logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: კატეგორიულად მოვითხოვ, პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, ჩემი ჯიბიდან არ დაფინანსდნენ
- +

7 იანვარი. 2021. 01:50

 

მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ჩვენ ბაბილონის გოდოლს ვაშენებთ! – აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი და ამ რთული რეალობიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს:

– ყოველ დილით 11 საათზე ვიგებთ, რომ კოვიდით 40-50-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის უბრალოდ სტატისტიკა და ამდენივე ოჯახის ტრაგედია. მეც გამოვცადე იგივე – ორიოდე კვირის წინათ კოვიდით გარდაცვლილი მამაჩემის ცხედარს რამდენიმე ადამიანი მივაცილებდით. მხოლოდ ფელინის ფილმებში მქონდა ნანახი ასეთი ნისლიანი გასვენებები... ახლა მთელი დედამიწაა ავად, საქართველოში ერთ ენაზე მოლაპარაკეებს ერთმანეთის არ გვესმის და მტრები გვგონია, პანდემია ფიზიკურ სხეულებს ანადგურებს, მაგრამ, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ხდება, გაცილებით მძიმე სენია.

 

– საინტერესოა, რა დაავადება აქვს შეყრილი ქართულ პოლიტიკას ისეთი, რომ პანდემიას ადარებთ...

 

– დღეს საქართველოში მომაკვდინებელი პოლარიზებაა, რომელიც გაცილებით საშიშია, ვიდრე პარლამენტში შესვლა-არშესვლა. ოპოზიცია მაზოხიზმშია და პოლიტიკურად ძალადობს – ბევრნი თუ ვიტყვით, რომ არჩევნები გაყალბდა, დაგვიჯერებენო... იმდენად დაკარგეს სახე და დამაჯერებლობა, რომ არათუ ქართველი ხალხი, დასავლეთიც აღარ უგდებს ყურს. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, იმ სამ და ერთპროცენტებსაც ვერ აიღებდნენ.

 

113 დეპუტატის პარლამენტში არყოფნა იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ მაღალი ტრიბუნიდან მათ გამოსვლებს ვეღარ ვიხილავთ, არამედ ქვეყანას საზღვრების აღდგენის გადახედვის შესაძლებლობა არ ექნება. ერთადერთი ალეკო ელისაშვილს აქვს საღი პოზიცია, დიდი ალბათობით, სხვა პარტიებშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ ხმას ვერ იღებენ, ისე ღრმად არიან ამ თამაშში შესულნი.

ერთ–ერთმა პოლიტიკოსმა ქალბატონმა აღნიშნა– შეხვედრებს პარლამენტის სამი ყოფილი თავმჯდომარე ვესწრებითო... შე დალოცვილო, მერე, რა მაზოხიზმი შეგეყარა ისეთი, რომ იმ რეიტინგსაც კარგავ, რაც გქონდა? ასე როგორ უნდა დაეცა? ფანჩატურში ერთკაციანი პარტიების გვერდით ჯდომა შეგძენთ ქულებს?

როდესაც პანდემია მძვინვარებს და სამხრეთ კავკასიაში დენთის სუნი დგას, პოლიტიკური ძალადობა რომელ მორალში ჯდება? თუ მართლა პოლიტიკოსები ხართ და არა პარტიული ფუნქციონერები, რატომ არ ითვალისწინებთ ამ გარემოებას ან ექსპრეზიდენტის ბიძის ბრძანებებს რატომ ასრულებთ?

 

– ანუ ოპოზიცია ექსპრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას გეგმის მიხედვით მოქმედებს?

 

– ცოტა ხნის წინათ განა საკუთარი ყურით არ მოვისმინეთ სააკაშვილის ბიძისა და გუბაზ სანიკიძის დიალოგი? დაგვავიწყდა, როგორ იძლეოდა მითითებებს?! ისინი იმ გეგმას მიჰყვებიან, რაც ძალადობის გზით ხელისუფლების დამხობას გულისხმობს! ამ თამაშში შევიდნენ და ვეღარ გამოდიან! ვფიქრობ, პოლიტიკური საბოტაჟი, რასაც დღეს ოპოზიცია მიმართავს, გამოძიების საგანი უნდა გახდეს! სხვის ჯიბეში არ ვიხედები, მაგრამ, როდესაც ლეგალურ შემოსავალზე უარს აცხადებ, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, საიდან ეს ფუფუნება? რა მოტივაცია გამოძრავებს ისეთი, რომ ქვეყნის განვითარება შეაფერხო და პარლამენტმა კონსტიტუციური ცვლილებები არ მიიღოს?! ეს ხომ საბოტაჟია?!

 

– და მაინც, ვის აწყობს პანდემიის პირობებში და რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საბოტაჟის მოწყობა?

 

– ესენი კოლექტიური სააკაშვილები არიან, ამიტომ მე, როგორც ერთი ამომრჩეველი, კატეგორიულად მოითხოვ, პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, ჩემი ჯიბიდან არ დაფინანსდნენ, ხოლო ფული იმ სანიტრებმა, ექთნებმა და ექიმებმა მიიღონ, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძვიან. კოვიდკლინიკაში, სადაც დედაჩემი წევს, სტუდენტები დიდი რისკის ქვეშ მუშაობენ, საოცარ სამოქალაქო, პროფესიულ გმირობას იჩენენ! მოლაყბეებს, უნდა გადავუხადოთ ხელფასი ქვეყნის ამოტრიალებაში და ასეთი ადამიანები უყურადღებოდ დავტოვოთ? შეხედეთ ოპოზიციის ლიდერებს, ვითომ პირად კეთილდღეობაზე წინ ქვეყნის ბედს რომ აყენებენ, ბრაზის ნაოჭები აქვთ სახეზე. გამოურთეთ ტელევიზორს ხმა და დააკვირდით სხეულის ენას, როგორი აგრესია მოდის მათგან. როგორ შეიძლება მათი ხელისუფლებაში მოსვლა? ეს ადამიანები ისეთ მაზოხიზმში შევიდნენ, ვერც კი ხვდებიან, რატომ არ მისცა ქართველმა ხალხმა ხმა.

– რა უნდა დაუპირისპიროს ხელისუფლებამ ოპოზიციის ამ ტაქტიკას!?

 

– სამართლიანობის აღდგენა, რომელიც წესით, დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო! აბსოლუტურად კანონიერად, სიძულვილის გარეშე, ობიექტურად უნდა მოხდეს იმის გამოძიება, თუ რა მზიანს აყენებენ ეს პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს. მეტიც, უნდა გავაანალიზოთ ბოლო 30 წელი. ყველა მოვლენას უნდა მივცეთ შეფასება – მერაბ კოსტავას დაღუპვიდან და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე. თუ ქვეყანა ამ რებუსებს არ ამოხსნის, დიდი მცდელობების მიუხედავად, ჩაკეტილ წრეში ვიტრიალებთ!

ცხადია, პოლიტიკოსები, რომლებიც 32 წელია, ეკრანზე ჩანან და ხალხს ყელში ჰყავს ამოსული, ამ პრობლემას ვერ გადაჭრიან. ამიტომ ამ პროცესებში საზოგადოება, სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანები უნდა ჩაერთონ. კიდევ ერთხელ ვამბობ – ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა დღეს საზოგადოების პოლარიზებაა, როცა ერთმანეთის აღარ გვესმის და ბაბილონის გოდოლს ვაშენებთ. ასე რომ, ვიდრე სამყაროდან კიდევ უფრო დიდ სასჯელს მივიღებდეთ, იქნებ, თავადვე ვიპოვოთ გამოსავალი?!

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner