logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: სწორედ სააკაშვილის დავალებაა ეს რევოლუციური რიტორიკა
- +

6 იანვარი. 2021. 02:57

 

 

„სააკაშვილი არჩევნების შედეგად სხვა რეალობას ელოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ოპოზიცია ერთიანად მოახერხებდა „ქართული ოცნების“ დამარცხებას. სწორედ მისი დავალებაა ეს რევოლუციური რიტორიკა“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, რომ არa შიში მუდმივი ბულინგისა და დისკრედიტაციისა, რამდენიმე პარტია აუცილებლად შევიდოდა პარლამენტში.

 

„რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებას, აბსურდული ვითარებაა შექმნილი და ეს ყველაფერი ფარსს დაემსგავსა. უკვე ისმის ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები. ვგულისხმობ, მაგალითად, ბოკერიას ნახსენებ „ლეგიტიმურ რევოლუციას“, ასევე განცხადებებს, რომ „მშვიდობა არ იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება“ და ა.შ. უკვე მუქარის ტონი გაჩნდა, მაგრამ ესეც არ არის საქმე. როდესაც ოპოზიციის მოქმედებებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ მათი რადიკალური ნაწილის მიზანი – ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერი გზით, ანუ მათი მოქმედების დევიზია: „ან ყველაფერი, ან არაფერი!“ კიევიდან დაკვეთაც ასეთია.

სააკაშვილი არჩევნების შედეგად სხვა რეალობას ელოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ოპოზიცია ერთიანად მოახერხებდა „ქართული ოცნების“ დამარცხებას. ამისთვის ძალიან დიდი ფული დაიხარჯა, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი! აქედან გამომდინარე, მისთვის შექმნილ ვითარებაში ფსიქოლოგიურად გადაწყობა წარმოუდგენელია. სწორედ მისი დავალებაა ეს რევოლუციური რიტორიკა.

ოპოზიცია ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია გასაგებია; „ევროპული საქართველოსთვის“ კი პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს, ჯერ ძალიან ცოტა დეპუტატი ჰყავთ და მათშიც ლიდერები ვერ ხვდებიან; „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიცია კი ორჭოფულია იმიტომ, რომ ისინი თავიანთი შედეგებით კმაყოფილი არიან. შეიძლებოდა მეტიც, მაგრამ „გირჩს“ ნამდვილად არაფერი აქვს საპრეტენზიო. მაგრამ არარადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში „ნაციონალური¬ მოძრაობის“ გარეშე ამინდს ვერ შექმნიან, ამიტომაც „ნაცმოძრაობის“ შეთავაზებული დღის წესრიგით მოქმედებენ. ეს დღის წესრიგი რომ არ არსებობდეს, რომ არ იყოს შიში მუდმივი ბულინგისა და დისკრედიტაციისა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე პარტია აუცილებლად შევიდოდა პარლამენტში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა შექმნეს ასეთი მოჯადოებული წრე, რომლიდანაც ახლა ზოგიერთი სხვა ოპოზიციონერი ვეღარ გამოდის. აქ არის ერთი ფაქტორიც – შექმნეს ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, რომ ისეთ პარტიებსაც კი, როგორიც არის „პატრიოტთა ალიანსი“, აღარ შეესვლება პარლამენტში, ანუ თავიდანვე, არჩევნების დღესვე, პირველივე წუთებიდან შექმნეს იმგვარი განწყობა, თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა გამოირკვა, თურმე ასე სულაც არ არის და ხარვეზებს შედეგზე არ უმოქმედია, ამის დასაბუთებას დრო დასჭირდა, რაც „ნაციონალების“ შესაბამისმა პიარსამსახურმა ძალიან კარგად გამოყენა. ეს სამსახური, ჩემი აზრით, დაკომპლექტებულია ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებით. მოკლედ, ისე იმუშავეს, რომ დანარჩენებს პარლამენტისკენ გზა მოუჭრეს.

გახსოვთ, ალბათ, ელისაშვილს აშკარად ჰქონდა სურვილი, პარლამენტისკენ ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხეს მისი დაბლოკვა, შექმნეს რა მის წინააღმდეგ არნახული ტერორის რეჟიმი.

მოკლედ, ყველაზე დიდი პრობლემა ის მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს პოზიცია – ან ყველაფერი, ან არაფერი – გულისხმობს ყველანაირ ქმედებას იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. ეს გულისხმობს არა მხოლოდ საპროტესტო აქციებს, არამედ ისეთ ქმედებებსაც, რაც მოვისმინეთ კიევში მყოფი ადამიანების სატელეფონო საუბრებში, ანუ ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების შეცვლას. არიან თუ არა კონკრეტული ადამიანები ამის გამკეთებლები, სხვა საკითხია, მაგრამ ოპოზიცია რომ ამაზე ლაპარაკობს, ეს დიდი პრობლემაა. მე არ ვიცი, რას ნიშნავს „ლეგიტიმური რევოლუცია“, თუ არა ძალისმიერ ქმედებებს“, - განაცხადა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner