logo_geo
eng_logo
ჯვარის მამა, ჯოჯოს საყდარი, ხუდადოვის ტყე – ცნობილი სახელწოდებების ისტორია
- +

10 იანვარი. 2021. 01:20

 

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და  მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, ჯვარის მამაზე, ჯოჯოს საყდარსა და ხუდადოვის ტყეზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.

 

ჯვარის მამა – გუმბათიანი ეკლესია დგას რიჟინაშვილისა (ბააზოვის) და ლესელიძის (აფხაზის) ქუჩების გადაკვეთასთან. ეკლესია იერუსალიმის მონასტრების მონაზონთათვის აშენდა V საუკუნეში, რომელთა რიცხვში წმინდა ჯვარის მონასტერიც იყო (აქედან უნდა მოდიოდეს სახელწოდება). ეს ეკლესია დანგრეულ იქნა მონგოლების მიერ და მის ადგილზე XVI საუკუნეში ახალი ტაძარი ააგეს. ეკლესია კვლავ დაინგრა სპარსელების შემოსევისას 1795 წელს და მხოლოდ 1825 წელს იქნა აღდგენილი. ფასადების მოკრძალებულ სამკაულს აგურში გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებები შეადგენს.

 

ჯოჯოს საყდარი – ძველად ასე უწოდებდნენ თბილისელები მეტეხის კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბულს. პლატონ იოსელიანის ცნობით, გამოქვაბული VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის საქადაგოდ მოსული 13 სირიელ მამათაგან ერთ-ერთის – ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული დავითის დროებითი ადგილსამყოფელი ყოფილა. აქედან გადასახლებულა იგი გარეჯის უბანში, სადაც მონასტერი დააარსა. მამა დავითის გარდაცვალების შემდეგ მის მოწაფეს, დოდოს გამოქვაბულში სამლოცველო – საჟამნო მოუწყვია. შემდგომში თითქოს „დოდოს საყდარი“ დამახინჯებულა და „ჯოჯოს საყდრად“ ქცეულა. პლ. იოსელიანისვე მოწმობით, მისი ახალგაზრდობის ხანაში აღდგომა დღეს აქ ჯერ კიდევ დადიოდნენ მლოცველები.

 

ხუდადოვის ტყე – ამ სახელწოდებით მოაღწია დღემდე მტკვრის მარცხენა ნაპირის ფერდობზე გაშენებულმა მწვანე მასივმა. 1893 წელს ქალაქის სათათბიროს წევრის, ექიმ ნიკო ხუდადოვის ინიციატივით, სახაზინო მიწაზე, ნაძალადევის საზღვარზე, ტყის გაშენება დაიწყეს. თბილისელებმა ტყეს იმთავითვე ხუდადოვის სახელი შეარქვეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner