logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: მათი მოქმედების დევიზია: „ან ყველაფერი, ან არაფერი!“ კიევიდან დაკვეთაც ასეთია
- +

6 იანვარი. 2021. 00:28

 

 

 

გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

 

– მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მთავრობის, ასე ვთქვათ, შუალედური შემადგენლობაა და კრიზისული პანდემიური ვითარებიდან გამოსვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი აუცილებლად გადახალისდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა მხოლოდ განცხადება კულტურის სამინისტროს

ცალკე უწყებად ჩამოყალიბების თაობაზე. ეს თემა, კარგა ხანია, მომწიფებულია, არამედ ისიც, რომ, მაგალითად, გოჩა ლორთქიფანიძე გახდა ჰააგის სასამართლოს წევრი, რაც ქვეყნის დიდი წარმატებაა, მაგრამ ამის გამო ის შეიძლება აღარც წარუდგინონ პარლამენტს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად, ან მალევე შეუწყვიტონ უფლებამოსილება. მესამე საკითხია ის, რომ მთავრობა აპირებს წარადგინოს ქვეყნის განვითარების ახალი სტრატეგია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი დოკუმენტი მთლიანად არის გაწერილი, მაგრამ ამ სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში, ვფიქრობ, მთავრობაში მოხდება როგორც სტუქტურული, ასევე პერსონალური ცვლილებები. ჯერჯერობით ეს სტრატეგია ნედლია და, შესაბამისად, მომავალში მოიაზრება მასთან დაკავშირებული ცვლილებები. მაგალითად, ერთ-ერთ უპირველეს პუნქტად იქ არის უსაფრთხოების საკითხი და თუნდაც ამ საკითხის კონტექსტში მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალ-ახალი გარემოებები გაჩნდეს, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა – ახალი გამოწვევები და რისკები გაჩნდა. იგივე ვითარებაა ეკონომიკაშიც. ჩვენ ჯერ არ ვიცით, პანდემიის გამო რა ეკონომიკური ცვლილებები მოხდება მსოფლიოში.

 

– მედიაში აქტიურად განიხილებოდა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლის საკითხი...

 

¬– მე თავის დროზე მისი პრემიერობიდან წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, მიმაჩნდა, რომ ის ვალდებული იყო, ბოლომდე მიეყვანა საქმე, რომელიც წამოიწყო. ჩემი აზრით, მაშინაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი სათანადო შემცვლელი პარტიაში არ იყო; არც ახლაა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი შემცვლელი „ქართულ ოცნებაში“. თუ გახსოვთ, პირველი უსიამოვნება, რაც გვქონდა მე და ბატონ ბიძინას პირდაპირ ეთერში, სწორედ ეს იყო – მე პრემიერობიდან მისი წასვლა უარყოფითად შევაფასე. ახლაც მიმაჩია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან მისი წასვლა არაფრით არ შეიძლება. საქმე ის არის, რომ ყველაფერზე, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება, პასუხისმგებელი მაინც ბიძინა ივანიშვილია და აუცილებელია, რომ ის, როგორც ლიდერი, ფორმალიზებული იყოს. სხვა საკითხია, თუ მან სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რაზეც ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ ვიცი, რა შეიძლება ეს იყოს, მაგრამ თუ ყველაფერი ისე რჩება, როგორც აქამდე იყო, ის აუცილებლად უნდა იყოს ისეთ პოსტზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მართოს ვითარება და საზოგადოებასაც ექნება საშუალება, იცოდეს, ვისთან აქვს საქმე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის გამო, ასევეა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც.

 

– ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო იწურება. ერთი მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა თანახმად, პარტიას, რომელიც პარლამენტის მანდატებზე უარს იტყვის, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება, იმ პოლიტიკურ პარტიას კი, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება. მეორე მხროვ, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე დაწერა განცხადება და დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, ნაწილისგან კი გვესმის რევოლუციური რიტორიკაც... „როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ. ეს ჩემთვის შემაშფოთებელია“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა კარლ ჰარცელმა...

 

– სამწუხაროდ, მეც ასე ვხედავ ამ პროცესს. მეტიც, ჩემი აზრით, შეთანხმების მიღწევა უკვე შეუძლებელია და ამაზე მიუთითებს ორივე მხარის მოქმედება... „ქართული ოცნება“ არავითარ შემთხვევაში არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, თუ განსაკუთრებული ვითარება არ შეიქმნა, ვგულისხმობ პანდემიიდან გამომდინარე ისეთი სიტუაციას, როდესაც ჩამოიშლება ქვეყანა, ეკონომიკა, ვეღარ გავუმკლავდებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებას, აბსურდული ვითარებაა შექმნილი და ეს ყველაფერი ფარსს დაემსგავსა. უკვე ისმის ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები. ვგულისხმობ, მაგალითად, ბოკერიას ნახსენებ „ლეგიტიმურ რევოლუციას“, ასევე განცხადებებს, რომ „მშვიდობა არ იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება“ და ა.შ. უკვე მუქარის ტონი გაჩნდა, მაგრამ ესეც არ არის საქმე. როდესაც ოპოზიციის მოქმედებებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ მათი რადიკალური ნაწილის მიზანი – ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერი გზით, ანუ მათი მოქმედების დევიზია: „ან ყველაფერი, ან არაფერი!“ კიევიდან დაკვეთაც ასეთია.

სააკაშვილი არჩევნების შედეგად სხვა რეალობას ელოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ოპოზიცია ერთიანად მოახერხებდა „ქართული ოცნების“ დამარცხებას. ამისთვის ძალიან დიდი ფული დაიხარჯა, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი! აქედან გამომდინარე, მისთვის შექმნილ ვითარებაში ფსიქოლოგიურად გადაწყობა წარმოუდგენელია. სწორედ მისი დავალებაა ეს რევოლუციური რიტორიკა.

ოპოზიცია ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია გასაგებია; „ევროპული საქართველოსთვის“ კი პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს, ჯერ ძალიან ცოტა დეპუტატი ჰყავთ და მათშიც ლიდერები ვერ ხვდებიან; „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიცია კი ორჭოფულია იმიტომ, რომ ისინი თავიანთი შედეგებით კმაყოფილი არიან. შეიძლებოდა მეტიც, მაგრამ „გირჩს“ ნამდვილად არაფერი აქვს საპრეტენზიო. მაგრამ არარადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ამინდს ვერ შექმნიან, ამიტომაც „ნაცმოძრაობის“ შეთავაზებული დღის წესრიგით მოქმედებენ. ეს დღის წესრიგი რომ არ არსებობდეს, რომ არ იყოს შიში მუდმივი ბულინგისა და დისკრედიტაციისა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე პარტია აუცილებლად შევიდოდა პარლამენტში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა შექმნეს ასეთი მოჯადოებული წრე, რომლიდანაც ახლა ზოგიერთი სხვა ოპოზიციონერი ვეღარ გამოდის. აქ არის ერთი ფაქტორიც – შექმნეს ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, რომ ისეთ პარტიებსაც კი, როგორიც არის „პატრიოტთა ალიანსი“, აღარ შეესვლება პარლამენტში, ანუ თავიდანვე, არჩევნების დღესვე, პირველივე წუთებიდან შექმნეს იმგვარი განწყობა, თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა გამოირკვა, თურმე ასე სულაც არ არის და ხარვეზებს შედეგზე არ უმოქმედია, ამის დასაბუთებას დრო დასჭირდა, რაც „ნაციონალების“ შესაბამისმა პიარსამსახურმა ძალიან კარგად გამოყენა. ეს სამსახური, ჩემი აზრით, დაკომპლექტებულია ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებით. მოკლედ, ისე იმუშავეს, რომ დანარჩენებს პარლამენტისკენ გზა მოუჭრეს.

გახსოვთ, ალბათ, ელისაშვილს აშკარად ჰქონდა სურვილი, პარლამენტისკენ ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხეს მისი დაბლოკვა, შექმნეს რა მის წინააღმდეგ არნახული ტერორის რეჟიმი.

მოკლედ, ყველაზე დიდი პრობლემა ის მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს პოზიცია – ან ყველაფერი, ან არაფერი – გულისხმობს ყველანაირ ქმედებას იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. ეს გულისხმობს არა მხოლოდ საპროტესტო აქციებს, არამედ ისეთ ქმედებებსაც, რაც მოვისმინეთ კიევში მყოფი ადამიანების სატელეფონო საუბრებში, ანუ ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების შეცვლას. არიან თუ არა კონკრეტული ადამიანები ამის გამკეთებლები, სხვა საკითხია, მაგრამ ოპოზიცია რომ ამაზე ლაპარაკობს, ეს დიდი პრობლემაა. მე არ ვიცი, რას ნიშნავს „ლეგიტიმური რევოლუცია“, თუ არა ძალისმიერ ქმედებებს.

 

– ამ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას როგორ აფასებთ?

 

– გრიგოლ ვაშაძე არის ეპიკურე, ანუ კარგ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი. ის ამ პოსტზე აღმოჩნდა სააკაშვილის კაპრიზის გამო, რომ მას არ ჰყოლოდა კონკურენტი პარტიის ხელმძღვანელად. თვითონ ვერ იქნებოდა და შეარჩია ასეთი ადამიანი, რომელსაც არ ექნებოდა დიდი პრეტენზიები. ვაშაძეს აქვს დიდი დიპლომატიური გამოცდილება, მაგრამ არ შეუძლია გაუთავებლად ქუჩაში სირბილი, მით უფრო, რევოლუციურ სცენარში მონაწილეობა. ვაშაძის გადადგომაც აჩვენებს იმას, რაც მე უკვე გითხარით, მისთვის მიუღებელია ის ფორმა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ შემდეგ ეტაპად ფიქრობს. ჩემი აზრით, ეს იყო დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე მისი გააზრებული ნაბიჯი.

რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი რჩევა არ სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, მას ისეთი ადამიანი უნდა ჰყავდეს სათავეში, რომელსაც მხრებზე 2004-2012 წლების სიმძიმე არ აწევს. ეს შეიძლება იყოს ნიკა მელია.

მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მონაწილეობდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრებაში, ის მაინც რიგითი ჩინოსანი იყო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების სიმძიმე მას არ აწევს.

 

– ალეკო ელისაშვილმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის შეხვედრებისას რევოლუციურ სცენარზე იყო ლაპარაკი. „ვუთხარი, თუ არ დანიშნეს არჩევნები და ერთპარტიულმა პარლამენტმა გააგრძელა მუშაობა, მერე რას ვშვრებით? გვითხარით გეგმა, გვითხარით სტრატეგია, გამოგყვებით-მეთქი. გვითხრეს, რომ გაზაფხულზე მღელვარება დაიწყება და მერე რაღაც იქნებაო...“, განაცხადა მან. თქვენი აზრით, მოსალოდნელია, რომ გაზაფხულზე მართლაც გავიდეს ხალხი ქუჩაში?

 

– ხალხის ქუჩაში გასვლაც ხელისუფლების ხელშია. როდესაც ხალხი 2012 წელს ქუჩაში გამოვიდა და გრანდიოზულ აქციებში მიიღო მონაწილეობა, ეს იმჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარეობდა. ახლაც ხელისუფლების ხელშია, მოახერხებს თუ არა, გაუმკლავდეს შექმნილ ვითარებას და კორექტულად და გააზრებულად მოიქცეს პანდემიის შემდეგ. პოსტპანდემიური ვითარება ასე სწრაფად არ გვექნება, მაგრამ ვითარების ლოკალიზება და მისი მართვა შესაძლებელია. ამაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ერთია საპროტესტო აქციები და მეორეა რევოლუცია...

არ ვიცი, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რევოლუციის ხსენებაში რას გულისხმობენ, მაგრამ ეს ჩემთვის არის პროცესების ძალისმიერად წარმართვა, რაც ქვეყნის დანგრევად დაგვიჯდება.

ჩვენ ეს ხომ გავიარეთ! მაინც რამდენჯერ შეიძლება, ეს ქვეყანა დავანგრიოთ?! თითქმის ყველა მთავრობას ხელახლა უხდებოდა ქვეყნის შენება. ბოლოს და ბოლოს, ამ პატარა ერმა 30 წლის განმავლობაში გავიარეთ სამი თუ ოთხი ომი. დღესაც ლამის საომარ მდგომარეობაში ვართ... ეს განცხადებები, რომლებიც ახლა გვესმის რევოლუციასთან დაკავშირებით, ნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს აბსოლუტურად არ აღელვებს ქვეყნის ბედი, მათთვის მთავარი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

– რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც მინდა გკითხოთ... ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ ბევრი რამ იცვლება. ბაქოში ერდოღანის განცხადებას „ექვსეულის პლატფორმის“ შესახებ ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთი, ირანი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენების ისეთ განაწილებას ცდილობდნენ, რაც დასავლეთის აქტიურობას მაქსიმალურად შეზღუდავს...

 

– როცა რეგიონში ახალი გარემოებები, ვახსენე ამასაც ვგულისხმობდი. ერდოღანმა ძალიან კარგად იცის, რასაც ამბობს. ცოტა უკან რომ დავიხიოთ, პანთურანიზმის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ერდოღანი ამას უკვე წარმატებით ახორციელებს. სხვათა შორის, ამ იდეის ხორცშესხმას დასავლეთმაც შეუწყო ხელი, რადგან თავისი ინტერესი ჰქონდა, მერე კი, როცა მასაც შეუქმნა პრობლემები, ეს მისთვის მიუღებელი გახდა.

ამ სამეულის კონფიგურაციას თუ დავაკვირდებით, ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთის ინტერესების მტრები არიან. რაც უნდა სიტუაციური კონტაქტები და თანამშრომლობა მოახერხონ, თურქეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ კავკასიის საკითხზე ვერასდროს მოილაპარაკებენ. რუსეთს შეუძლია თურქეთის ამბიციები აიტანოს მაშინ, როცა თურქეთი ეჭიდავება დასავლეთს და მის მიმართ უკომპრომისო ხდება. აქ მოკავშირეები არიან, მაგრამ ყველა სხვა სივრცეში თურქეთი მიუღებელია კრემლისთვის, ისევე, როგორც ირანისთვის, რომელიც თვითონ მიიჩნევს თავს ისლამური სამყაროს ლიდერად.

ახლა, რაც შეეხება, ამ ექვსეულის პლატფორმას... ეს, ერთი შეხედვით, ნიშნავს, რომ თურქეთსა და ირანს კავკასიაზე გავლენის საუკუნეების წინანდელი ტრადიციის აღდგენა უნდათ, რუსეთს კი თურქეთის მეშვეობით შავ ზღვაში დასავლეთის აქტიურობის დაბლოკვა სჭირდება.

არსებობს მოსაზრება, რომ რაღაც ნაწილი ამ ინიციატივისა დასავლეთისთვისაც შეიძლება მოსაწონი იყოს, ბოლოს და ბოლოს, თურქეთი ნატოს წევრია და თუ აზერბაიჯანში გაჩნდება თურქული ბაზა, საითაც მიდის კიდეც საქმე, ეს ნატოს პირველი ბაზა იქნება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. მოკლედ, ისეთი ვითარებაა, რომ ყველამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს.

რაც შეეხება საქართველოს, გასაოცარია, მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს დამატებითი შანსი გაუჩნდა. საქმე ის არის, რომ როდესაც ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ყალიბდება, ყოველთვის ჩნდება შანსი, რომ შენი ინტერესების გათვალისწინებით, პოლიტიკურად მომგებიანად ივაჭრო... სხვა საკითხია, შევძლებთ თუ არა ამას და გვეყოფა თუ არა ამის ინტელექტუალური თუ დიპლომატიური რესურსი. გვმართებს სერიოზული დაფიქრება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ამასთანავე, იმედია, შიდა შუღლს არ გადავაყოლებთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს...

 

ნათია დოლიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner