ავტორი სოფო ხუგოიანი
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც ამბობს, რომ პოლიტიკურმა კონფლიქტმა კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო და პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.
ამ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე ესაუბრა. მისი თქმით კოალიციაში არსებული კონფლიქტის გამო უხერხულობას პირველ რიგში უშუალოდ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს", „ქართული ოცნების" ფრაქციის წევრები განიცდიან. მისივე თქმით კოალიციაში ყოფნა და ერთობა როგორც 2012 წლამდე იყო საჭირო, ასევე საჭიროა ახლაც.
„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ჩანს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და აქვს ძალიან პრინციპული მიდგომა პრობლემისადმი. ვფიქრობ ეს სწორი და დროული განცხადებაა, რომელიც მიმართულია არა კონფლიქტის გაღრმავებისკენ, არამედ ამას ახლავს სულისკვეთება, რომ არსებული დაპირისპირება დასრულდეს. პირადი მოტივები ყველამ უკან უნდა გადადოს, არ უნდა გადაიტანოს ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, არ გააღრმავოს და ისე უნდა მოიქცეს, რომ ქვეყანას და სახელმწიფოს არგოს, იქნება ეს დეპუტატი, თუ მინისტრი. ეს მოწოდება მიმართულია კონფლიქტის ამოწურვისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებისკენ. კოალიცია უნდა იყოს მყარი, ხოლო ჩვენი ნებისმიერი განცხადება საქმეზე ორიენტირებული. თუ მხარეებს შორის რამე პრობლემა არსებობს, ეს კოალიციის შიგნით უნდა იყოს განხილული და არა საჯარო დისკუსიებში. გიორგი კვირიკაშვილმა ძალიან ცხადად და ნათლად დააფიქსირა პოზიცია, აქ პრობლემას წერტილი უნდა დაესვას. ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენს ხალხს სჭირდება ყოველდღიური გადაწყვეტილებები და არა ასეთი დაპირისპირებების ყურება და მოსმენა, რაც კოალიციაშია.
ეს არის ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერის განცხადება, რომელსაც როგორც კოალიციის ცალკეული სუბიექტები, დეპუტატები, მინისტრები, თუ პოლიტიკური გუნდის წევრები, უნდა იზიარებდნენ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პრემიერის განცხადებას, ქვეყანა სხვანაირად არ იმართება. ეს მეხება მეც და ყველა სხვა დეპუტატსაც. კონფლიქტი, რომელიც ძალიან გვაზარალებს, უნდა დასრულდეს.
ამ ყველაფრის გამო უხერხულობას პირველ რიგში უშუალოდ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს", „ქართული ოცნების" ფრაქციის წევრები განვიცდიდით. კოალიციაში ყოფნა და ერთობა როგორც 2012 წლამდე იყო საჭირო, ასევე საჭიროა ახლაც, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ ქვეყნის და საზოგადოების პრობლემებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და უკვე არსებული დაპირისპირება არ უნდა გავაღრმავოთ. კოალიციის დაშლა გადაწყვეტილებების მიღებას ხელს კი არ შეუშლის, არამედ პირიქით, შემოიტანს ქაოსს და მეტ დაპირისპირებას, რაც ქვეყანას დააზარალებს. თავიდან ბოლომე ვიზიარებ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადება იხილეთ ლინკზე
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1402