„არაერთხელ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ იმის შესახებ, რომ თავის ქონებას ქველმოქმედებას მოახმარდა, მაგრამ ამას ყოველთვის არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა. პირველად ამის შესახებ მან ილაპარაკა 2012 წლის ზაფხულში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც სვანეთში ვიმყოფებოდით“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„მაშინ პირველად ილაპარაკა ივანიშვილმა იმაზე, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და მაშინ მან თქვა, რომ მთელ ქონებას დაუტოვებდა საქართველოს და საამისოდ კონკრეტული გეგმა ჰქონდა. მაშინ მან თქვა, რომ ფული მოსახლეობისთვის რომ დაერიგებინა, თითოეულ ოჯახს 500-550 დოლარი შეხვდებოდა, რაც ხალხს დიდ შვებას არ მოუტანდა, ამიტომ სხვანაირად მოვიქცევიო. მას შემდეგ გადადგმული მისი ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა ამ მიზანს. ყველა პროექტი, რომელსაც ის აკეთებს, ქვეყნის ეკონომიკისთვის საფუძვლის ჩაყრა, კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა, და ფინალური ნაბიჯი - ქონების გადაცემა. ერთი ადამიანისთვის სრულიად საკმარისი არის თუნდაც ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტი. ერთი ადამიანისთვის საკმარისზე გაცილებით მეტია ივანიშვილის მიერ გადარჩენილი კულტურის ძეგლები, ფრესკები და სხვა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ სამების ტაძარი ძალიან დიდი და ღირებული პროექტია, მაგრამ პირადად მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი გადარჩენილი ფრესკა სადღაც, რომელიმე სოფლის ეკლესიაში“, - განაცხადა სუბარმა.