„ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლება და ფული მიზანი არასდროს ყოფილა, ერთსაც და მეორესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყენებდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ბიძინა იანიშვილი პოლიტიკაში გამარჯვებით მოვიდა და ასევე გამარჯვებული წავიდა.
„ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ქართულ პოლიტიკაში გამარჯვებით შემოვიდა და ასევე არჩევნებში გამარჯვებული წავიდა პარტიის თავმჯდომარეობიდან. პოლიტიკაში შემოსვლის და პოლიტიკიდან გასვლის ეს ორი მომენტი არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკოსისთვის. მან დიდი დემოკრატიული რეფორმების გატარება შეძლო, მათ შორის უმთავრესი რაც იყო ამ რვა წლის განმავლობაში, ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ქვეყანა შედგა შეუქცევადი განვითარების გზაზე, რაც საბოლოო ჯამში დადასტურდა იმ ახალი ევროპული სტანდარტის კონსტიტუციით, რომელმაც განაპირობა პარლამენტის მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, ამ მრავალპარტიულად არჩეულ პარლამენტში ოპოზიცია ჯერ არ შემოდის.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძალიან მასშტაბურ ქველმოქმედების აქტს, რომელიც გუშინდელი ინტერვიუთი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება ქველმოქმედებას ეწევა. ბიზნესში პირველივე ნაბიჯებიდან მოყოლებული მან და მისმა ოჯახმა მიჰყო ხელი ქველმოქმედებას. ამ ეტაპამდე მას სამი მილიარდი უკვე დახარჯული ჰქონდა საქართველოში ქველმოქმედებაში. დამატებით 30 დეკემბერს დაიწყო მილიარდ-ნახევრიანი ქონების აქტივების ეტაპობრივად გადაცემა „ფონდი ქართუსთვის“. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არც ძალაუფლება და არც ფული მიზანი არასდროს ყოფილა. ის ერთსაც და მეორესაც იყენებდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავითულიანმა.
კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ მას ოფშორებში დიდი ქონება აქვს რეგისტრირებული, დავითულიანმა უპასუხა, რომ სასაცილოა ეს განცხადებები.
„ცოტა სასაცილოა სხვის ქონების თვლა. თითქოს სხვამ უკეთ იცის, რამდენი ქონება აქვს ადამიანს. მან თქვა ძალიან კონკრეტულად, საბოლოო ჯამში ის საკუთარი აქტივების 95%-ს დახარჯავს ქველმოქმედებაში. მას ეს ადრეც უთქვამს და ახალა ეს პროცესი უკვე დაიწყო არსებითად სხვა მასშტაბებში. ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში გავაკეთოთ, მადლობა გადავუხადოთ და დაველოდოთ, რომ ისარგებლოს ამ ქვეყანამ იმ სიკეთეებით“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ „ფონდი ქართუს“ ხელმძღვანელობა ივანიშვილის ნათესავია, რაც მათივე თქმით, საშუალებას აძლევს მას, ქონება კვლავ სურვილისამებრ განკარგოს.
„საქართველოში საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას კანონმდებლობა არეგულირებს. კანონმდებლობის მიხედვით, ფონდისთვის გადაცემული ქონება, ვინც არ უნდა იყოს მის მენეჯმენტში, შესაძლებელია განიკარგოს მხოლოდ ფონდის საწესდებო მიზნების თანახმად. სხვაგვარად ვერ განიკარგება. მეტიც, თუ ფონდი გადაწყვეტს, რომ მოახდინოს ლიკვიდაცია და თავის საქმიანობა შეწყვიტოს, ეს ქონება მთლიანად სახელმწიფოს რჩება. შესაბამისად, ოპონენტები ტყუიან ან უბრალოდ ინფორმირებულები არ არიან“, – განაცხადა დავითულიანმა.
მისივე თქმით, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა უზრუნველყოფს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკურ ველზე კონკურენცია გაიზარდოს.
„უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკაში მისი როლი იყო დომინანტური. ეს ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“ სასტარტო პირობებში უპირატეს მდგომარეობაში ამყოფებდა. ქართული დემოკრატიისთვის მისი წასვლა გრძელვადიან პერსპექტივაში კი კონკურენციის გაძლიერების და პროცესების კიდევ უფრო გაჯანსაღების საწინდარია, მით უმეტეს დღეს აღარ არსებობს საფრთხე, რომ სიტუაცია შემოტრიალდეს ავტოკრატიისკენ ან არადემოკრატიული გარემოსკენ.
მისი ავტორიტეტის გარეშე დარჩენილ გუნდსაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მეტი აქტიურობა მოუწევს, რათა ხალხის ნდობა გაამყაროს. ძალიან რთული იქნება ჩვენთვის და ვერ გეტყვით, რომ კომფორტულია, თუმცა კომფორტის ზონიდან ყველა გამოვალთ და აუცილებლად შევძლებთ, ქვეყანას გავუკეთოთ ის საქმე, რასაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა“, – განაცხადა დავითულიანმა.