ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხვალ საპროტესტო აქციას გამართავს და სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით, მოთხოვნებს დააყენებს. ორგანიზაცია სასამართლოს სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის, სადაც საუბარი იქნება გიორგი პაპუაშვილის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე. სწორედ „ახალგაზრდა ადვოკატების" წარმომადგენლობით გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე დავა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ორგანიზაციამ 2016 წლის 2 ივლისს სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქმეზე მორიგების აქტზე ხელმოწერას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 11:00 საათზე დაიწყება.