საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი რეჟიმის მსხვერპლი იყო. აღნიშნულის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განუცხადა.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი მსხვერპლი იყო იმ რეჟიმის, რომელიც საქართველოს მართავდა. ის შეეწირა იმ საქმეს, რასაც იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა. თქვენ იცით, რომ სტრასბურგის სასამართლომ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ ის ნაწამები იყო",-განუცხადა ხადურმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 29 ივნისს, ის პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.