ავტორი მარიამ პაიჭაძე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, რომ სულხან მოლაშვილი იყო სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი. აქვე დასძინა, რომ 2011 წელს ევროსასამართლოში წინა ხელისუფლებამ აღიარა მოლაშვილის მიმართ რამდენიმე პუნქტის დარღვევა.
„სულხან მოლაშვილი ნამდვილად იყო სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი. ძალიან საინტერესო რამ გამოაქვეყნა დღეს სოსო ბარათაშვილმა, რაც ნამდვილად არ ვიცოდი. თურმე, 2011 წელს ევროსასამართლოში სააკაშვილის ხელისუფლებას უღიარებია, რომ მათ დაარღვიეს მოლაშვილის უფლებები რამდენიმე პუნქტში, კერძოდ, რომ ის იყო ნაწამები, ეს აღიარა საქართველოს ხელისუფლებამ და რომ მის მიმართ დაირღვა მე-14 პუნქტი, ანუ მოლაშვილი იყო პოლიტიკური დევნილი, ესეც უღიარებია წინა ხელისუფლებას. საოცარია, რომ დღეს ამავე პარტიის წარმომადგენლები გამოდიან და უარყოფენ იმას, რაც დადასტურებულია ევროსასამართლოს მიერ და რაც თვითონვე აღიარეს, როგორც მოპასუხე მხარემ.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დარწმუნებული ვარ, ყველა აგებს პასუხს, ვინც აწამა სულხან მოლაშვილი, ვინც წამება დაფარა, ვინც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ვინც მისი პოლიტიკური უფლებები დაარღვია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.