირება.
დიახ, უმძიმესი დანაშაულია ეს და ამ დანაშაულის ავტორებს და შემოქმედებს პასუხი უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ.
თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო შევინარჩუნოთ, „ნაცმოძრაობა“ უნდა დასრულდეს!
ვახტანგ ხარჩილავა