logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველო დღეს ყველაზე ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა
- +

12 იანვარი. 2021. 02:34

 

„ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტია გააერთიანა და ამ ერთიანობით, იცით, ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვინც რეალურად შეძლო ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, კონსოლიდაცია ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გაერთიანდა ივანიშვილის გარშემო. კალაძემ აღნიშნა, რომ იყო წლები, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია „ნაცმოძრაობას“ ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ მათი ბრძოლა უშედეგოდ სრულდებოდა.

 

„ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტია გააერთიანა და ამ ერთიანობით, იცით, ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“. 2012 წელს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც იყო, იგი ამას ყოველთვის იმეორებდა, ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, თუ როგორი ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა 2012 წლის საარჩევნო კამპანია.

 

„როგორი ზეწოლა, ტერორი იყო ჩვენი მხარდამჭერებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. როგორი შიში იყო, ზეწოლა, ბულინგი მიდიოდა. მინდა გავიხსენო, პირადად საკუთარ თავზე ვიტყვი, ყველაფერი დაყადაღებული მქონდა, რაც კი გამაჩნდა. ეს ყველაფერი იმისკენ იყო მიმართული, რომ შევეშინებიე, ზეწოლა მოეხდინათ ჩემზე. იგივე ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. გახსოვთ, 80 მლნ ლარით რომ დააჯარიმეს, ყველაფერი დაუყადაღეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ღირებულება რაც გვქონდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ეს ძალიან კარგად ვიცოდით, თუ რას ვაკეთებდით, სად მივდიოდით და რა გვინდოდა, მიგვეღო ამ ყველაფრისგან“, - განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, იგი ამაყია, რომ ამ ბრძოლის თანამონაწილეა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კალაძის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

 

„მეამაყება, რომ მისი გუნდის წევრი ვიყავი. ის პასუხისმგებლობა, რომელიც მან ქართველი ხალხის წინაშე აიღო, პირადად მე, ჩემი თანაგუნდელები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაწყებული ბოლომდე მივიყვანოთ. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები. არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ დღეს ყველაფერი კარგადაა - არ არსებობს პრობლემები. რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა და გამოწვევაა, მაგრამ იმის მჯერა, რომ პარტია „ქართული ოცნებაა“ ზუსტად ის გუნდი, რომელსაც არსებული პრობლემები, საზოგადოების გაჭირვება კარგად ესმის“, - აღნიშნა კალაძემ.

 

პარტიის გენერალურმა მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობდა.

 

„საქართველო დღეს ყველაზე ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა და გატარებული რეფორმები ძალიან სასიხარულოა. რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი მომავალი თაობებისთვის კეთდება. მთავარი ამბიცია, მიზანი ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ძალიან მეამაყება, რომ დღეს ქართული პასპორტით თავისუფლადაა შესაძლებელი ვიზის გარეშე ევროპის ქვეყნებში გადაადგილება. ამის უკან უამრავი შრომაა და ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, რომელიც ჩართული იყო მათ განხორციელებაში. ეს რეფორმები არ შეჩერდება. გაგრძელდება, უფრო მეტი ძალისხმევა იქნება, რათა ამ გამოწვევებს სწრაფად და ღირსეულად ვუპასუხოთ“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner