logo_geo
eng_logo
ბასილ მკალავიშვილი: მოლაშვილი ამბობდა, სააკაშვილი რასაც დამპირდა, ამისრულაო...
- +

5 ივლისი. 2016. 18:45


გლდანის ივერიის ყოვლდაწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი სულხან მოლაშვილის ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მოლაშვილს მიხეილ სააკაშვილი ციხეში ამოლპობით ემუქრებოდა.

 

„როდესაც 2004 წელს დამაპატიმრეს, ერთი თვის შემდეგ ჩემთან საკანში მოიყვანეს სულხან მოლაშვილი, სულ ერთი მეტრით იყო ჩვენს შორის დაშორება. მაშინვე ჩემთან მოვიდა და მაჩვენა ნაწამები ფეხები და ზურგი და მითხრა, სააკაშვილმა ის ამისრულა, რასაც დამპირდაო. ამბობდა, როდესაც კონტროლის პალატის თავმჯდომარე ვიყავი, სამჯერ შევამოწმე სააკაშვილი და დარღვევები აღმოვუჩინე, ის დამემუქრა, მე მალე პრეზიდენტი გავხდები და ციხეში გამოგალპობო.

 

ქალაქის მაშინდელი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი სისტემატურად მოდიოდა ხოლმე სულხანთან. მისი წასვლის შემდეგ სულხანი აცრემლებული შემოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, რომ მილიონებს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ. ვამშვიდებდი, სააკაშვილი დიდხანს არ იქნებოდა და არც ის არ იჯდებოდა დიდი ხნით ციხეში და მალე გაათავისუფლებდნენ.

 

გრიგალაშვილი კვლავ მოდიოდა მასთან. ერთ დღესაც, სულხანი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მეგობრების დახმარებით გარკვეულ თანხას შეაგროვებდა გრიგალაშვილისთვის მისაცემად, რადგან ეშინოდა შვილის დაკარგვის. მართლაც გადაიხადა რაღაც ნაწილი, ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს თანხა სააკაშვილს ეცოტავა და წავკისის „დაჩის" გადაცემაც მოითხოვა.

 

მეორე დღეს შედგა სასამართლო. მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა სულხან მოლაშვილი და იგი ისევ საპყრობილეში დატოვეს.

 

ციხის ექიმები სულხან მოლაშვილს გამუდმებით აძლევდნენ ისეთ წამლებს, რომ იგი მდგომარეობიდან გამოეყვანათ, უკეთებდნენ ნემსებს და როგორც გავიგე, ნარკოტიკული ნივთიერებაც შეჰყავდათ ამ ნემსების საშუალებით. შემდეგ გადაიყვანეს მე-7 საპყრობილეში და როცა უკან დააბრუნეს, 2 თუ სამი თვის შემდეგ, მე უკვე ვეღარ ვიცანი სულხანი. 140 კილოგრამიდან 70-ზე იყო ჩამოსული მე-7 საპყრობილეში წამების შემდეგ", - ამბობს ბასილ მკალავიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner