მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც ნდობის ჯგუფის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
ნდობის ჯგუფში ორი ადგილი საპარლამენტო ოპოზიციასაც ეკუთვნის, თუმცა მოცემულ ეტაპზე ისინი ამ შესაძლებლობას არ იყენებენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ეს ნდობის ჯგუფის საქმიანობას ვერ შეაფერხებს.
„ნდობის ჯგუფი არის საქართველოს პარლამენტში შექმნილი ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების საიდუმლო საქმიანობაზე და სპეციალურ პროგრამებზე, ასევე ამ მიმართულებების ფინანსურ ასპექტებზე. ნდობის ჯგუფის საქმიანობა არის მნიშვნელოვანი შესაბამისი უწყებების ანგარიშვალდებულებისა და მათი საპარლამენტო კონტროლისთვის.
ჩვენ პირველ შეხვედრაზე შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, სადაც აღნიშნული მიმართულებებით გავწევთ კონკრეტულ აქტივობებს. ეს ეხება საზედამხედველო აქტივობებს, როგორიც არის მათ შორის შესაბამისი უწყებების წლიურ იანგარიშების თემატური მოსმენა სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საზედამხედველო ვიზიტების განხორციელება და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესაბამისი უწყებებიდან.
ნდობის ჯგუფში ორი ადგილი საპარლამენტო ოპოზიციასაც ეკუთვნის. მოცემულ ეტაპზე ისინი ამ შესაძლებლობას არ იყენებენ, თუმცა ეს ნდობის ჯგუფის საქმიანობას ვერ შეაფერხებს'', - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.