logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: მეტი წიგნი ცხოვრებაში არ მომიპარავს...
- +

7 იანვარი. 2021. 19:33

 

 

წიგნი ჩემი მონარქია!

 

ამ სათაურით ვიწყებ მოგონების წერას ჩემი ცხოვრების იმ ნაწილისა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს წიგნთან. ვფიქრობ, რომ დღემდე არცერთ ქართველ ბიბლიოფილს არ დაუტოვებია მოგონებები ამ მიმართულებით. არადა რამდენი ქართველი ბიბლიოფილის მოგონება იქნებოდა საინტერესო, არის პატარა ჩანაწერები ლეგენდარული ბიბლიოფილების იოსებ გრიშაშვილის, პაატა გუგუშვილის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასეთი ლამაზი ჩანაწერების ავტორებმა არ დაწერეს მეტი. მე მათ ვერ შევედრები, მაგრამ გადავწყვიტე, დარჩეს ჩემი მოგონებები „ფეისბუკის“ ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრებისათვის, მოგონებები იმ მეგობრებთან ჩემს ურთიერთობებზე, რომლებიც მე ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემს თავზეც კი- წიგნებზე.

 

 

მაშ ასე: მოგონებებს ვიწყებ იმ ყველაზე ძველი მოგონებით, რაც მახსოვს, რომ  წიგნის ფასი ვიცოდი. ეს არის ჩემი საბავშვო ბაღის დამთავრების საზეიმო საღამო. 1976 წელი. 5 წლის ვარ. ამ დღეს ყველა ბავშვი ჩემი ჯგუფიდან დაგვაჯილდოვეს დიდი ფორმატის წიგნით სათაურით"გუსი ლებედი". ერთ ბავშვზე დააკლდათ, მასწავლებელმა ჩაიდინა ჩემთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელი  ქმედება: ჩემს ბაღის მეგობარს თათარ რაშიდას გამოართვა უკვე მასზე გადაცემული წიგნი და მისცა ერთი ცნობილი ოჯახის ბავშვს. რაშიდა ატირდა, მე მაშინვე ჩემი გავუწოდე მას. გადამეხვია. რაშიდა ჩემთვის საუკეთესო მეგობარი იყო. ის ტილების გენერატორი იყო და არაერთხელ მომიტანია  ჩემი დისათვის ეს პატარა მწერები. ჩემს თავში არ იბუდებდა. ანის კი საუკეთესო საბუდარი ჰქონდა ტილებისა თავზე, რისთვისაც გადახოტრავდნენ ხოლმე. ეხლაც მახსოვს რაშიდას ოქროსკბილებიანი დედა, საბავშვო ბაღის ეზოში მიწაზე მჯდომი როგორ ეფერებოდა რაშიდას და უხილავდა თავს ყურებზე  ოქროს ბურთულებიანი საყურეებით. 

 

 

იმ საზეიმო დღის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღის პირველ სართულზე მდგარ ბავშვების კარადასთან რომ მიმიყვანა დედამ და ჩემი ნივთები აიღო ჩემი პირადი სპეციალური უჯრიდან, გვერდით უჯრაში ჩემი ჯგუფელი ტყუპისცალი ბიჭის " გუსი ლებედი" დავინახე, ავიღე და წამოვიღე. მთელი გზა მეშინოდა, დედას არ გაეგო. სახლში მოსულმა ეს წიგნი დავმალე ტახტის ქვეშ. საშინლად განვიცდიდი შემდგომ. 1984 წელს რემონტი გააკეთა ბებიაჩემმა და ტახტი რომ გამოწიეს, ეს წიგნი დავინახე. მაშინაც ვიგრძენი, რომ რაღაც სინდისის ქეჯნა მქონდა. დღეს სოფელში უნდა იყოს კარადაში. მახსოვს, სიზმარში მეჩხუბა დედა, რატომ ქენი ესო, მეც თავი ვიმართლე, ძმას ხომ ჰქონდა, რაშიდას მივეცი ჩემი, ეს კი მე მეკუთვნოდაო. მეტი წიგნი ცხოვრებაში არ მომიპარავს. ეს არის ჩემი პირველი განცდა წიგნზე. 5 წლის ვიყავი მაშინ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner