ნაცმოძრაობის ბელადმა სააკაშვილმა ბრძანება გასცა: „ჩემი ბოკერია ჩემთან!“ და ბოკერიაც კასტრირებული ბულდოგივით მორჩილად მიცუნცულდა და ფეხებთან გაუგორდა პატრონს და მბრძანებელს. „კასტრირებულ ბულდოგს“ სხვებიც მიჰყვნენ კვალში და ყაენთ-ყაენის ბანაკს მხიარული წკმუტუნით და კუდის ქიცინით მიაშურეს: ჩვენც აქა ვართ, მიგვიღე და გვიყმე, მბრძანებელოო!
სულ ტყუილი აღმოჩნდა ხალხში ლეგენდად გავარდნილი ამბავი: ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა და სხვები სააკაშვილს გამოეყვნენ და მტრად მოეკიდნენო. ადამიანები ვერ მიხვდნენ, რომ თავიდან ბოლომდე კაგებეს სისტემაზე აგებული ნაცმოძრაობიდან შეუძლებელია, ვინმე წავიდეს და მთელი სერიოზულობით დაუპირისპირდეს „მშობლიურ ორგანიზაციას“, რადგან „მშობლიური ორგანიზაცია“ წინასწარ იჭერს თადარიგს, რომ მისმა ყოფილმა წევრებმა ასეთი რამის გაკეთება ფიქრადაც კი არ გაივლონ.
ზუსტად ამ კაგებეშნიკური მეთოდებით იმუშავა ნაცმოძრაობამ და მის წევრებზე, განსაკუთრებით, მის ელიტურ ნაწილზე, უამრავი კომპრომატი, უამრავი მამხილებელი დოკუმენტი დააგროვა, რომელთა გამომზეურება და საჯაროდ გამოტანა საბოლოო წერტილს დაუსვამს მათ პოლიტიკურ კარიერას. ნაცმოძრაობა არამარტო თავისი მოწინააღმდეგეებისა და ოპონენტების შესახებ აგროვებდა ინფორმაციებს, არამედ, პირველ ყოვლისა, იმაზე ზრუნავდა, რომ თავისი წევრების საქმიანობა გაეკონტროლებინა ბოლომდე და მათ შესახებ რაც შეიძლება მეტი კომპრომატი მოეპოვებინა.
ნაცმოძრაობა, ფაქტობრივად, უზარმაზარ ქსელს ფლობდა, რომლის მიზანიც იყო ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გაკეთება, მიყურადება, თვალთვალი, დასმენა, ჩაშვება, სექსაგენტების მიგზავნა.
ქსელის მუშაობაში ჩართული იყვნენ სასტუმროები, საუნები, ტაქსები, ქუჩის ბო*ები, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, ე.წ. ელიტური მეძავები.
ნაცმოძრაობა აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, მოპოვებულ მასალებს კი აუდიო და ვიდეოთეკებში „ასაწყობებდა“.
სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი 26 ათასი ფაილი მხოლოდ ნაწილია ნაცმოძრაობის საიდუმლო „კინოსტუდიაში“ შექმნილი კოლოსალური რაოდენობის პროდუქციისა.
როგორც ამბობენ, ნაციონალები ერთმანეთს საწოლ ოთახებშიც კი უმონტაჟებდნენ ვიდეოკამერებს, შემდეგ კი კოლექტიურად უყურებდნენ კადრებს, თუ როგორ ამყარებდა მათი კოლეგა სექსუალურ კავშირს საკუთარ ცოლთან.
მართალია, სააკაშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ახალგამოჩეკილ ლიდერებს შორის შიგადაშიგ ხდებოდა უსიამოვნო რეპლიკებისა და ეპითეტების დისტანციურად გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ საქმე სერიოზულ დაპირისპირებამდე არ მისულა.
დადიოდა ხმები, რომ „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ ფარულად მჭიდრო თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმით უნდა დაგვირგვინებულიყო, რომ „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით „ევროპული საქართველო“ უნდა ქცეულიყო მთავარ ოპოზიციურ ძალად და ოპოზიციურ ველზე ნაცმოძრაობის ჰეგემონური მდგომაროება ამით უნდა დასრულებულიყო.
ვინ-ვინ და ბოკერიამაც, უგულავამაც და ბაქრაძემაც შესანიშნავად იციან, რომ მათი ყოფილი უფროსი მათ შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობს და მათი მამხილებელი დოკუმენტები დასტა-დასტა აქვს დალაგებული და ტომებად აკინძული.
გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილს ადრეც რამდენჯერმე აქვს ბოკერიასთვის ყვითელი ბარათი ნაჩვენები. ჯერ იყო და მიშამ ბოკერია უღმერთობასა და ეშმაკის მოციქულობაში დაადანაშაულა – მე ტრადიციების მიმდევარი კაცი ვარ, ქრისტიანი, მართლმადიდებელი, აგერ, ჯვარი მკიდია კისერზე... ჰოდა, ბოკერიამ ბევრჯერ სცადა, ეს მართლმადიდებელი ადამიანი სწორი გზიდან გადავეცდინე, მაგრამ არაფერი გამოუვიდაო.
პორტირებული ნაცი ჩვეულებრივი ტროას „ცხენია“, საკუთარ სახლში ნებაყოფლობით შემოშვებული აგენტია, ჯაშუშია, რომელსაც ინფორმაციები მიაქვს თავისი ძველი პატრონებისთვის. ამას დაუმატეთ ე.წ. პლენში ჩარჩენილები, ანუ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგა ნაცმოძრაობამ და რომლებიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ „პლენში“ ჩარჩნენ და დღემდე იქ არიან.
კრიზისული სიტუაციის დროს ყველანი ესენი პირველსავე დაძახებაზე იქ გადაბარგდებიან, საიდანაც გადმობარგდნენ.
– ჩემი ბოკერია ჩემთან? – გასცა ბრძანება სააკაშვილმა და ბოკერიაც მყისვე მიცუნცულდა.
სხვებიც ასევე მიცუნცულდებიან, რადგან ისინი თავიანთი ცოდვების სამუდამოდ არიან მიჯაჭვულნი ნაცმოძრაობის დედაბოძთან. როგორც ვთქვით, როგორც არ არსებობს ყოფილი კაგებეშნიკი, ასევე არ არსებობს ყოფილი ნაციონალი. მოკლედ, ბიკინიან-ბოკერია ყველა მიშას ბოკერია!
ვახტანგ ხარჩილავა