ავტორი დინა მირცხულავა
ეზოში მოთამაშე ათობით ბავშვში გამომარჩია ერთხელ და ყელსაბამი მაჩუქა.
შესაკრავი ჰქონდა გაფუჭებული, ამას მამა გაგიკეთებსო, - დამარიგა.
სოხუმის თეატრის მსახიობი იყო. ომის შემდეგ სცენას დაემშვიდობა და ჩვენს მეზობლად პატარა ოთახში დასახლდა.
ლელა ერქვა. ცისფერი კაბით მახსოვს სულ. სხვასაც იცვამდა, მაგრამ მე სხვა ფერი წავშალე გონებიდან, იმიტომ რომ ცისფერი უხდებოდა ყველაზე მეტად.
არა, არავის არ ამეტებდა თავს, მაგრამ თვითონ ადამიანები გაურბოდნენ, მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდნენ ლელასთან.
რიდი ჰქონდათ ამ ქალის - ამოუხსნელი რიდი.
მის მრუმე ოთახს ფოტოები ანათებდა.
სცენიდან და პლაჟიდან ლელა უფრო ლამაზი იყო, ვიდრე იმ ცისფერ კაბაში.
მაგიდაზე დიდი ნიჟარა იდო, ყურზე ვიდებდი, ისე, როგორც ლელამ მასწავლა და ზღვის ხმას ვუსმენდი.
ლელას ოთახი იყო არნახული სოხუმი.
ზღვის სუნი იდგა ლელასთან.
ოჯახიდან, შეიძლება ითქვას უბნიდანაც კი, მე ერთადერთი ვიყავი ლელას მეგობარი. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ვუგებდით ერთმანეთს.
პირველად რომ შემიყვარდა, ლელასთან მივქანდი.
- რასაც გრძნობ, დაწერეო, - მითხრა.
- წერა არ ვიცი.
გავიზარდე. ოცი წელი ელოდა ლელა სოხუმის თეატრში დაბრუნებას.
ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა და აფთიაქიდან წამლის მოტანას ვერ ავუდიოდი.
ერთ დღესაც დაწვა და აღარ ადგა ლოგინიდან.
მთელი კვირა ვაკითხავდი, მთელი კვირა არ მომიხსნია მისი ყელსაბამი ყელიდან.
სიცოცხლის ბოლო ღამეს მასთან დავრჩი, ვიცოდი, რომ გათენებით კი გაათენებდა, მაგრამ ვეღარ დააღამებდა.
ჩურჩულებდა. მთელი ღამე ჩურჩულში გაატარა.
ძილი გავითამაშე.
დამიძახა.
- „ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან“, ეს ლექსი იცი?!
- კი, შოთასია.
- ჩემი მეგობარი იყო შოთა. მე ბევრი მეგობარი მყავდა.
- ლელ, შენ ახლაც გყავს მეგობრები, უბრალოდ, ჩვენ არავის ვუთხარით შენზე, ასე შენ გინდოდა და იმიტომ...
- მეგობრები ომში დარჩა... ომი პირველად იმას გართმევს , რაც ძალიან გიყვარს, ომის ღმერთს გული არ აქვს...
- ლელ, იქნებ რამე გინდა?! იქნებ რამე შემიძლია.
- კი, მინდა... მინდა აპრილში მოვკვდე, უამრავი გვირილაა ამ დროს, მინდვრის პატარა გვირილები, ყვითელი გული რომ აქვს, ხომ იცი?!
თავი დავხარე, თვალებში ვეღარ ვუყურებდი და ვლოცულობდი, რომ ლელას არც ერთი სიტყვა აღარ ეთქვა.
დეკემბრის სუსხიან დღეს მოკვდა, ცისფერი კაბა ჩავაცვით... მთელი ქალაქი შემოვიარე გვირილების საყიდლად და ჰოლანდიურებს წავაწყდი, ოცდაათი პატარა გვირილა გამოიჭრებოდა ერთისგან, ლელას რომ უნდოდა, ისეთი.
ჰოლანდიურ გვირილებს მწვანე გული ჰქონდა ყვითელის ნაცვლად, მაგრამ მაინც გვირილა ხომ იყო და გამიგებდა ლელა..