logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: სრულად ვენდობი ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს!
- +

27 თებერვალი. 2016. 15:59

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი „რეპორტიორთან" ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროგნოზებს აკეთებს:

 

- ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე რას ფიქრობთ, რა მოტივი შეიძლება იკვეთებოდეს და ელოდებით თუ არა საქმის დროულად გამოძიებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან?


- ეს არის დანაშაული. დანაშაული კი უნდა იქნას გამოძიებული. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მოტივზე რომ საუბრობენ, მგონია, რომ არაეთიკურია და უაზრობაა. მიმდინარეობს გამოძიება, გამოიძიებენ და დაადგენენ.

 

- ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა რამდენიმე კვირაა გრძელდება. თქვენი აზრით, რა ვითარებაა ტყიბულში და რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ პროცესებში?


- ამ ადამიანების მოთხოვნების დიდი ნაწილი არათუ სამართლიანია, არამედ აქამდეც რომ ასეთი ვითარებაა შრომის პირობების, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის თვალსაზრისით, ყოვლად მიუღებელია. არ შეიძლება, ეს ყველაფერი მხოლოდ ცალკეულ მეწარმეებს მივანდოთ და მხოლოდ დამსაქმებელ-დასაქმებულს შორის ურთიერთობის ჭრილში განვიხილოთ. ეს არის სფერო, რომელიც უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოს მიერ. ჩვენ გვაქვს ასეთი ინსტიტუტები შექმნილი. საკანონმდებლო დონეზე შევქმენით ახალი კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება. თუმცა, მთელი რიგი მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ეს შემთხვევაც აშკარად გვეუბნება, რომ აუცილებელია შრომითი პირობების ინსპექტირების, მონიტორინგისა და შესაბამისი სანქციების ქმედითი და ეფექტური ინსტიტუტის ამოქმედება. ახლა კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე. ეს ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს, რადგან ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ერთი შეხედვითაც კი ყოვლად აღმაშფოთებელია.


რაც შეეხება ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა. აქ სახელმწიფოს როლი შესაძლოა იყოს მედიაციის თვალსაზრისით.


- პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნების გამოძიება დაიწყო. როგორ აფასებთ ამ ფაქტს? არსებობს თუ არა რეალურად კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით?


- გამოძიება დაადგენს ყველაფერს. რამდენადაც მე ვიცი, იყო მთელი რიგი მიმართვა სასამართლოსადმი. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები. თუ იქ კიდევ რამე დარჩა, გამოძიება ამას დაადგენს. სრულად ვენდობი ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამ საქმეში.


- თუ არის ცნობილი, რა კონფიგურაციით წარსდგება კოალიცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?


- ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს არჩევნებამდე 43 დღით ადრე. კოალიციის საკითხი კი არა, საარჩევნო ბლოკის საკითხი უნდა გადაწყდეს. დღეს ეს არის კოალიცია. არჩევნების დროს კოალიციები არ არსებობს. კოალიციები არსებობს არჩევნების შემდეგ. არჩევნების დროს არსებობს ბლოკები. როგორი იქნება ამ ბლოკის შემადგენლობა, არ ვიცი. არავის ვურჩევ მარჩიელობას. მგონია, რომ 2-3 თვის განმავლობაში ეს ყველაფერი გახდება ნათელი. საარჩევნო პროცესი პრაქტიკულად დაწყებულია და ამის გათვალისწინებით გამოიკვეთება კონფიგურაცია. არ ველი, რომ დრამატული ცვლილებები იქნება.

 

- შესაძლოა თუ არა, რომ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გოგი თოფაძის კოალიციიდან გარიცხვის საკითხი დადგეს?


- ამის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა. კოალიცია გარკვეული წესით არის შექმნილი და მის ერთობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ამდენად, მხოლოდ ერთი შეხებით და ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაწყვეტა არ მოხდება. ბევრი ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული და ამის შემდეგ ზოგადად კოალიციაში ურთიერთობების საკითხი, განხილვის საგნად უახლოეს მომავალში გახდება. ამას დიდი ხანი არ დასჭირდება.

 

- თქვენ რა ფორმით აპირებთ მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?


- მე, როგორც „სოციალ-დემოკრატების" ხელმძღვანელმა შემიძლია გითხრათ ერთი რამ. ჩვენი განწყობაა, რომ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა „ქართულ ოცნებასთან" ერთად, რადგან მასაც აქვს სოციალ-დემოკრატიული პლატფორმა. ჩვენ გვაქვს მემორანდუმი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ პროგრამის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ქვეყნის განვითარების გეგმის შექმნის თვალსაზრისით და მათ შორის არჩევნებში ერთად მონაწილეობის თვალსაზრისით. დანარჩენი რა მოხდება, სხვა პარტიების გადასაწყვეტია. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner