logo_geo
eng_logo
ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
- +

8 იანვარი. 2021. 10:53

 

 

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 12:30 საათზე იმსჯელებს.

 

როგორც ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.

 

სასამართლო პროცესი დისტანციური ფორმატით გაიმართება. პროცესს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი გაუძღვება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მიშა ახლოურს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/samartali/180594/dzmis-mkvlelobashi-braldebuli-giorgi-akhlouristvis-agkvetis-gonisdziebaze-sasamartlo-dges-imsjelebs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner