logo_geo
eng_logo
3 მარტს ეროსი მანჯგალაძის დაბადების დღეა
- +

3 მარტი. 2016. 15:47



დღეს ეროსი მანჯგალაძის დაბადების დღეა. ამ დიდ კაცს 91 წელი შეუსრულდებოდა. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას სახალხო, ერთ-ერთი და განუმეორებელი, ეს სწორედ ბატონ ეროსის ეკუთვნის დაუმადლებლად.


ქართველ ხალხს ეროსი მანჯგალაძე ძალიან უყვარდა და დღემდე ისე იგონებს, როგორც ცოცხალს, აღნაგობით გოლიათს სულიც ბუმბერაზის ჰქონდა. არ გვეგულება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც, თუნდაც უნებურად წამოსცდენოდეს მასზე აუგი... ძნელია ბატონი ეროსი ახსენო და სიკეთით არ აღივსო. მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრ ტკივილთან მოუწია შებრძოლება, მაგრამ ამით არავინ შეუწუხებია. ყოველთვის ცდილობდა ყველას დახმარებოდა, ცხოვრებაში მორცხვი და მორიდებული, სხვისი პრობლემების მოსაგვარებლად არავის შეწუხებას არ ერიდებოდა. რომ იტყვიან, „გაჭირვების ტალკვესიო", სწორედ ბატონ ეროსის შეეფერებოდა.


რაც შეეხება მის მოღვაწეობას, იგი ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი იყო, გამორჩეული აქტიორული ოსტატობით, გარდასახვის ნიჭით და მასშტაბურობით, უშუალობით, ლამაზი და ძლიერი ხმის ტემბრით, მუსიკალობით. საკმარისია, გავიხსენოთ ზიმზიმოვი (სუნდუკიანის „პეპო"), ლოპესი (ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი"), გვადი (ქიაჩელის „გვადი ბიგვა"), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), თავადი ვანო ფანტიაშვილი (ცაგარელის „ხანუმა"), აზდაკი (ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე") და ბევრი სხვა დასამახსოვრებელი სახე, რაც მან ათეულობით შექმნა რუსთაველის თეატრის სცენაზე თუ კინოში, 25 ეკრანული სახე, მათ შორის: ბუნბულა („ნატვრის ხე"), სევერიანი („თოჯინები იცინიან"), კაკუტა („ყვარყვარე") გვანჯი აფაქიძე („მთვარის მოტაცება"), მღვდელი („ლონდრე") და ა.შ. დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რედიო თეატრის (რომელიც დღეს მის სახელს ატარებს) განვითარებაში, მისი სახელობისაა დრამატულ გადაცემათა სტუდია. როგორც სპორტული კომენტატორი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დაუვიწყარია მისი საფეხბურთო რეპორტაჟები და განსაკუთრებით 1964 წელს თბილისის „დინამოს" ერთ-ერთი დიდი გამარჯვების რადიორეპორტაჟი ტაშკენტიდან. ბევრი შეიძლება ითქვას ამ დიდებულ მსახიობსა და პიროვნებაზე...


 ახლა გვინდა შემოთგავაზოთ ორი ჩანაწერი: ერთი ეროვნული არქივის - ეროსი მანჯგალაძე აზდაკი - კავკასიური ცარცის წრე, ხოლო მეორე ჟურნალისტ ვახტანგ კობაიძის პირადი არქივიდან: რადიოდადგმა „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი", გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაღებული, ეს გახლდათ ბატონი ეროსის ბოლო როლი.


 

 

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner