ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში ცნობილი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების შესახებ წერს:
„დიდი წასვლა
წავიდა კაცი. დიდი კაცი. საქართველოსხელა.
გარდა იმისა, რომ თავის საქმეში, თავის უშუალო პროფესიაში ძალიან მაგარი იყო, ღმერთმა სხვაფრივაც გამოარჩია, კიდევ სხვა მისია და პატივი არგუნა: გამხდარიყო მაცნე მთელი მსოფლიოსათვის, რომ დაიბადა ახალი, თავისუფალი საქართველო, ხუნდებაყრილი ქვეყანა საკუთარი დროშითა და ჰიმნით, თავიდან ფეხადგმული და ხელახლა ენაამოდგმული ქართული სახელმწიფო.
დადგა ქართველი, იმერელი კაცი გამარჯვების კვარცხლბეკზე, დაიდო გულზე მარჯვენა ხელი და მის სახელზე, მის პატივსაცემად ზეაიწია საქართველოს დროშა, დაიღვარა ქართული ჰიმნის ჰანგები მიგელ დე სერვანტესის ქვეყანაში, ანტონიო გაუდის მიერ უკვდავყოფილ ქალაქში, იქ საცა არის ლაგრადა ფამილია და ასევე არის ლიონელ ანდრეს მესი.
მაშინ იმ კაცმა სიხარულის ცრემლით აატირა მთელი საქართველო, ახლა კი აატირა სიმძიმილის ცრემლით, იმიტომ რომ წავიდა. იმიტომ, რომ იყო და აღარ არის.
მისი სახელია დავით ხახალეიშვილი. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადის ჩემპიონი. პირველი ქართველი ძიუდოისტი, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიადა მოიგო და პირველი ქართველი სპორტსმენი, ვინც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ააფრიალა.
მშვიდობით, ჩემპიონო!
შენი ხსოვნა უკვდავი იქნება, ვით საქართველო!“ - წერს ჯაბა ხუბუა.